Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირში აღმოსავლეთის პარტნიორობაზე იმსჯელეს


ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში შემუშავებული აღმოსავლეთის პარტნიორობა არის პროექტი, რომელიც 2008 წელს წარმოადგინეს პოლონეთმა და შვედეთმა და უკვე ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს, მაისში, პრაღაში დაამტკიცეს. მასში ჩართულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყანა. მათ შორისაა საქართველო. მოლდავეთი ბოლო ხანს დაემატა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე აღმოსავლელი პარტნიორების და ევროკავშირის სამიტი, წელიწადში ერთხელ კი - საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ამჯერად 13 დეკემბერს გაიმართა ბრიუსელში. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ ბრიუსელის ამ შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი სამიტის გარშემოც. ეს საყურადღებო იმიტომაა, რომ მომავალი სამიტი 2011 წლის მაისში გაიმართება იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში - უნგრეთში, რომელიც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევა. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზოგადად აღმოსავლეთის პარტნიორობამ უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს შეიძლება მეტ დინამიკას მიაღწიოს, ამბობს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში, დან ალექსე, რომელიც თვლის, რომ მომავალი წელი შეიძლება საქართველოსთვის განსაკუთრებული გახდეს. მისი აზრით, რაიმე კონკრეტულ სიახლეს ექვსთვიანი პრეზიდენტობის დროს უნგრეთი, ალბათ, ვერ მიაღწევს, მაგრამ საქართველოსა და მთელ კავკასიას ევროპა უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. საგარეო საქმეთა მინისტრების ამ კვირის შეხვედრაზე და მასთან ერთად ევროპის პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტის თემების განხილვაზე გვიამბობს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში დან ალექსე:

„ორივე ინსტიტუტში - აქ, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ევროპარლამენტში, სტრასბურგში - ორი მთავარი თემა განიხილეს: სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროპის კავშირსა და ექვს ქვეყანას შორის და, რაც მოქალაქეთათვის უფრო მნიშვნელოვანია, ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის შესახებ. კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არც კონკრეტული განცხადება გაკეთებულა. ბევრი ისაუბრეს აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი წლის სამიტის გარშემო, რომელიც გაიმართება უნგრეთში. ეს ქვეყანა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა 2011 წლის იანვრიდან ექვსი თვით. ბრიუსელში უფრო შემაჯამებელი დისკუსია იყო. ოდნავ მეტად ცოცხალი და კონკრეტული გამოდგა განხილვა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში, სადაც არსებობს საქართველოს მომხრე დუპუტატების ლობი. ამ დეპუტატთაგან არაერთი იყო უკმაყოფილო იმით, რომ ევროპის პარლამენტმა განზე გასწია ევროპის კავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის დაახლოების საკითხი.“


ჩვენმა კორესპონდენტმა განმარტა ასევე სავიზო რეჟიმის გარშემო დისკუსიის არსი. მისი თქმით, ექვს პარტნიორ ქვეყანას, კავკასიის სამ სახელმწიფოს - აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, ბელორუსიასა და მოლდავეთს, ევროპის კავშირი სხვადასხვაგვარად უყურებს. კრიტერიუმები საზოგადოების მდგომარეობა და რეფორმების გატარების დონეა. მაგალითად, საქართველოს, მისი თქმით, არ უყურებენ ბელორუსიის მსგავსად. საქართველო და უკრაინა ევროკავშირის თვალში, ამ სავიზო რეჟიმის შემსუბუქების მოლაპარაკების ჩარჩოებში, ყველაზე განვითარებული ქვეყნები არიან. რაც შეეხება კავკასიას, საქართველო იქაც მოწინავეა, მას მოსდევს სომხეთი და შემდეგ აზერბაიჯანი. რას მოუტანს საქართველოს სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, რაც, ალექსეს თქმით, არ არის ხანმოკლე პროცესი და რისი გატარებაც არ მოხდება ასე უცბად და მალე?

