Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება შეამცირა


საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2017 წელს, გასული წლისგან განსხვავებით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება შეამცირა. კერძოდ, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება, დაახლოებით, 83 მლნ ლარით შემცირდა. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა- მეღვინეობის განვითარება - 450 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 3 მლნ 400 ათასი ლარით.

ამის პარალელურად კი ამოქმედდა ახალი პროგრამები, რომლებიც სახელმწიფო დახმარების მეტ ფოკუსირებას გულისხმობს. ერთ-ერთი მათგანია მაღალმთიანი რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლის-მეურნეობის მიმართულების არ არის, თუმცა მასაც გულისხმობს.

ამ მიმართულებით ბოლო სიახლის თანახმად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოსა და წყალტუბოს მუნიპალიტეტები დაემატა.

პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად იქნება გამოყენებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები.

ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრების რაოდენობა არანაკლებ 11 მეპაიეს შეადგენს და მფლობელობაში არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული ჰყავთ, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები და სხვა საჭირო ინვენტარი.კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 0,5 და არა უმეტეს 2 ჰექტარი სათიბი გადაეცემა, ხოლო საძოვრის ფართობი - ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 ჰექტარი.

სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების რაოდენობა 24-დან 29-მდე გაიზარდა. პროგრამაში ჩაერთვებიან აღნიშნული 29 მუნიციპალიტეტის - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს - ის დასახლებები, რომლებზედაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება ვრცელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში -უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში - რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

XS
SM
MD
LG