Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაზილ ისკანდერი, რომელიც უყვარდათ და არ უსმენდნენ


ფაზილ ისკანდერი
ფაზილ ისკანდერი

დღეს რუბრიკა „ბიბლიოთეკის“ ჩვეულ ფორმატს დავარღვევთ. ვისაუბრებთ არა ერთი კონკრეტული ახალი წიგნის შესახებ, არამედ მწერალზე, რომელიც ორიოდე კვირის წინ გარდაიცვალა და მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფენომენია ჩვენი კულტურული სივრცისთვის, თუმცა ამის გააზრება ჯერჯერობით წესიერად არც მომხდარა.

გადმოწერა

ფაზილ ისკანდერი ის შემოქმედია, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა საბჭოთა საქართველოში, რომელიც აფხაზი ერის შვილი იყო სპარსული სისხლით, რომელიც წერდა დიდი რუსული ლიტერატურის ენაზე და რომლის საზღვრებიც ამ წინააღმდეგობებში არ იკეტებოდა. პირიქით, მისი ფენომენი სწორედ ამ წინააღმდეგობებმა დაბადა და გამოკვეთა. მან უნიკალური მხატვრული სამყარო შექმნა თავისი გეოგრაფიით და სანამ ლიტერატურის რუკა იარსებებს მარკესის მაკონდოთი თუ ფოლკნერის იოკნაპატოფათი, იარსებებს ისკანდერის ჩეგემიც, ერთი პატარა აფხაზური სოფელი, თავისი მითოსით, ადათ-წესებით, მისტიკით, ლოგიკით თუ მორალით.

ფაზილ ისკანდერზე საუბარი ვთხოვეთ მწერალ გურამ ოდიშარიას, რომელსაც მუდამ ჰქონდა შეხება მასთან და ამიტომ ბუნებრივიც იყო, რომ საუბარი პირადი ურთიერთობით და ფაზილ ისკანდერის პიროვნული შტრიხების გამოკვეთით დაიწყო.

აფხაზეთის ომის შემდეგ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი მოთხრობა "ომი და ბიჭუნა", მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ დახვრიტეს აფხაზეთის ომის დროს ქართველი ექიმი გიორგი და მისი გმირი, პატარა ბიჭუნა - ფაქტობრივად, ეს ფაზილის შვილია - განიცდის ამ ამბავს და არის ძალიან რთული და გრძელი დიალოგი მამასა და შვილს შორის...
გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია: ფაზილ ისკანდერი მე გავიცანი, როდესაც ვიყავი უკვე წიგნის ავტორი. მე ლექსებს ვწერდი აფხაზეთის ომამდე და ჩემს წიგნს შევარქვი "საგალობლები შენთვის". დახედა ჩემს წიგნს, თუმცა მან ქართული არ იცოდა, და დავიწყეთ საუბარი: რაზე წერ, როგორ და რანაირად. ფაზილ ისკანდერი თავიდან ლექსებს წერდა და მერე, საერთოდ, როდესაც პროზაულ ნაწარმოებებს აქვეყნებდა, ასევე ლექსებსაც აქვეყნებდა ხოლმე. დაბადებული იყო ფაზილი სოხუმში, მეც ვიყავი სოხუმში დაბადებული. 23-25 წლით უფროსი იყო ჩემზე და ეს გზა გაკვალა მან: სოხუმი, ფაქტობრივად, ლიტერატურაში ჩართო. მანამდე არ ჩანდა იგი დიდ ლიტერატურაში. მას უამრავი მკითხველი ჰყავდა და სოხუმის აღწერა, შავი ზღვის აღწერა, ეს უპირველესი იყო, რითაც ყურადღებას იპყრობდა, ჩემს ყურადღებას, როგორც ახალგაზრდა მწერლის. მას აქვს ასეთი გამოთქმა: "შავი ზღვის ხასიათი". თქვენ იცით, რომ ის აფხაზურად არ წერდა, თუმცა კი ლაპარაკობდა, მაგრამ არ იცოდა ისე აფხაზური, რომ ეწერა, და აი, ეს "შავი ზღვის ხასიათი" აერთიანებდა, ფაქტობრივად, ყველა ეროვნების ადამიანს, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა. და ფაზილი ისე აღწერდა ყველაფერს, რომ მისთვის არ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ეწერა, დავუშვათ, რომელიმე ერის წარმომადგენელზე. არა, ის სოხუმელების პორტრეტს ხატავდა და როდესაც უკვე სოფელს ეხებოდა, იმიტომ რომ სოფელშიც დიდხანს იცხოვრა მან, დედულეთში - აფხაზური სოფელი იყო - იქ უფრო ჩანს სოფლის აფხაზური ხასიათი.

ის სოფელი, სადაც მისი Magnum Opus-ის მოქმედება ვითარდება, კოდორის ხეობაში მდებარეობს. ეს ადგილი დღეს ნეგატიური კონტექსტითაა დახუნძლული ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. არადა, 60-70-იან წლებში ფაზილ ისკანდერი ქმნიდა კოდორის ხეობის სამშვიდობო ტექსტს, სადაც ყველა კავკასიელს შეეძლო საკუთარი თავი, კუთხე და მისი ბუნება ამოეკითხა. და თუ ეს ტექსტი არ იყო სამშვიდობო, ისევ და ისევ საბჭოთა რეჟიმის მიმართ, რასაც მოწმობს ის, თუ როგორ ჭირდა მისი უცვლელი სახით დაბეჭდვა საბჭოთა კავშირში. საბოლოო ჯამში, სრული სახით „სანდრო ჩეგემიდან“ ამერიკაში გამოქვეყნდა, რამაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა მწერალს. ერთხელ მან ასეთი რამ თქვა: „თუ არ შეგიძლია ბორკილი გადახერხო, დააფურთხე მას, იქნებ დაჟანგდეს“. მისი ტექსტები სწორედ ასეთი იყო: რეჟიმის დაჟანგებას ხელს უწყობდა.

მოვუსმინოთ კვლავ გურამ ოდიშარიას, რომელიც შეეცდება თვალი გაგვადევნებინოს მწერლის შემოქმედებითი გზისთვის.

გურამ ოდიშარია: ფაქტობრივად, პროტოტიპია სანდრო მისი, და იქიდან დაწყებული, ყოველთვის თავისი იუმორით, რაღაც ისეთი, გონებამახვილური, მწარე სიტყვებით ხატავდა საბჭოთა სინამდვილეს. მან დაწერა, რუსულად ასე ერქვა: "Созвездие Козлотура" ("თხაჯიხვის თანავარსკვლავედი"). საბჭოთა პერიოდში მიიღეს თხისა და ჯიხვის ნაჯვარი, რომელსაც Козлотур - Козел и Тур - შეარქვეს და რომელიც მერე არ მრავლდებოდა. და ამ ვრცელ მოთხრობაში იყო კრიტიკა საბჭოთა ხელისუფლების, მისი ზედაპირულობის, ჩინოვნიკების, ადამიანების, იმ იდეალების, რომლებიც მერე გაქრნენ და იქაც ჩანს, რომ მალე გაქრებიან ეს იდეალები. ასე რომ, ფაზილ ისკანდერის პირველი დიდი სახელის გატანა დაკავშირებული იყო ამ Козлотур-თან. შემდეგ იყო "სანდრო ჩეგემიდან", შემდეგ იყო, შედარებით ბოლო პერიოდში, "ბალთაზარის ლხინი", და თითოეული მათგანი იყო ეტაპობრივი ნამუშევარი. აფხაზეთის ომის შემდეგ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი მოთხრობა "ომი და ბიჭუნა", მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ დახვრიტეს აფხაზეთის ომის დროს ქართველი ექიმი გიორგი და მისი გმირი, პატარა ბიჭუნა - ფაქტობრივად, ეს ფაზილის შვილია - განიცდის ამ ამბავს და არის ძალიან რთული და გრძელი დიალოგი მამასა და შვილს შორის: რა არის ომი, რა არის მშვიდობა, რატომ უნდა შეეწიროს მას ექიმი გიორგი, რომელიც ასე უყვარს მთავარ გმირს. ეს მოთხრობა ქართულადაც ითარგმნა, რამდენიმეჯერ დაიბეჭდა...

ორი წლის წინ ჟურნალ "ახალი საუნჯიდან" მას 80 წლის იუბილე მივულოცეთ და პოლონელი დოკუმენტალისტი მწერლის ვოიცეხ გურეცკის წიგნიდან "აფხაზეთი" ის ფრაგმენტი დავბეჭდეთ, სადაც იგი ფაზილ ისკანდერის პორტრეტს ხატავს. აი, რას ამბობს ერთგან იგი: "აფხაზებს ისევე უყვართ ფაზილ ისკანდერი, როგორც პოლონელებს - იოანე-პავლე II. თუმცა, როგორც პოლონელები პაპს, არც აფხაზები უსმენენ ისკანდერს". ვფიქრობ, ეს ფრაზა ძალიან კარგად გვიჩვენებს მწერლის პოზიციას და ბედისწერას, მით უმეტეს, თუ ამას დავამატებთ იმას, რომ რუსებსაც უყვარდათ იგი, როგორც მწერალი, მაგრამ, ცხადია, არც ისინი უსმენდნენ მას, ქართველები კი საკმაოდ ცუდად იცნობდნენ და არც მისი დადანაშაულება უჭირდათ. დღემდე ქართულ პრესაში ჩნდება პრეტენზიები ამ მწერლის დამოკიდებულებისადმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ. ცხადია, ამ თემას საუბარში ჩვენ გვერდს ვერ ავუქცევდით და მეც ვკითხე ბატონ გურამს ამის შესახებ.

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია: მას არასოდეს არ ჰქონდა რაიმე ისეთი რადიკალური ან აგრესიული პოზიცია. ყოველთვის თავის ხალხს სიტყვითაც მოუწოდებდა, რომ როგორმე ქართველებს და აფხაზებს საერთო გამოეძებნათ, რომ გვაქვს საერთო წარსული, გენეტიკური მახსოვრობა და ა.შ. მისი ერთ-ერთი ბოლო წიგნი არის გამოცემული მოსკოვში, სახელწოდებით "Яблоня, шелестящая под ветерком". აქ ის ძალიან აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას. წერს, სინდისის კრიზისის ცენტრში დღეს დგას რუსეთიო. და სწორედ ამ სინდისის კარნახით, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა იყო დადაბლებული, ძალიან გაურბოდა პოლიტიკოსებთან საუბარს, მათთან ურთიერთობას და განდეგილის ცხოვრებით იცხოვრა: პატარა ოთახი ჰქონდა მოწყობილი თავის ბინაში, რომელსაც ჰქონდა ხმის დამხშობი ქსოვილები აკრული და იქ გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. დაჯდებოდა იმ ოთახში, როგორც კოსმონავტი, და წერდა და მუშაობდა.

ჰქონდა თუ არა გურამ ოდიშარიას ურთიერთობა ფაზილ ისკანდერთან ომის შემდეგ?

გურამ ოდიშარია: პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ მქონდა სატელეფონო საუბარი. ჩვენ მისი წიგნის გამოცემა გვინდოდა და ვთხოვე საავტორო უფლება. მან თქვა: არავითარი პრეტენზია მე არა მაქვს, დაიბეჭდოს ნებისმიერი ტირაჟით. თქვენ თუ მოგეწონათ, ძალიან მადლობელი ვარო... - ძალიან თავმდაბლად.

მის წიგნებს მე საბჭოთა პერიოდში ორიგინალში ვკითხულობდი, მაშინ თითქოს არც იყო თარგმანის აუცილებლობა. და ისეც მოხდა, რომ დღემდე ფაზილ ისკანდერის მთავარი ტექსტები არცაა ქართულად ნათარგმნი. არადა, აფხაზი მწერლები მაშინ აქტიურად ითარგმნებოდნენ. იყო ასეთი დავალება. მაგრამ ფაზილ ისკანდერი, როგორც რუსი მწერალი, ეტყობა, ამ პროექტში ვერ ჩაჯდა. იქნებ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვასწოროთ ეს მინუსი. მისი ტექსტების თარგმნა ხომ ენობრივი, ეთნოგრაფიული, ფენომენოლოგიური თვალსაზრისით საოცრად საინტერესოა.

XS
SM
MD
LG