Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანი საერთაშორისო რეაქციის მოლოდინში


დვანელების გასაჭირი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00
გადმოწერა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები ქარელის რაიონის სოფელ დვანთან ე.წ. საზღვრის მონიშვნას განაგრძობენ. დვანის მკვიდრნი გააფრთხილეს, რომ ომის დროს დამწვარი სახლები, რომლებსაც ამჟამად სათავსოდ იყენებენ, დატოვონ, ვინაიდან დაახლოებით 150 ჰექტარი მიწა მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდება. დღეს საქართველოს ოკუპირებულ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ მსჯელობდნენ თბილისშიც, მოსკოვშიც და ნიუ-იორკშიც, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს.

ოკუპირებული ტერიტორიის სოფელ მუგუშის გამგებელმა ზაურ ვალიევმა დვანელი მერაბ მეკარიშვილი გააფრთხილა, რომ ორ დღეში დაცალოს ომის დროს დამწვარი სახლი, რომელსაც ახლა სათავსოდ იყენებს, ვინაიდან იქ ე.წ. საზღვარი უნდა გაივლოს. როგორც დვანელმა ზაალ ახალკაცმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თუ ე.წ. საზღვრის მონიშვნა გაგრძელდება იმ ხაზზე, სადაც ახლა მიმდინარეობს, მავთულხლართების მიღმა დაახლოებით 150 ჰექტარი მიწა აღმოჩნდება:

„მავთულხლართები უნდა გაავლონ და სოფელში გააფრთხილეს სამი მაცხოვრებელი, რომ შიგ სოფელში 50 მეტრით უნდა გადმოიწიოსო საზღვარმაო და სამი სახლი რჩება იქეთ და დაცალეთ და გაიტანეთ, თორემ 2 დღეში სულ ყველაფერი აქეთ დარჩებაო და ვეღარაფერს გაიტანთ მერეო, აღარ შემოგიშვებთო. იქეთ ატოვებინებენ ყველაფერს. თუ ეგრე გამოჰყვნენ, ალბათ, ერთი 150 ჰექტარი სახნავ -სათესი მოჰყვება იქეთ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, მოსკოვისთვის დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე "თბილისის პოლიტიკური სპეკულაციები" მიუღებელია. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ფილიპ ლეფორს, სატელეფონი საუბრისას განუცხადა, საქართველო ეწევა „პროპაგანდისტულ ისტერიკას ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ფილიპ ლეფორი, კარასინს შესაბამის პასუხს გასცემდა:

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოცდას სწორად გავივლით. მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავს ჩართული, ინფორმირებული და მათი რეაქციები და ჩვენი ძალისხმევა იმ შედეგს მოიტანს, რომ ესკალაცია რეგიონში არ მოხდება...
ირაკლი ალასანია
„რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს ხელშეუხებელი, რომ ეს არის საქართველოს საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საზღვრები და ამ საზღვრებს შიგნით ხდება სწორედ ამ მავთულხლართების გავლება. ეს პრინციპულად არასწორი მიდგომაა, როცა ბატონი კარასინი ამბობს, რომ ჩვენ ვითომ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან. ასეთი საზღვარი არ არსებობს, რადგან სამხრეთი ოსეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საკითხის დასმას გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას აპირებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდინარე პროცესი არის საქართველოს ხელისუფლების მოთმინების გამოცდა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოცდას სწორად გავივლით. მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავს ჩართული, ინფორმირებული და მათი რეაქციები და ჩვენი ძალისხმევა იმ შედეგს მოიტანს, რომ ესკალაცია რეგიონში არ მოხდება“.

დვანში მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მოახდინოს:

"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში და თან ამის შესახებ, პრაქტიკულად, ვერავინ გაიგო. ეს გაკეთდა ისე, რომ რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხშირად ამბობდნენ, ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი ვერ მიტანდა. ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ გეგმაზომიერ შეტევას აქვს ადგილი საქართველოს სუვერენიტეტულ საზღვრებზე, მიუხედავდა იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში?!"

იმიტომ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის ისეთ პერიოდში ვერაგული დარტყმის მოყენება, როდესაც საერთაშორისო ყურადღება გადატანილია სხვა რამეზე. მაგალითად, 2008 წელს როდესაც დაგვარტყა, მაშინ ყურადღება გადატანილი იყო ოლიმპიადაზე...
თენგიზ ფხალაძე
მეტი საერთაშორისო ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ექსპერტთა ნაწილი. როგორც „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, პრინციპული რამ, რაც ხელისუფლების ქმედებებს აკლია, არის პოზიციის სიმკაცრე. ხოშტარიას სიტყვებით, რუსეთთან უპერსპექტივო ურთიერთობათა დარეგულირების სურვილის გამო, ხელისუფლება პოზიციას არბილებს. ამასთან, მოუხედავად იმისა, რაც ხდება ოკუპირებულ საზღვრებთან, საუბარი არის იმაზე, რომ პროგრესია რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ესეც, ელენე ხოშტარიას სიტყვებით, არის პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა:

„რეალობის ადეკვატური შეფასების გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო რეაქცია იყოს მობილიზებული. ეს - ერთი. მეორე, არ არის ამუშავებული ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ამ ბერკეტებს ყველას ერთად ამუშავება სჭირდება. შენ თუ პარალელურად გაეროში, ევროკავშირში, ეუთოში, ორმხრივად სახელმწიფოებში არ იმუშავე და ეს მუშაობა უნდა იყოს „ალარმისტური“, ანუ, თუ საჭიროა, პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს ტელეფონი და დარეკოს ხელმძღვანელებთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა განახორციელოს სპეციალური ვიზიტები, ის კი არა, რომ ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი და რომ ჩავლენ, მაშინ იტყვიან, ახსენებენ. სპეციალური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ კონკრეტულ პრობლემაზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილებისთვის“.

„გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელს თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ სწორედ ახლა, როცა გაეროს გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს ნიო-იორკში, სადაც ყველაზე მაღალი პოლიტიკური ფორუმია შეკრებილი, იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მტკივნეული საკითხების დაყენება და ამაზე საერთაშორისო რეაგირების მოპოვება. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შეფასება:

„იმიტომ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის ისეთ პერიოდში ვერაგული დარტყმის მოყენება, როდესაც საერთაშორისო ყურადღება გადატანილია სხვა რამეზე. მაგალითად, 2008 წელს როდესაც დაგვარტყა, მაშინ ყურადღება გადატანილი იყო ოლიმპიადაზე. ახლა მთელი მსოფლიო მიჯაჭვული იყო სირიის კრიზისზე და რუსეთი ამ სიტუაციებს ძალიან კარგად იყენებს და ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც დაიწყო სწორედ ახალი და ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო ტრიბუნა იმისათვის, რომ არა მხოლოდ დავაფიქსიროთ, არამედ რაღაც ქმედითი ნაბიჯები განვახორციელოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურნენ და შეშფოთება გამოხატეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიქაელ ასტრუპ იანსენმა და ბორის ცილევიჩმა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეს ღობეები და დაბრკოლებები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ზიანის მომტანია სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობებისთვის“.„მოვუწოდებთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების მშენებლობა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცენ", - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG