Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადადგომების“ უცნაური ჯაჭვი


საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ორიოდე დღის განმავლობაში თანამდებობა რამდენიმე პირმა დატოვა, უმეტესად, პრემიერ-მინისტრის გუნდიდან. პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ცლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. უშუალოდ მთავრობასა და „ქართულ ოცნებაში“ კომენტარებს არ აკეთებენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები. თანამდებობები დატოვეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად ჯანყარაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, მისმა ძმამ, პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, რომან ჩხენკელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ.

გიორგი ჩხაიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. დანარჩენებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კომენტარს არ აკეთებენ.

ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომამ. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა მიზეზი წერილობით განმარტა. როგორც ირკვევა, ჯანყარაშვილის გადადგომის მიზეზი გახდა ის, რომ პრემიერის ნათესავია და ამის შესახებ მუდმივად ახსენებდნენ, ანუ ზვიად ჯანყარაშვილმა მოისურვა ამ მითქმა-მოთქმისთვის წერტილი დაესვა.

იგივე გაიმეორა პარლამენტარმა თინა ხიდაშელმაც:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„მან მიღო ეს გადაწყვეტილება იმ უამრავი ჭორ-მართლიდან (პატარა სიმართლის გარეშე ჭორიც არ არის) გამომდინარე, რაც მუდმივად იყო მედიაში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჯანყარაშვილის გადაყენება ამინდს ვერ შეცვლის:

„ერთი ადამიანის, ზვიად ჯანყარაშვილის, გადაადგილება თვისებრივად ვერ შეცვლის იმ სისტემას, რომელიც უკვე წელია ჩამოყალიბდა - მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და ქვეყანა გადააბარა ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის მაფიოზურ ოჯახს. ამ ოჯახმა მოახერხა ყველა სარფიანი ბიზნესის გაკონტროლება“.

ოპოზიციის გააქტიურება გამოიწვია ეკონომიკურმა მოვლენებმაც, კერძოდ, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ, რის შედეგადაც დოლარის ღირებულება ორ ლარს გადასცდა. ოპოზიციის წევრები საკადრო ცვლილებებს მოითხოვენ, თუმცა პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ეს ის ხალხი არ არის, ვის გადაყენებასაც ოპოზიცია ითხოვდა. მისივე თქმით, აღნიშნული პირების შეცვლა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ისინი პოლიტიკის განმსაზღვრელები ისედაც არ იყვნენ:

„ანალიზი უნდა გაკეთდეს, დადგინდეს რეალური მიზეზები. თუ დადგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროს შეცდომების შედეგად მოხდა ლარის კურსის დაცემა, მაშინ მინისტრი უნდა მოხსნა. თუ ეროვნული ბანკის შეცდომები გამოჩნდება, მაშინ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკთხი უნდა დადგეს“.

თუმცა გოგოლაშვილი თანამდებობის პირთა შეცვლაში ეკონომიკურ მოტივს საერთოდ ვერ ხედავს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. თავად ნოდარ ჯავახიშვილი მის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას ასე ხსნის:

„ბევრი იწერებოდა ამ ბოლო დროს და მანამდეც - შესაძლებელია, ეს უსაფუძვლო ეჭვები იყო ან, ნაწილობრივ თუ მთლიანად, საფუძვლიანი. საზოგადოებრივ ინტერესში შესყიდვების საკითხი მუდმივად იდგა. მილიარდზე მეტი ფული გადის ამ სამინისტროს ხაზით. ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებ. იქ დაფინანსების რამდენიმე წყაროა. ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთი სერიოზული მხარჯველია. მარტო ფინანსების ხარჯვაზეც ხომ არ არის ლაპარაკი?! ეს ფინანსები ეფექტურად უნდა დაიხარჯოს და ქვეყაზე უნდა აისახოს“.

ეს არის იმისთვის, რომ დანარჩენები არ მოდუნდნენ და უკეთ იმუშაონ. ყოველ შემთხვევაში, რამე პოლიტიკური რეზონანსი ასეთი სახის საკადრო ცვლილებებს ნამდვილად არ მოჰყვება...
კახა გოგოლაშვილი

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ცვლილებების უკან აშკარად ბიძინა ივანიშვილი დგას:

„აშკარაა, რომ იქ გამოიკვეთა რაღაც, სავარაუდოდ, კორუფციული სქემები და გარიგებები, რის გამოც - მოდი, პირდაპირ ვთქვათ - არა ღარიბაშვილი, არამედ ივანიშვილი არის ძალიან გაბრაზებული. ეს უტყუარად დასტურდება იმით, რომ თანამდებობაზე დაინიშნა ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ივანიშვილის ბანკის პრეზიდენტია“.

გარდა ნოდარ ჯავახიშვილისა, უკვე მუშაობას შეუდგა კრიზისების მართვის საბჭოს ახალი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი. ახალი მმართველი ჰყავს სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც - ზაზა დოლიძე.

რა შეიძლება იყოს ამ ცვლილებების მიზეზი? პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უფრო მორიგ „წმენდას“ ჰგავს, რომლის მსგავსიც პოლიტიკაში იშვიათი არ არის:

„მე მგონია, ეს ცვლილებები უფრო სხვა რაღაცასთან არის დაკავშირებული, უფრო ტექნიკურ საკითხებთან, პირად ურთიერთობებთან. შეიძლება კამპანიურიც იყოს, ხანდახან „წმენდა“ რომ ხდება მთავრობაში ან პარტიებში. და ეს არის იმისთვის, რომ დანარჩენები არ მოდუნდნენ და უკეთ იმუშაონ. ყოველ შემთხვევაში, რამე პოლიტიკური რეზონანსი ასეთი სახის საკადრო ცვლილებებს ნამდვილად არ მოჰყვება“.

კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებებს რაიმე კულუარული მიზეზი ჰქონდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამის თაობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG