Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე: სამხედროები ხელისუფლებას ივნისის ბოლოს დათმობენ


ეგვიპტის მმართველმა სამხედრო საბჭომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ მიმდინარე თვის ბოლოს აპირებს ხელისუფლების გადაცემას ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის.

პრეზიდენტის ვინაობა ოფიციალურად ხუთშაბათს, 21 ივნისს, გახდება ცნობილი. კენჭისყრა გასულ შაბათ-კვირას ჩატარდა.

თუმცა შეიარაღებული ძალების უზენაესმა საბჭომ ორშაბათს სხვა ნაბიჯიც გადადგა - საკუთარ თავს საკანონმდებლო უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაუფართოვა, რასაც ეგვიპტის პოლიტიკოსები გმობენ და „გადატრიალებად“ აფასებენ.

ამასთან, საბჭომ საკუთარ თავს ასევე მიანიჭა სახელმწიფო ბიუჯეტის გაკონტროლების უფლება, ისევე როგორც ვეტოს უფლება ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც მის მიერ დანიშნულმა საბჭომ უნდა შეადგინოს.
ეგვიპტის მედიამ ეს ნაბიჯები მყისიერად დაგმო. ისმის მოსაზრება, რომ ამ ახალი ზომების განხორციელება ახალ პრეზიდენტს, ფაქტობრივად, ძალაუფლების გარეშე დატოვებს.

„სამხედროებმა ძალაუფლება სამხედროებს გადასცეს“ - ასეთი სათაურით დაბეჭდა მთავარი სტატია ყოველდღიურმა დამოუკიდებელმა გამოცემამ „ალ-მასრი ალ-იომმა“.

ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ დემოკრატიული ცვლილებები დაწყებული გვაქვს. ეს გაგრძელდება ...
ალ-არიანი

ორშაბათს პენტაგონმა განაცხადა, რომ ეგვიპტელი სამხედროების მიერ გადადგმული ნაბიჯებით „ღრმად შეშფოთებულია“. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ „დემოკრატიული ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს“.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა ჯორჯ ლიტლმა ჟურნალისტებს უთხრა, აშშ თვლიდა, რომ მმართველი სამხედრო ძალები ხელისუფლებას „სრულად“ გადასცემდნენ დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო პრეზიდენტს - ისე, როგორც ამას სამხედრო საბჭო თავადვე აცხადებდა.

პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, აშშ კვლავაც მოუწოდებს სამხედრო საბჭოს, ხელისუფლება არჩეულ სამოქალაქო მთავრობას დაუთმოს.
კენჭისყრაში ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა - „მუსულმანთა საძმოს“ კანდიდატი მუჰამედ მურსი და აჰმად შაფიკი, რომელიც დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსმი მუბარაქის მთავრობაში ბოლო პრემიერ-მინისტრი იყო.
„მუსულმანთა საძმო“ აცხადებს, რომ, ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მისმა კამდიდატმა, მურსიმ მოიპოვა.

„საძმოს“ გავლენიანმა წევრმა, ესსამ ალ-არიანმა განაცხადა, ეგვიპტეში დემოკრატიული ცვლილებები გაგრძელდებაო: „ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ დემოკრატიული ცვლილებები დაწყებული გვაქვს. ეს გაგრძელდება. ამ ქვეყანაში ინსტიტუტებს შევქმნით და იმ ინსტიტუტებსაც დავაბრუნებთ, რომლებიც სამხედრო საბჭოს მიერ გაუქმებული იყო.“

შაფიკის მომხრეები გამარჯვების თაობაზე „მუსლიმთა საძმოს“ განცხადებას არ იზიარებენ, თუმცა სახელმწიფო მედიამაც გაავრცელა ცნობა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მურსი ლიდერობს.

ახალი პრეზიდენტის ვინაობა ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG