Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება“ ისევ ქუჩაშია


კამპანია „ეს შენ გეხებას“ კიდევ ერთი აქცია
კამპანია „ეს შენ გეხებას“ კიდევ ერთი აქცია

"გვისმინეთ, ნუ გვისმენთ", "დეპუტატებო, ამომრჩეველს უსმენენ" - ამ პლაკატებით ხელში, 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კამპანია „ეს შენ გეხებას“ კიდევ ერთი აქცია გაიმართა მოსმენების შესახებ იმ კანონის გასაპროტესტებლად, რომლის თანახმადაც, ე.წ. გასაღები ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშია. კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ კანონი არ შეიცვლება.

„მოქალაქეებზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი საუბარი იწერება“ - ამ და სხვა შინაარსის დიდი პლაკატებით ხელში, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს ჩამწკრივდნენ და სასტვენების ხმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ფარული მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, პარლამენტმა მაინც დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს შესაძლებლობა და სივრცე იმისათვის, რომ ისევ მოგვისმინოს უკანონოდ და შემდეგ კი, როცა დასჭირდება, თავისი შეხედულების მიხედვით გამოიყენოს...
ზვიად დევდარიანი

„ეს აქცია ხელისუფლებისათვის იმის შეხსენების კიდევ ერთი მცდელობაა, რომ დემოკრატიული ქვეყანა ასეთ კანონებს არ უნდა იღებდეს. ამ აქციით ვცდილობთ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამბავი არ დასრულებულა, პრობლემა ისევ არსებობს“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს შესაძლებლობა და სივრცე იმისათვის, რომ ისევ მოგვისმინოს უკანონოდ და შემდეგ კი, როცა დასჭირდება, თავისი შეხედულების მიხედვით გამოიყენოს. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ მოსმენა არ უნდა ხორციელდებოდეს, არც ის გვითქვამს ოდესმე, რომ არსებობს რაღაც ტიპის უნიკალური მოდელი, რომელიც სრულიად გამორიცხავს მოსმენას, მაგრამ იმ მოდელებით, რომელთაც ჩვენ ვთავაზობდით პარლამენტს, იქ ამისათვის მინიმალური სივრცე იყო დატოვებული. ჩვენ მაინც ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მოდელის დახვეწაზე, გავაგრძელებთ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებსაც. ამ აქციით კი ხალხსაც შევახსენებთ, რომ ეს ისევ პრობლემაა“.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, „ეს შენ გეხებას“ აქტიური მონაწილე ლაშა ტუღუში, რომელსაც ერთ-ერთი პლაკატი უჭირავს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სხვადასხვა ტიპის აქციებით კი მუდამ შეახსენებენ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, რომ ბრძოლა არ დასრულებულა, ის გაგრძელდება მანამ, სანამ კანონმდებლობა არ იქნება ისეთი, როგორიც ევროპულ ერს შეეფერება და რომ შექმნილი ვითარება ისევ კარგი კანონის მიღებით უნდა გამოსწორდეს:

ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

„მაღალი სტანდარტის კანონი უნდა მივიღოთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სწორი გზით, მაგრამ ბოლოს ხელისუფლებამ ისევ გააფუჭა ყველაფერი და საკმაოდ ცუდი აკორდით დააგვირგვინა. ჩვენ გვინდა ეს გამოვასწოროთ და აუცილებლად შევიტანთ პარლამენტში ამ კანონის ბოლო ნაწილის უკეთეს ვერსიას, რადგან ის, რაც დღეს ამოქმედდა, ჩვენი ქვეყნისათვის სამარცხვინოა“.

შეგახსენებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი 28 ნოემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და მოსმენების გასაღები შსს-ს დაუტოვა. კანონის ამ სახით მიღებას ვერც პრეზიდენტის ვეტომ უშველა. 30 ნოემბერს, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, პარლამენტმა ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევის პროცესში საპარლამენტო უმცირესობა არ მონაწილეობდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა.

აქციაში მონაწილეობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. ის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს მის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომ უკანონო მოსმენებს წერტილს დაუსვამდა:

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

„ყველას გვახსოვს, როგორ აღმოაჩინეს მიწაში დამარხული ათასობით ფაილი, უკანონოდ თვალთვალის შედეგად მოპოვებული უამრავი მასალა. რა გამოდის, რომ ამ ახალი კანონითაც ტოტალური თვალთვალის მთავარი ბერკეტი ისევ შსს-ს დარჩა, რაც იმის საფრთხეს ქმნის, რომ ისტორია გამეორდება და როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება ახლით, ახლა ისინი აღმოაჩენენ მიწაში დამარხულ ათასობით უკანონო ჩანაწერს“.

„ეს შენ გეხებას“ მოთხოვნებს ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

„ამ საკითხის განხილვა სისტემის რეფორმირების ჭრილში უნდა მოხდეს. რადგანაც პრემიერმაც დაადასტურა, რომ შსს-ში რეფორმა გაგრძელდება და შექმნილია უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფი, ამ რეფორმის დასრულებამდე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული საკითხების განხილვა არ იქნება მართებული“.

19 დეკემბრის აქციას შს მინისტრის მოადგილის რანგში გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე, რომლის განცხადებით, ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არც კარი, არც გასაღები. დღეს კი, მისი თქმით, გვაქვს ახალი სტანდარტი, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა და ეს არის ორი გასაღების პრინციპი, აქედან ერთ-ერთი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც გარე კონტროლის მექანიზმია. შესაბამისად, აცხადებს თალაკვაძე, ეს არის ბევრად უკეთესი სტანდარტი. მისი თქმით, სისტემის გაუმჯობესებისთვის არასამთავრობო სექტორთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG