თელავის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.მდგომარეობა საპატრულო პოლიციამ განმუხტა. ლაპარაკია მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც მოსახლეობა საძოვრად იყენებს, ხელისუფლება კი მის გასხვისებას და მეტი სარგებლის მიღებას გეგმავს. სოფლების იყალთოსა და რუისპირის მოსახლეობა საკრებულოს სხდომაზე დღეს სწორედ ამ საკითხის განხილვას ითხოვდა.
ფიზიკური დაპირისპირება თელავის საკრებულოში
- თელავის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ.
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, მიწების გაყიდვით თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია დაინტერესებული.
- მიწების გასხვისებაში ხელისუფლების ინტერესს ხედავს პარტია „ევროპული საქართველოც“.
- გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თელავში გარკვეული ქონება 1 ლარად გაიყიდა და იმ პერიოდში პარტიას ეს არ გაუპროტესტებია.
ხმაური თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. ხმაურსა და ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა თელავის სოფლების - რუისპირისა და იყალთოს - მოსახლეობის ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომ სხდომის დღის წესრიგში შესულიყო საკითხი, რომელიც სოფლის საძოვრების გასხვისებას ეხებოდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ რუისპირში ხელისუფლებამ 45 ჰექტარი მიწის ფართობი უკანონოდ უკვე გაასხვისა, ხოლო იყალთოში საძოვრების გაყიდვა ახლა იგეგმება.
საკრებულოს სხდომაზე მივიდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. გიორგი ბოტკოველის თქმით, მიწების გაყიდვით თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული;
„ერთადერთი არტერია, რომელიც დარჩა ხალხს - ეს არის მიწა, სოფლის საძოვარი, სადაც ის ერთი ძროხა, რომელიც მათ ჰყავთ, უნდა გაიყვანონ და აბალახონ. დღეს ამ მიწასაც უყიდიან ხალხს და ლუკმაპურის გარეშე უნდა დატოვონ. გაიყიდა სოფელ რუისპირის მიწა ისე, რომ ხალხს არაფერი ჰკითხეს. იყიდება სოფელ იყალთოს მიწაც, რომლითაც დეპუტატ გელა სამხარაულთან უკან მდგომი ბიზნესმენი, ვინმე რამაზაშვილია დაინტერესებული. ის არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი და აპირებს იყიდოს ის სოფლის ერთადერთი საძოვარი“.
ამ ადგილს საუკუნეების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა იყენებდა საძოვრად და მაღალი თანამდებობის პირების დაინტერესების გამო შეეცვალა სტატუსი...
სოფელ რუისპირისა და იყალთოს მიწების გასხვისებაში ხელისუფლების ინტერესს ხედავს პარტია „ევროპული საქართველოც“. საკრებულოში ამ პარტიის წარმომადგენლის, ზურაბ ნაცარაშვილის, ინფორმაციით, რუისპირში მოსახლეობა მიწას საძოვრებად იყინებდა, ხოლო გასხვისების შემდეგ მას სტატუსი შეეცვალა.
„ამ ადგილს საუკუნეების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა იყენებდა საძოვრად და მაღალი თანამდებობის პირების დაინტერესების გამო შეეცვალა სტატუსი. მიწა მოსახლეობისგან ფარულად გადაეცა თანამდებობის პირთან დაახლოებულ პირს“.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „გიორგი ბოტკოველის მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა იყო“.
მე ვერ ავყვები თითოეულ ჩემს ოპონენტს, რომელიც სისულელეს იტყვის... მე დავდგე და ყველაფერზე პასუხი გავცე?! მაქვს ვალდებულება და ყოველწლიურად ვავსებ ქონებრივ დეკლარაციას...გელა სამხარაული
„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ მათი საკითხის განხილვა, თუმცა მათ მოსმენაც არ უნდათ. გიორგი ბოტკოველი სალაპარაკოდ არ ყოფილა მოსული, მისი ინტერესი იყო სხდომის ჩაშლა და დებოშის მოწყობა“.
ჩვენ თელავისა და ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს, გელა სამხარაულსაც დავუკავშირდით. ის სოფელ იყალთოდან არის. სამხარაული მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუედ მიიჩნევს და თავის მართლებას არ აპირებს:
„მე ვერ ავყვები თითოეულ ჩემს ოპონენტს, რომელიც სისულელეს იტყვის... მე დავდგე და ყველაფერზე პასუხი გავცე?! მაქვს ვალდებულება და ყოველწლიურად ვავსებ ქონებრივ დეკლარაციას და ვისაც აინტერესებს, ნებისმიერს შეუძლია ნახოს რა ქონებას ვფლობ, როდიდან როდის და რა სახსრებით შევიძინე. არ მჭირდება მე ვიღაცების წინაშე თავი ვიმართლო, ჩემია თუ არა“.
ჩვენ თელავის საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ მოქალაქე გიორგი მოსიაშვილსაც დავუკავშირდით. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თელავში გარკვეული ქონება 1 ლარად გაიყიდა და იმ პერიოდში პარტიას ეს არ გაუპროტესტებია.
„ერთადერთი კითხვა დავსვი: სად იყვნენ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მედროშეები მაშინ, როცა მთელი ქალაქი გაიყიდა ერთ ლარად! ის ეწყინათ, რომ თურმე ჩვენ, საზოგადოებას, უფლება არ გვაქვს კითხვა დავუსვათ ‘ნაციონალურ მოძრაობას’“.
თელავის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის გამოც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა, შემდეგ კი მოსახლეობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სხდომა დაატოვებინეს.