სახელმწიფო საქართველოში ახალი სანერგე მეურნეობების შექმნასა და ნერგების გაშენებას სპეციალური პროგრამით ახალისებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის –„დანერგე მომავალი“ – ფარგლებში დღეისთვის სულ 14 განაცხადია დამტკიცებული.
არსებული მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, 14 ბენეფიციარზე გაცემულია, დაახლოებით, 576 ათასი ლარის დაფინანსება. სააგენტოს ინფორმაცით, მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსადა გურიაში იგეგმება ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღების გაშენება. ყველა ბენეფიციარი სააგენტოს დახმარებით მიიღებს დაფინანსებას, რომელიც სარწყავი სისტემის მოწყობასა დაახალი ხეხილის ბაღების გაშენებას მოხმარდება. დღემდე თანხის ძირითადი ნაწილი ვაშლის კულტურის დანერგვაზე დაიხარჯა, კერძოდ, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 90ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდა 85 ჰექტრამდე ვაშლის კულტურა, 1 ჰა-ზე – ატამი, 3.09 ჰა-ზე – ქლიავი, 1,2 ჰა-ზე – ბალი.
აღნიშნულ პროგრამას „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თებერვლის ბოლოდან ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამა იმ ფერმერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ვინც თავადაც შეძლებენ თანამონაწილეობის განხორციელებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ის და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსებას მოახდენს, სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ის.
პირდაპირი თანადაფინანსების გარდა, გლეხები თუ ფერმერები, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან, დამატებით სარგებელსაც მიიღებენ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცემათ შესაწამლი აპარატები; ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება; კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარს გაეწევა ტექნიკური დახმარება, ბაღის/სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.
ცხადია, პროგრამა 14 ბენეფიციარზე შეჩერებას არ აპირებს. სანერგე მეურნეობებისა და მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამისპირველი ეტაპი დასრულებულია, თუმცა უკვე 15 ივლისიდან სააგენტო ახალი განაცხადების მიღებას დაიწყებს და მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ.
არსებული ინფორმაციით, პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1000-1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღისა და 30-40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
როგორც მონაცემები ცხადყოფს, 15 მარტიდან მოყოლებული, როცა პროგრამა გამოცხადდა, საბოლოო მიზნიდან (1000-1200 ჰექტარი), ჯერჯერობით, მეათედია შესრულებული და სულ ნახევარი მილიონი ლარი ათვისებული. ცხადია, პირველი ეტაპი ყოველთვის რთულია და, დიდი ალბათობით, მომავალში ეს ტემპი უნდა დაჩქარდეს; თუმცა, რამდენად რეალისტური აღმოჩნდება პროგრამის წინასწარი გეგმა, ამის უკეთ პროგნოზირების საშუალებას, სავარაუდოდ, უკვე მეორე ეტაპის დასრულება მოგვცემს. ამ პროექტზეც, ისე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება დახარჯული თანხების ეფექტიანობის შეფასება, რაც უკვე მომავალ წლებში გახდება შესაძლებელი.