Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებები იზრდება


ლარის კუპიურები
ლარის კუპიურები

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 211.9 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე ხანებში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 255.5 მლნ ლარით (3.4 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.5 მლნ ლარით (0.39 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44 პროცენტით გაიზარდა).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.1 მლრდ ლარის (0.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი).

2017 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით, ანუ 184.6 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.01 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.70 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ადრეც ვწერდით, რომ ლარში გამოტანილი სესხების ზრდა მოულოდნელი არ გახლავთ ლარიზაციის იმ პოლიტიკის ფონზე, რომელიც დოლარში სესხის გამოტანაზე ზღვრებსა და გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. თუმცა ამ ვითარებაში საინტერესოა, ემუქრება თუ არა ლარში გამოტანილ სესხებს შემდგომი გაძვირება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება ბათუმში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 14 ივნისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად - 7.0 %-ზე - დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

სებ-ის ცნობით, დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. 2017 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, 28304 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალა. შეიცვლება თუ არა ამიერიდან სესხების ფასი, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

2017 წლისპირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.6 მლრდ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით, გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით) და 30.3 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

XS
SM
MD
LG