2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1703 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1 მილიარდ 260 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 111 მლნ. აშშ დოლარი იყო (35 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 601 მლნ. აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 33 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 35 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მარტში, შესაბამისად, 28, 34 და 26 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში 574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი იყო 129 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 445 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 27 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში - 29 პროცენტი და იმპორტში - 26 პროცენტი.
2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (342 მლნ აშშ დოლარი), ირლანდია (210 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (185 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (169 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში იყო სამკურნალო საშუალებები, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. სწორედ მედიკამენტების დამსახურებით აღმოჩნდა ირლანდია საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ რიგებში.
მეორე ადგილზე იყო ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი, 124 მლნ. აშშ დოლარით, რამაც იმპორტის 7 პროცენტი შეადგინა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 99 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).
რაც შეეხება ექსპორტს, ანუ პროდუქციას, რომლის რეალიზაციის წყალობით საქართველოში უცხოური ვალუტა შემოდის, 2016 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკლის ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.