ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, სათბობი მასალების არარსებობა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ყველაზე მეტად აწუხებს. პრობლემების მოგვარება, ათწლეულებია, ვერ ხერხდება. ამ ფონზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიას 2 წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა. ოპოზიცია ამბობს, რომ გაუხარჯავი თანხები მომდევნო წლის ბიუჯეტში გადადის და შემდეგ ჩინოვნიკებს ხელფასებს უზრდიან.
აუდიტის სამსახურის დასკვნა დარეკომენდაცია
- საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობისა და ხარჯვის არასათანადო დაგეგმვის გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015 და 2016 წლების ბოლოს ნაშთად დარჩა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015-2016 წლებში 3 მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა.
- გამგეობამ ბიუჯეტი უნდა დაგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.
აუდიტის სამსახური რეკომენდაციას გასცემს. რა პასუხი აქვს ბრალდებებზე მერიას?
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015-2016 წლებში 3 მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა“, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის გამოყენება. აუდიტი მუნიციპალიტეტს რეკომენდაციითაც მიმართავს:
„საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობისა და ხარჯვის არასათანადო დაგეგმვის გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015 და 2016 წლების ბოლოს ნაშთად დარჩა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი. გამგეობამ, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტი უნდა დაგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალი მიწის გადასახადებიდან ამოღებული თანხებია, რომელსაც ფერმერები ყოველი წლის 15 ნოემბრისთვის იხდიან, მისი ხარჯვა კი წლის ბოლომდე დარჩენილ დროში, თანხის დიდი ოდენობის გამო, შეუძლებელია. ჯანიაშვილი ამბობს, რომ ფული გაუხარჯავი არ რჩება:
„3 მილიონის დახარჯვა ასე მოკლე დროში შეუძლებელია... თეორიულად რომ დავუშვათ, 3 მილიონი დავხარჯეთ 31 დეკემბრამდე, 1 იანვარი რომ დადგება, მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე ჩვენ, ფაქტობრივად, სხვა ადგილობრივი შემოსავალი არ გვექნება და მუნიციპალიტეტს მუშაობა გაუჭირდება. ზაფხულის პერიოდში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩატარება უნდა, საბავშო ბაღებს ყოველდღიური დაფინანსება სჭირდება, ასევეა „სათნოების სახლი“, ყველა ის სამსახური, რომელიც ამა თუ იმ მომსახურებას უწევს ჩვენს მოქალაქეებს“.
ზამთრისთვის სათბობი შეშა არ არსებობს დედოფლისწყაროში.... პლუს ამას ქედების ზონა და ალაზნისპირა სოფლები გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი, რაც უმწვავესი პრობლემაა და რომლის მოგვარებაც რაღაც დონეზე შეიძლება...ლევან ბაღაშვილი
ოპოზიციას დედოფლისწყაროს მერიის მუშაობა არ მოსწონს. საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ მუნციპალიტეტს ყოველ წელს გაუხარჯავი ფული რჩება და ეს იმ ფონზე, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები მოსაგვარებელია:
„ზამთრისთვის სათბობი შეშა არ არსებობს დედოფლისწყაროში.... პლუს ამას ქედების ზონა და ალაზნისპირა სოფლები გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი, რაც უმწვავესი პრობლემაა და რომლის მოგვარებაც რაღაც დონეზე შეიძლება. გარდა ამისა, ეს თანხები რომ რჩება, შემდეგ იზრდება ხელფასები. ჩვენ მიგვაჩნია, მართებული იქნება, რომ ეს თანხები რაციონალურად დაიხარჯოს“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ქედი ამ მხარეში ერთ-ერთი დიდი დასახლებაა. აქ 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ზემო ქედში ამ დრომდე თხევად აირს მოიხმარენ.
„ბალონით ვყიდულობთ თხევად აირს და ძვირი გვიჯდება. შემოსავალიც არა გვაქვს იმდენი, რომ ყოველთვის ვიყიდოთ გაზი. ბევრჯერ ღუმელზე ვაკეთებთ საჭმელს“.
„ძალიან გვიჭირს! ამ დროებაში რომ ბუნებრივი აირი არ გექნება, რა უნდა თქვა?! მთის სოფლებშიც კი მიიყვანეს მაგისტრალები და ზემო ქედში რატომ არ გამოჰყავთ, არ გვეუბნებიან. არ გვაქვს ინფორმაცია!“ - განაცხადეს ადგილობრივებმა.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში, დედოფლისწყაროში საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობის გარდა, სხვა ხარვეზებზეც არის ლაპარაკი. მაგალითად, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე გაწეული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; მუნიციპალიტეტმა აშენებული ობიექტები ჩაიბარა ისე, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია. გარდა ამისა, ახლად ჩაბარებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო.