ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აპირებს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არა უგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა.
განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება მეორე პროექტი, რომელიც ქარის ენერგიის წარმოების მიმართულებით განხორციელდა საქართველოში. გასულ წელს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური, ”ქართლი”, გაიხსნა. პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ, შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“, განახორციელა.
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია - 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან. თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს. პროექტის სრული ღირებულება შეადგენდა 34 მლნ აშშ დოლარს. მათ შორის 24 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აღებული სესხია, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა. ქარის ტურბინების მომწოდებელი კომპანია "Vestas Benelux B.V."-ია, ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები კი ჩინური კომპანიის „China Nuclear Industry 23 Construction Co“-ის მიერ შესრულდა.
დეკემბერში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ენერგიის ინტეგრირება ენერგოსისტემაში გართულებული იყო და ამის გამო ქარის ელექტროსადგურის მუშაობა შეფერხებებით ხორციელდებოდა. ოფიციალურმა სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. ახლა კი ხელისუფლება ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე აკეთებს განაცხადს.
ქარის ელექტროსადგურის სავარაუდო პარამეტრებია: დადგმული სიმძლავრე - 150 მეგავატი, გამომუშავებული ელექტროენერგია - 478.2 მლნ. კვტ/საათი, ტურბინების რაოდენობა - 50 ერთეული, თითო ტურბინის დადგმული სიმძლავრე - 3 მეგავატი. პროექტის ღირებულება - 227 მლნ აშშ დოლარი.
შესაბამისად, ეს პროექტი გაცილებით მოცულობითია როგორც დაფინანსების, ისე სიმძლავრის თვალსაზრისით, ვიდრე არსებული ქარის ელექტროსადგური.
დღეისათვის ამ პროექტისთვის არსებობს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც იქნება საერთო საწარმოს საწესდებო კაპიტალში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ არაფულადი შენატანი, რომელიც 40 000 ლარადაა შეფასებული. საერთო საწარმოს თავდაპირველი საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს 400 000 ლარს. ინვესტორთა შერჩევის ტენდერის გამოცხადებასთან ერთად, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს. „ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შესაძლოა მოპოვებულ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნისა და გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - ნათქვამია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.