საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, ინვესტიციები, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელზე დარჩა, რაც იყო წინა - საკმაოდ წარუმატებელ - 2015 წელს. 2014 წელთან შედარებით, ეს მონაცემი თითქმის 200 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,5 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 0.1 პროცენტით აღემატება 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
2016 წელს რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.3 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება, 35.6 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი, 13.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო, 7.6 პროცენტით.
შემდეგ ადგილებზეა ნიდერლანდი, ლუქსემბურგი და პანამა, სადაც ოფშორული ზონებია. ათეულში ოფშორული ზონებიდან ასევე არის ვირჯინიის კუნძულები, ათეულშია ასევე ჩეხეთი და აშშ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მეტი - 671.9 მილიონი დოლარის - პირდაპირი ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა.
მეორე ადგილზეა მშენებლობა, 129.5 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი, 129.0 მილიონი დოლარით.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სექტორების ჩამონათვალში მოხვდა ასევე: დამამუშავებელიმრეწველობა (124.5 მლნ დოლარი), ენერგეტიკა (117.3 მლნ), უძრავი ქონება (113.6 მლნ), სასტუმროები და რესტორნები (52.4 მლნ), სამთომოპოვებითი მრეწველობა (49 მლნ), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (28.8მლნ), სოფლის მეურნეობა, თევზჭერა (8 მლნ).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 59.4 % შეადგინა.