Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობების არჩევანი


არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელთა ინფორმაციით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 5 რეგიონში გამოკვეთილი ტენდენციაა საარჩევნო უბნებზე მიტანილი ბიულეტენების დანაკლისი და ასევე საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევების შესახებ იუწყება ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავლეროვანი საქართველო”. ამ ორგანიზაციების დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილი დარღვევები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ძირითადად დარღვევებს შორის შეინიშნება საარჩევნო კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლის ფაქტი. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრესრელიზშია ნათქვამი, მარნეულის სხვადასხვა საარჩევნო უბნებში თითქმის ყველა ამომრჩეველი ითხოვს დახმარებას კაბინაში, ”მრავალეროვანი საქართველო” კი იუწყება, რომ ამას, უმეტეს შემთხვევაში, ხსნიან ამომრჩეველთა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობით, თუმცა გარეგნულად პირს მსგავსი ხასიათის ფიზიკური ნაკლი არ აღენიშნება.
დამკვირვებლები იუწყებიან ასევე საარჩევნო უბნებზე აგიტაციის შესახებაც.
თავად ამომრჩევლების განწყობა რადიო თავისუფლებამ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისგან ჩაიწერა. ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისის ამომრჩევლები ამბობენ, რომ მათ თავიანთ უკეთეს მომავალს დაუჭირეს მხარი:

”ამ არჩევნების შედეგად კარგი მომავალი გვინდა ჩვენ. დისციპლინა კარგი რომ არის, ისე რომ დარჩეს.”
რომ გამარტივდეს, გზა გაიხსნას, რუსეთში მისვლა-მოსვლა რომ შევძლოთ, ეს არის ყველაზე საინტერესო. 2003 წლამდე გზა იყო, მერე დაიკეტა. ადრე რუსეთში დავდიოდით, ვმუშაობდით ...

”ჩვენთან ძალიან კარგად მიდის არჩევნები. ვენაცვალე ჩვენს სააკაშვილს, ძალიან კარგი, კეთილი ადამიანია, პენსიები გაგვიზარდა, კარგად გვიყურებს. ველოდებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”

ქვემო ქართლში, კერძოდ, რუსთავში მცხოვრები აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ წლევანდელი არჩევნები სიმშვიდით გამოირჩევა, რაც მისასალმებელია:

”ძალიან მომწონს ოპოზიცია და პოზიცია, მეგობრობს ერთმანეთთან. ადრე უარესი იყო. ახლა ძალიან კარგადაა ურთიერთობები. აი, ნამდვილად კარგი დემოკრატია დგება.”

”რომ გამარტივდეს, გზა გაიხსნას, რუსეთში მისვლა-მოსვლა რომ შევძლოთ, ეს არის ყველაზე საინტერესო. 2003 წლამდე გზა იყო, მერე დაიკეტა. ადრე რუსეთში დავდიოდით, ვმუშაობდით, იქ ვყიდულობდით და ვყიდიდით. ახლა სად წახვალ, გზა არ არის, არაფერი არ არის.”

”მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ალექსანდრა კალატოზიშვილის სიტყვებით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ პოლიტიკურ სუბიექტებს გამოკვეთილი პროგრამა არა აქვთ. რეგიონებში ასევე ნაკლებად აქტიურობენ ოპოზიციური პარტიები იმისათვის, რომ მათ საკუთარი პლატფორმა გააცნონ:

”უმცირესობები ნაკლებად არიან გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, მით უმეტეს, უმცირესობებს ძალიან ნაკლები ინფორმაცია აქვთ პარტიების პროგრამების შესახებ, ანუ რამდენად ითვალისწინებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამა მათ ინტერესებს ან რას ჰპირდებიან და რას სთავაზობენ. საერთოდ, პარტიების რაიონული ორგანიზაციები ძალიან სუსტად არიან წარმოდგენილი რეგიონებში.”

ალექსანდრა კალატოზიშვილის სიტყვებით, სწორედ პარტიათა ნაკლები აქტივობის შედეგია ის, რომ ეთნიკური უმცირესობები არჩევანს ძირითადად პარტიების პოლიტიკური გეგმების ცოდნის გარეშე აკეთებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG