Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,მტკვარი ჰესზე“ გასხვისებული მიწის ნაკვეთები


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაკანონებას ითხოვს. ადგილობრივები ,,მტკვარი ჰესის” ხელმძღვანელობას ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათმა ნაწილმა ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაცია ვერ მიიღო. მათი ტერიტორია რომ უკანონოდ იყო გასხვისებული, ძველელებმა მაშინ გაიგეს, როცა ერთ-ერთმა მოსახლემ, ალექსი ზედგინიძემ, კუთვნილი მიწის ფართობის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ტერიტორია ,,მტკვარი ჰესის’’ საკუთრებაში იყო გადაცემული. ალექსი ზედგინიძის მსგავს მდგომარეობაში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის 40-მდე ოჯახი აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი კუთვნილი ტერიტორია - მთლიანობაში, 41 ჰექტარი მიწის ფართობი - ,,მტკვარი ჰესზე“ უკანონოდ გასხვისდა. ძველელების მტკიცებით, მიწის ნაკვეთები მათ კუთვნილებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხმობით ჰქონდათ გადაცემული. რაც შეეხება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, მოსახლეობამ მიწების სამართლებრივად დაკანონება საჭირო თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა. პრივატიზაციის ფასის გარდა, ძველელები ფიქრობენ, რომ მიწების დაკანონებაში წინა ხელისუფლებამ ხელოვნური ბარიერები შეუქმნა.

ძველელების თქმით, პრივატიზაციის დროს ,,მტკვარი ჰესმა“ ის ტერიტორიაც მიითვისა, სადაც საცხოვრებელი სახლები იყო აშენებული. მოსახლეობა ახალი მთავრობისგან ყურადღებასა და კუთვნილი კომპენსაციის მიღებას მოითხოვს. სოფელ ძველში კომპენსაციის ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო და ისიც არასრული რაოდენობით. „მტკვარი ჰესის“ საკუთრებაში მოსახლეობის მიწის ნაკვეთები 2009 წლიდან არის რეგისტრირებული.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიწების გასხვისების დეტალები გასარკვევია. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ძველელების მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს. ბესიკ ბექაური ამბობს, რომ ,,მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას, არაერთი ჩარევის მიუხედავად, ვერც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიაღწია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის აზრით, მოსახლეობამ დეტალების გასარკვევად სასამართლოს უნდა მიმართოს. ფაქტი ცნობილია ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატისთვის. ტარიელ ლონდარიძე ამბობს, რომ საქმის შესახებ ჯერ შესაბამის სამინისტროებს მიმართავს, ხოლო არასასურველი შედეგის შემთხვევაში საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დააყენებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამჟამად ,,მტკვარი ჰესზე“ მუშაობა შეჩერებულია, თუმცა ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ამ დროისათვის კერძო ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშოები განახლდება. ,,კავკაზუს ენერჯის“ თავმჯდომარის ბიძინა ბეჟაშვილის მტკიცებით, ,,მტკვარი ჰესს“ ყველა ტერიტორია კანონიერად აქვს გაფორმებული.
XS
SM
MD
LG