Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკა - მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მიზეზი


სარფის საბაჟო
სარფის საბაჟო

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტიანობა გახდა მიზეზი 21 მარტის საპროტესტო აქციისა, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ეკონომიკის დაგეგმილზე ნაკლები ზრდა, ექსპორტის, იმპორტისა და ტურიზმის შემცირება და სხვა - ეს ის ეკონომიკური პრობლემებია, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული 21 მარტის საპროტესტო აქციის წინ მთავრობის წარმომადგენლები შეეცადნენ ეკონომიკური წინსვლის სურათი დაეხატათ. 19 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს თებერვლის მონაცემები მოსთხოვა. ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის მეორე თვის სტატისტიკაზე ისაუბრა და თებერვალს „იმედიანი“ თვე უწოდა.

"თუ შარშან დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ. 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, არის 165 მილიონი ლარით მეტი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

2-პროცენტიანი ზრდა, პირველ რიგში, ჩვენი განვითარებისთვის არის კრიზისი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კრიზისი შეეხო ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, წვრილი მეწარმე იქნება, მანქანების გამყიდველი, საპარიკმახერო აქვს თუ ნებისმიერი რამ...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ამ განცხადების მიუხედავად, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისული ვითარებაა. ამ ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ ლარის დევალვაციის შედეგები და მის ნიადაგზე გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები ყველა ოჯახს შეეხო:

„2-პროცენტიანი ზრდა, პირველ რიგში, ჩვენი განვითარებისთვის არის კრიზისი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კრიზისი შეეხო ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, წვრილი მეწარმე იქნება, მანქანების გამყიდველი, საპარიკმახერო აქვს თუ ნებისმიერი რამ. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ უმუშევრები არიან. მაგალითად პენსიონრები რომ ავიღოთ, პენსია 150 ლარი დღევანდელი კურსით არის უფრო ნაკლები, ვიდრე 125 ლარი იმდროინდელი კურსის მიხედვით. შესაბამისად იკლებს თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ამაშია საქმე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარ შეფასებებს არ ეთანხმება და მთავრობის მუშაობას იწონებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“, ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. 20 მარტს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მუშაობას „ძალიან კარგად“ აფასებს:

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

„[მთავრობა] აბსოლუტურად თანმიმდევრულია... პატარა შეცდომები, რომელიც არ არის კრიტიკული და არ არის შეგნებით გაკეთებული იმისთვის, რომ ვიღაც დააზიანონ და ქვეყანა დააზიანონ, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოძებნოთ. არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს მთავრობა, რომელსაც არ ჰქონდეს გადაცდომები“.

ბიძინა ივანიშვილი პესიმისტურად არც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აფასებს, სირთულეებს გარე ფაქტორებს უკავშირებს, ხოლო ლარის გაუფასურების გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკრიტიკებს:

„თავში, როდესაც დაიწყო მერყეობა და ამას ჰქონდა მიზეზები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. იმის შემდგომ, როდესაც ლარი საკმაოდ დაეცა, მაშინაც ეკონომიკას მივაწერე და არა ეროვნულ ბანკს. მესამედ, როდესაც აშკარად ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და აჟიოტაჟში მოახერხა და გადაიტანა ეს პროცესი, მაშინაც სწორი შენიშვნა მივეცი“.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამი არ გაიზიარა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მან ეროვნული ბანკის ნაბიჯების სისწორის დასამტკიცებლად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები მოიშველია:

„ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ფუნდამენტურად საკითხის გადაჭრას, ამ საკითხის გამოსწორება შესაძლებელია ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებით, ქვეყანაში სავალუტი შემოდინებების აღდგენით“.

შედეგებს თუ დავაკვირდებით, ზრდა გვაქვს, მაგრამ თუ ინფლაციას შევადარებთ, ცხადია, სიტუაცია არ არის კარგი... დიახ, არის ეს მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებით ვერ გავფრინდებით...
დემურ გიორხელიძე

ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორების, ანუ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროების ზრდის - აუცილებლობას იზიარებს ბევრი ეკონომისტი. ამას მოითხოვს ოპოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ტურიზმის, ექსპორტისა და ინვესტიციების მატების გარეშე მთავრობა ნაკისრი სოციალური ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „კრიზისს უწოდებენ“ მთავრობის მიერ დაგეგმილ 2- პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებისგან განსხვავდება ეკონომისტთა ნაწილის მოსაზრებები. ექსპერტი დემურ გიორხელიძე შექმნილ მდგომარეობას კრიზისად არ მიიჩნევს:

„რაც შეეხება მიმდინარე შემოსავლებს, რა თქმა უნდა, არ არის ეს ისეთი, როგორიც სასურველია, მაგრამ ვარდნა არ არის. 2 პროცენტი ზრდა - ეს არ არის კრიზისი, ეს არის ძალიან ცუდი ზრდა, მაგრამ კრიზისი ცოტა სხვა რამეს ჰქვია. შედეგებს თუ დავაკვირდებით, ზრდა გვაქვს, მაგრამ თუ ინფლაციას შევადარებთ, ცხადია, სიტუაცია არ არის კარგი... დიახ, არის ეს მონაცემები, მაგრამ ამ მონაცემებით ვერ გავფრინდებით“.

ექსპერტული გაანგარიშებით, იმისთვის, რომ საქართველო განვითარების დონით საშუალო ევროპულს მიუახლოვდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 10-12 პროცენტით იზრდებოდეს.

XS
SM
MD
LG