Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ნატოს ჯარებს ახალი სარდალი ჰყავს


კერტის სკაპაროტი
კერტის სკაპაროტი

ევროპაში ნატოს ჯარების ახალი სარდალი, ამერიკელი გენერალი კერტის სკაპაროტი, აცხადებს, რომ, თუ რუსეთთან შეკავების პოლიტიკამ არ გაჭრა, საჭირო იქნება საპასუხო ზომების მიღება. გენერალმა, რომელმაც ეს მოსაზრება გამოთქვა, 4 მაისს ჩაიბარა ევროპაში ნატოს ჯარების სარდლობა გენერალ ფილიპ ბრიდლავისაგან.

გენერალ კერტის სკაპაროტის აზრით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნატო საკვანძო მნიშვნელობის როლს ასრულებს დღესაც, ცივი ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ.

„როცა ალიანსზე ვსაუბრობთ, ძირითადად ერთ მთავარ თემაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ეს არის ერთობა. ეს არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, ერთგულია დემოკრატიის პრინციპებისა, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის; ალიანსი, რომელიც აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას სისწრაფის, რეაგირების უნარის, თავსებადობის მატებით და რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას“, - განაცხადა გენერალმა სკაპაროტიმ 4 მაისს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ჩემი მოვალეობის შესრულებას რომ შევუდგები, გადავხედავ ჩვენს გეგმებს, რუსეთის პოზიციას და წარმოვადგენ რეკომენდაციას წვრთნებზე, რომლებიც გვჭირდება იმისათვის, რომ (რუსეთის) შეკავება გავაგრძელოთ და, აგრეთვე, საპასუხო ზომების მიღება შევძლოთ...
კერტის სკაპაროტი

შეკითხვას, რომელიც რუსეთთან ნატოს ურთიერთობას ეხებოდა, მან ასე უპასუხა:

„რუსებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ძალიან თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო ვიყოთ კომუნიკაციის დროს. ვფიქრობ, რომ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია. ასე შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ავარია ან არასწორი გათვლა. მაგრამ დამატებით ვიტყოდი, რომ მათგან მოველით საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად მოქმედებას. მანამდე კი კომუნიკაცია, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება“.

მოსკოვსა და ნატოს, უფრო ზოგადად, დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას შეუდგა. გასულ თვეში, როცა გენერალი სკაპაროტი შეერთებული შტატების სენატში, შეიარაღებული ძალების კომიტეტში იყო მიწვეული, როგორც ევროპაში ნატოს ჯარების სარდლობის კანდიდატი, მან აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ევროპაში ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსებას და რომ, ზოგადად, მას უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოლიტიკური კურსი მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

თავის მხრივ, მოსკოვი ნატოს ადანაშაულებს დაძაბულობის გამწვავებაში აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ჯარების გაძლიერებით. 4 მაისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოაცხადა, რომ 2016 წლის ბოლომდე რუსეთი სამ ახალ დივიზიას განათავსებს დასავლეთსა და სამხრეთში, „ნატოს ძალების ზრდის“ გამო.

ხოლო 5 მაისს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ევროპაში ნატოს ჯარების ახალი სარდლის მიერ გამოთქმულ შეფასებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე.

„რუსეთის აღორძინება არავის უქმნის საფრთხეს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას, ყველა პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით, კონფლიქტების ერთად მოსაგვარებლად. მაგრამ, ამავდროულად, რუსეთი, რასაკვირველია, უყურადღებოდ ვერ დატოვებს მოქმედებებს, რომლებიც, შესაძლოა, პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნიდეს მის ეროვნულ ინტერესებს. და აქ რუსეთის მხარე, როგორც ყოველთვის, დაიცავს თავის ინტერესებს“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში.

სხვა საკითხია, როგორ ესმის რუსეთს „თავისი ინტერესები“, თუნდაც ნატოსთან მიმართებით. ბოლოხანს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენჯერმე სახიფათოდ ახლოს ჩაუფრინეს ბალტიისა და შავ ზღვებში ნატოს სამხედრო ხომალდებს, რის გამოც გაიზარდა მხარეებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე.

ფილიპ ბრიდლავი
ფილიპ ბრიდლავი

გენერალ სკაპაროტის პირველ დიდ ამოცანად მიჩნეულია, დაადგინოს ზღვარი, რომლის მიღმაც ნატო არ შეეგუება რუსეთის სამხედრო ძალების პროვოკაციებს.

„ნატო პასუხობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აღმოსავლეთის საზღვარზე. ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი ბრიდლავი ხელმძღვანელობდა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს სამხედრო ძალების განთავსებისა და წვრთნების მხრივ. ვაპირებ, ეს გავაგრძელო. ეს მიმაჩნია საპასუხო ზომად. ჩემი მოვალეობის შესრულებას რომ შევუდგები, გადავხედავ ჩვენს გეგმებს, რუსეთის პოზიციას და წარმოვადგენ რეკომენდაციას წვრთნებზე, რომლებიც გვჭირდება იმისათვის, რომ (რუსეთის) შეკავება გავაგრძელოთ და, აგრეთვე, საპასუხო ზომების მიღება შევძლოთ“, - განაცხადა გენერალმა კერტის სკაპაროტიმ 4 მაისს ევროპაში ნატოს ჯარების სარდლად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ ახალ თანამდებობამდე ის სათავეში ედგა აშშ-ის ჯარებს სამხრეთ კორეაში.

XS
SM
MD
LG