ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება საკმაოდ ბევრმა ამომჩეველმა ითხოვა. ვაკის რაიონის მეორე საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი 16 მისამართზე დილის 9 საათიდან გავიდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან სწორედ დილის 9 საათზე გადის და 19 საათზე ასრულებს ამომრჩეველთა ხმების შეგროვებას.
ზინა ავადმყოფ მეუღლეს უვლის და სახლიდან გასვლას იშვიათად ახერხებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის დახმარებით მიეღო:
„მინდოდა, რომ ჩემი ხმა დაფიქსირებულიყო ამ არჩევნებზე, მაგრამ სახლიდან ვერ გამოვდივარ, რადგან ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი. პირველად ვითხოვე წელს არჩევნებში გადასატანი ყუთით სარგებლობის უფლება და მადლობელი ვარ, რომ მომაკითხეს“.
ვაკის რაიონის მეორე საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი დილის 9 საათზე კომისიის ორი წევრისა და დამკვირვებლის თანხლებით გავიდა. ამომრჩეველთა სპეციალური სია, რომლითაც კომისიის წევრები ხელმძღვანელობენ, 16 მისამართისგან შედგება. მათ ეს მისამართები საღამოს შვიდ საათამდე უნდა შემოიარონ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან სწორედ დილის 9 საათიდან გადის და 19 საათზე ასრულებს ამომრჩეველთა ხმების შეგროვებას. გადასატანი ყუთის დახმარებით არჩევნებში მონაწილეობას ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვს ამომრჩეველი. წინასწარ გაწერილ მისამართებზე საარჩევნო ყუთს დაატარებს საარჩევნო კომისიის წევრი სალომე ჯონჯუა. სანამ მომდევნო ამომრჩეველი კარს გააღებდეს, ის გადასატანი ყუთით სარგებლობის წესებს გვიხსნის:
„გვირეკავენ ამომრჩევლები ან მათი ოჯახის წევრები და გვატყობინებენ, რომ სურთ გადასატანი ყუთი მათთან სახლში მივიტანოთ, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევთ საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალებას. წინასწარ მზადდება სპეციალური სია. აი, ამჯერად 16 მისამართი გვაქვს სიაში“.
თუკი გადასატანი ყუთით სარგებლობის წესებს უფრო დეტალურად გადავავლებთ თვალს, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილი ამომრჩევლების 3 %-ს. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე დგება, თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლია; ამომრჩეველი პატიმრობაში, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება; ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და იქ საარჩევნო უბანი არ იხსნება.
90 წლის მუზა გადასატანი ყუთით უკვე მეორედ სარგებლობს. მას ფეხით გადაადგილება უჭირს. გარდა ამისა, ის მცირემხედველიცაა. სახლში მარტო ცხოვრობს. დიდხანს მოუხდათ კომისიის წევრებს კართან ლოდინი. მუზა ის ერთ-ერთი ამომრჩეველია, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა მეზობლის დახმარებით მოუწია. მან ვერ შეძლო ბიულეტენზე დაბეჭდილი საარჩევნო სუბიექტების ამოკითხვა. არჩევნებში მონაწილეობა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ მის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა, მაგრამ ბოლოს აზრი მაინც შეიცვალა:
„ვაი, ვერაფერს ვერ ვხედავ... ციცი, იქნებ წამიკითხო, რა. მე სხვა არაფერი არ მინდა. რაც მინდა, ის არის, რომ ჩემი ქვეყანა არ გლიჯონ და პატრიოტები იყვნენ, ახალგაზრდების მომავალს რომ ხელი შეუწყონ, მათ განათლებას. ეს მინდა, სხვა არაფერი“.
დილიდან ელოდა გადასატან საარჩევნო ყუთს 62 წლის მარინა. ყურადღებით ისმენს საარჩევნო კომისიის წევრის მითითებებს და წუხს, რომ თავად ვერ მოახერხა საარჩევნო უბანზე მისვლა: „აი, აქ მოაწერეთ ხელი. ამომრჩევლის გასწვრივ. ეს არის პარტიული სიები...“
დიდი მოვლენაა ეს ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ყველაზე მკაფიოდ და ნათლად 91 წლის არჩევნები მახსოვს და მას შემდეგ უფრო აქტიურად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას...
„პირველად არჩევნებში მონაწილეობა 1991 წელს მივიღე. მაშინ ჩემი შვილი მასწავლიდა, როგორ მოვქცეულიყავი არჩევნებზე, რადგან მანამდე, როგორც წესი, ბებიამისი კრეფდა მთელი ოჯახის ბიულეტენს და ყველას მაგივრად ის აძლევდა ხოლმე ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ აიღოს პასუხისმგებლობა მისი ქვეყნის მომავალზე“.
დედა-შვილი ნანა და ლუარსაბი ხმას ერთად აძლევენ. ლუარსაბი სუსტი ჯანმრთელობის გამო წლებია არჩევნებში გადასატანი ყუთის დახმარებით იღებს მონაწილეობას. არც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებია გამონაკლისი. საარჩევნო ბიულეტენს დედის დახმარებით ეცნობა. მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია:
„დიდი მოვლენაა ეს ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ყველაზე მკაფიოდ და ნათლად 91 წლის არჩევნები მახსოვს და მას შემდეგ უფრო აქტიურად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას“.
გადასატანი ყუთი, რომელიც ვაკის მეორე საარჩევნო უბნიდან დილის 9 საათზე 16 მისამართზე გავიდა, უკან არა უგვიანეს 20 საათისა დაბრუნდება და მასში ჩაყრილი ხმები ამომრჩეველთა საერთო ხმებს შეერევა.