Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: პაკისტანი უნდა შეებრძოლოს ექსტრემისტებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პაკისტანს მოუწოდებს შეებრძოლოს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ ქვეყანას, რეგიონსა და აშშ-ს.

კერი ამ განცხადებებით გამოვიდა 13 იანვარს ისლამაბადში, ეროვნული უშიშროების საკითხებში პაკისტანის ხელისუფლების მრჩეველ სართაი აზიზთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კერიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა შედეგებს, რომლებიც მოიტანა პაკისტანის მიერ ერთი თვის განმავლობაში წარმოებულმა სამხედრო კამპანიამ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.

თუმცა, მისი თქმით, ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა რთულია და მისი დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

„ტერორისტული ჯგუფები, როგორებიცაა პაკისტანისა და ავღანეთის თალიბანი, ჰაყანის ქსელი, ლაშქარ-ე თაიბა და სხვები, საფრთხეს უქმნიან პაკისტანს, მის მეზობლებსა და აშშ-ს“, - განაცხადა კერიმ და დასძინა: ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ამ ჯგუფებს არ მიეცეთ პოზიციების გაძლიერების საშუალება - პირიქით, ისინი წარსულს უნდა ჩაბარდნენო:

„პაკისტანს უკვე გარკვეული პერიოდია მოვუწოდებთ აწარმოოს ოპერაცია, რომელიც მიმართული იქნებოდა ქვეყნის დასავლეთი ნაწილის, თემებით დასახლებული არეალებისკენ, და მან ეს გააკეთა. მან წამოიწყო ძალიან მასშტაბური, ადამიანთა სიცოცხლის თვალსაზრისით ძვირად ღირებული ინიციატივა, რათა, ასე ვთქვათ, გაერღვიათ ჰაყანის ქსელის ბუდე“.

ამასთან, კერიმ განაცხადა, რომ 250 მილიონი დოლარი დაიხარჯება სასწრაფო დახმარების ზომების გასატარებლად თემებით დასახლებულ არეალებში, ძირითადად ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რომელიც ბრძოლის გამო ასიათასობით მცხოვრებმა დატოვა.

აზიზის თქმით, პაკისტანის არმიის ოპერაციის შედეგად, „მთლიანად განადგურდა“ ჰაყანის ქსელი და ახლა მათ, ფაქტობრივად, აღარ ძალუძთ პაკისტანიდან ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედება.

აზიზის თქმით, პაკისტანის ძალები კონტრტერორისტულ ოპერაციებს აქტიურად გააგრძელებენ.

ჯონ კერიმ დადებითად შეაფასა ფეშავარში მდებარე იმ სკოლის გახსნა, რომელზეც 16 დეკემბერს თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა მიიტანეს იერიში და დახოცეს 150-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ბავშვები. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყო.

სხვა სკოლებთან ერთად, მოსწავლეებს კარი ამ სკოლამ 12 იანვარს გაუხსნა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

კარის თქმით, სკოლის მუშაობის განახლება მოწმობს, რომ პაკისტანელი ხალხის ნება მტკიცეა.

კერი პაკისტანში 12 იანვარს ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით, მას შემდეგ, რაც პაკისტანის მეტოქე ინდოეთში განახორციელა ვიზიტი.

მისი ჩასვლის ფონია თითქმის ყველა საერთაშორისო სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან, სადაც გასულ თვეში ოფიციალურად დასრულდა ნატოს საბრძოლო მისია. აშშ-ის ხელმძღვანელობით, ავღანეთში შეჭრა 13 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, თალიბანის დამხობის მიზნით, მას შემდეგ, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ გახდა ტერორისტული აქტების სამიზნე.

დასავლეთში გავრცელებულია ეჭვი, რომ პაკისტანი ორმაგ თამაშს თამაშობს - ებრძვის ზოგიერთ ექსტრემისტულ ძალას, თუმცა მხარს უჭერს მათ, ვისაც მისი გენერლები მიიჩნევენ სტრატეგიულად მომგებიან ფიგურებად, რომელთა გამოყენებაც შეიძლება მეტოქეებისა და მეზობლების, ინდოეთისა და ავღანეთის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG