Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე მავთულხლართების საკითხი კიდევ ერთხელ დადგა


ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 36-ე შეხვედრა, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული დელეგაციის დღის წესრიგის მთავარ თემად რუსი მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების მოწყობის საკითხი რჩება. გარდა ამისა, მხარეებმა დაკავებულთა გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზთან ფერმერთა უსაფრთხო საქმიანობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამ საკითხში ევროპულ სადამკვირვებლო მისიას გააქტიურებისკენ მოუწოდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 63 წლის მიხეილ ხურიევი დააკავეს. წითელუბნელების თქმით, ხურიევის დაკავება ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა. მათი განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი თვითონ გადმოლახეს და ხურიევი თივის შეგროვებისას სოფლის ტერიტორიაზე, მინდორში აიყვანეს. ხურიევი, საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ქართულმა მხარემ დღეს ცხინვალის ციხეში მყოფი 6 ადამიანის გათავისუფლება მოითხოვა. ქართული დელეგაციის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა მავთულხლართების საკითხს მოჰყვა:

„ქართულმა მხარემ პირველ ნომრად დააყენა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონებში მავთულხლართების ინსტალაცია რუსი მესაზღვრეების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა. ჩემს ცხინვალელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შიდა საკითხი, რასაც რადიკალურად არ ვეთანხმებით, რადგან ეს არის თემა, რომელიც ეხება ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არის საკითხი, რომელიც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ყველა შეთანხმებას, რომელიც აქამდე არსებობდა, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას“.

გაკეთდა განცხადება, რომ ქართული მხარის მიერ სასაზღვრო შემზღუდავი მოწყობილობების მონტაჟის საკითხის დაყენება დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ამ შეხვედრაზე ოსურ მხარეს განხილვაში მონაწილეობა აღარ მიუღია...
ხოხ გაგლოითი
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოსურ მხარს მოუწოდეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ პირთა გათავისუფლების ვადა 3 დღეს არ აღემატებოდეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი თავიდანვე ითხოვდა, რომ დღის წესრიგიდან ამოეღოთ ქართული მხარის წინადადება მავთულხლართების მონტაჟის თაობაზე, რადგან ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება და ოსური მხარე საკუთარ საზღვრებთან შემაფერხებელ მოწყობილობებს ამონტაჟებს. გაგლოითის თქმით, ოსურ მხარეს ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია:

„გაკეთდა განცხადება, რომ ქართული მხარის მიერ სასაზღვრო შემზღუდავი მოწყობილობების მონტაჟის საკითხის დაყენება დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, ამიტომ ამ შეხვედრაზე ოსურ მხარეს განხილვაში მონაწილეობა აღარ მიუღია“.

ოსურმა მხარემ დღესვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ 18 სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით გადაადგილების რეჟიმი იცვლება და დაბაში ავტომანქანებით ტვირთის გადატანა შეუძლებელი იქნება. მოქალაქეებს მხოლოდ ხელბარგისა და ლიმიტირებული პროდუქტების შეტანის შესაძლებლობა მიეცემათ.
XS
SM
MD
LG