საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.9 პროცენტით გაიზარდა. ეკონომისტების ნაწილი ეკონომიკის განვითარების ამგვარ ტემპს არასაკმარისად მიიჩნევს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, 2016 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 2,9 პროცენტი შეადგინა.