Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე რუსეთის პირობებზე დათანხმდა


ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებითგაზპრომ ექსპორტისმოთხოვნას დათანხმა. „გაზპრომ ექსპორტისსაბოლოო წინადადება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს და, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება. ბუნებრივი აირის ფასის შესახებ დაზუსტებულ განცხადებას ხელისუფლება არ ავრცელებს. შესაბამისად, ძნელი სათქმელია, რა მიმართებაშია ეს ფასი იმ პირობებთან, რა პირობებიც საქართველოს დღემდე ჰქონდა. თავად ხელისუფლება ამბობს, რომ, დაახლოებით, იმავე მოცულობისაა.

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა ქვეყანა რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად მიწოდებული აირის მთლიანი მოცულობის 10 %-ს იღებდა. საქართველო რუსეთისგან გაზს 2007 წლიდან არ ყიდულობს. 10 წლის განმავლობაში კონტრაქტი ყოველწლიურად ახლდებოდა და ყოველთვის საქართველოს ხელისუფლება ანაზღაურების ნედლეულით მიღების პოზიციას იცავდა ბოლომდე. ასევე იყო 2016 წლის მარტში, როცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ «გაზპრომთან» ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც ზემოაღნიშნული პირობა შენარჩუნდა, თუმცა ამ ხელშეკრულების ვადა გასული წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

ნედლეულით ანაზღაურების მიღება საქართველოს აძლევდა საშუალებას ჰქონოდა მუდმივად მზარდი მოცულობა ბუნებრივი აირისა და, პარალელურად, დაცული ყოფილიყო რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის ტარიფით მანიპულირებისა და ზეწოლისგან, რაც რუსეთის ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.

საინტერესოა, რომ ტრანზიტისთვის ნედლეულით ანაზღაურებას საქართველო მხოლოდ „გაზპრომისგან“ არ იღებს. სატრანზიტო გაზის 5 %-ს იღებს საქართველო, მაგალითად, „შაჰდენიზის“ სატრანზიტო გაზის ტრანსპორტირებით. სწორედ ნედლეულით გადახდილ წილზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული საქართველოს სამომავლო იმედები - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს, როცა სამხრეთკავკასიური მაგისტრალით 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანას ექნება სატრანზიტო გაზის მნიშვნელოვანი მარაგი – ტრანზიტის 5 % არის 300 მილიონი კუბური მეტრი, რაც უკვე საკმარისია იმ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ჩნდება ქვეყანაში თბოელექტროსადგურების გამო. 2019 წელს კი, როცა დამატებით 10 მილიარდი გაივლის გაზსადენით, 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი დარჩება საქართველოსთვის. აქედან ტრანზიტისთვის მიღებული 5 % იქნება იმ გაზის ნახევარი, რომელსაც დღეს საქართველო მოიხმარს. თუმცა ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება. ქვეყნის ენერგომომარაგებაში კი ძალიან მნიშნელოვანია დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილება გარანტირებულ ბუნებრივი აირის მარაგზე უარის თქმის ტოლფასია, რეალურად, და რუსეთისთვის ფასზე ვაჭრობისთვის დამატებითი ბერკეტის მიცემაა, რაც ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ დასაბუთებას და ახსნას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG