Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი 2015 - შედეგების შეჯამება


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთვლის შედეგები შეაჯამა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. 27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

კახეთში გადამუშავებულია: რქაწითელი - 78,4 ათასი ტონა, საფერავი - 45,1 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3,03 ათასი ტონადა 15 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, უკვე გადამუშავდა 1 500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1 325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული. შემოსავლებმა 6,6 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს რთველი კახელი მევენახეების აქციებისა და პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. მევენახეები ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას ითხოვდნენ. 2014 წელს ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შესაბამისად, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 175 მლნ ლარს აღწევდა. მიმდინარე წელს კი, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო, ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე და ფასმა, დაახლოებით, 70 პროცენტით იკლო, გასულ წელთან შედარებით. წელს სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად, შავს კი 85-ად იბარებდა.

ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ,,ნარინჯისფერი რთველი“ უახლოეს დღეებში დაიწყება. წელსაც იგეგმება (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები. გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.

მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიებს, სახელმწიფო სუბსიდიის მიღების გარდა, საშუალება აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

პროგნოზირებულია, რომ ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 000 ტონაზე მეტი იქნება. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა უკვე არის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. ოპერატიული მონაცემებით, სავარაუდოდ, ექსპორტზე 35 000 ტონამდე ციტრუსი გავა.

XS
SM
MD
LG