Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში სამწლიან პროგრამას დააფინანსებს. ეს გადაწყვეტილება მისიის დონეზე იქნა მიღებული. პროგრამა დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით. მექანიზმი შემუშავებულია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც გადახდისუნარიანობა დაბალი აქვთ.

გადმოწერა

ახალი პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. გეგმა გულისხმობს უკვე განხორციელებულ ნაბიჯებს (აქციზის ზრდა, მოგების გადასახადის გადახდის მექანიზმის შეცვლა, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ა. შ.) და ასევე საპენსიო რეფორმას, კაპიტალის ბაზრის რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნას, სადაზღვევო სისტემის რეფორმას, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნას, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, მიწის რეფორმას, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებებსა და სხვა ცვლილებებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს ლოჯისტიკური და ტურისტული პოტენციალი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6 %-დან 9 %-მდე გაიზრდება. ამავდროულად, 26.5 %-დან 21.7 %-მდე შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები.

რეფორმები გულისხმობს ეროვნული ბანკის მიმართულებით რეფორმებსაც. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, განცხადებით, სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის რეზერვების განმტკიცებასა და ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გასული წლის მიწურულს გაკეთებული პროგნოზით, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7 % იქნება, ინფლაციის დონე კი - 2 %, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4 %-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო 3,4 %, 2017 წელს კი - 5,2%.

2017 წლის ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით ამ პროგნოზზე უფრო ოპტიმისტურია: იანვარში ეკონომიკური ზრდა 5,2 % იყო - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის წინასწარი შეფასება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ცნობით, 2015 წელს ეკონომიკა 2,9 %-ით, 2016 წელს კი 2,2 %-ით გაიზარდა. 2017 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 %-ია.

XS
SM
MD
LG