„პირველი კონკრეტული ზომა იქნება ვიზის აუცილებლობის გაუქმება ან, სულ ცოტა, სამთვიანი ვიზის გამარტივებულად მიღების შესაძლებლობა. საუკეთესო შემთხვევაში, მოქალაქეებს შეეძლებათ ევროპაში მოგზაურობა ვიზის გარეშე სამი თვის განმავლობაში. ეს არის, რასაც ახლო მომავალში უნდა ველოდეთ. ამის მისაღწევად (ამაზე მე გუშინ მქონდა საუბარი ბრიუსელში გაფართოების კომისარ ფიულეს წარმომადგენელთან), ექვს ქვეყანას მოეთხოვება ტექნიკური ზომების გატარება. პირველი მოთხოვნა ეხება ისეთი პასპორტების შემოღებას, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე მოთხოვნაა საინფორმაციო სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა უკეთ გაკონტროლდეს საქართველოს მოქალაქეების მოძრაობა ევროპის შიგნით. ამას ერთვის საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ვალდებულება, რომ თავის მოქალაქეებს განუმარტოს: როცა სამი თვით ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება ამოქმედდება, ეს სულაც არ იძლევა ევროპაში მუშაობის უფლებას.“

დან ალექსემ გვითხრა, რომ ევროპის კავშირმა ამ მხრივ მწარე გაკვეთილი უკვე მიიღო, როცა სავიზო რეჟიმები გაუუქმა ზოგიერთ ქვეყანას და, ისედაც კრიზისის პირობებში, იაფი მუშახელი მოაწყდა მას. ასე რომ, მალე აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები მიიღებენ ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის უფლებას, მაგრამ არ მიეცემათ აქ მუშაობის საშუალება. როგორც ითქვა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება არის პროცესი, რომლის თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ სამიტზე, უნგრეთში, გაისად მაისში, მანამდე კი, ასევე შესაძლებელია, თებერვალში ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოილაპარაკონ რაიმე კონკრეტულ ზომაზე. დან ალექსე ამბობს, რომ ახლა ევროპის კავშირზე ბევრი არაა დამოკიდებული, ექვსმა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს. აღმოსავლეთის პარტნიორობა ახალგაზრდა პროექტია, ამბობს ჩვენი კოლეგა და ამითაც ხსნის იმას, რომ გათვალისწინებული ზომები ელვისებური სისწრაფით არ ხორციელდება.

სავიზო რეჟიმთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობასაც განიხილავს ევროკავშირი ექვს ქვეყანასთან, რომლებსაც საშუალება უნდა მიეცეთ გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ევროპის კავშირში მაღალი გადასახადების გარეშე. დან ალექსეს თქმით, ამ მხრივაც არის პრობლემები და ბრიუსელში არც ამ საკითხზე მიუღიათ გადაწყვეტილება, მხოლოდ მიზნის შესახებ გაკეთდა განცხადება, „რადგან აქაც, ტექნიკურ მხარეზე მოლაპარაკება ძალიან რთულია. ყოველ პროდუქტზე პარტნიორმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ, უნდა შეასრულოს ტექნიკური მოთხოვნების მთელი წყება. და ამისთვის საჭიროა ეკონომიკური და პოლიტიკური გარანტიები. ბრიუსელში ყველამ იცის, რომ საქართველოს რთული პერიოდი უდგას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ასევე სოციალურად და ევროპის კავშირსაც, თავის მხრივ, სირთულეები აქვს - ზოგიერთი ქვეყანა გაკოტრდა. ამდენად, თავისუფალი ვაჭრობის საკითხის განხილვა უფრო ნელა მიიწევს წინ, ვიდრე აქამდე. გაკეთდა პოლიტიკური მიზნის შესახებ განცხადება - ითქვა, რომ ოფიციალურად ყველას სურს, როცა დადგება დრო, როცა პირობები მოგვცემენ შესაძლებლობას, მისცენ საქართველოს და ხუთ დანარჩენ ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის უფლება, მაგრამ არაა ეს საჩქარო საქმე. ევროპის კავშირი მტკიცედ მოითხოვს თავისი პირობების შესრულებას, რაც საქართველოს მხრიდან დიდ ძალისხმევას საჭიროებს“, - გვიამბო ბრიუსელიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა დან ალექსემ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც ორშაბათს გაიმართა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG