Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი თანამემამულეებს ერთიანობისკენ მოუწოდებს


პარიზელი პოლიციელები ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას
პარიზელი პოლიციელები ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას

პარიზის პოლიციის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პარალელურად მოწყობილ თავდასხმებში დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ადამიანი, ხოლო დაიჭრა და დაშავდა კიდევ ათობით პირი. მიღებული ცნობების თანახმად, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა პარიზის ცენტრში მდებარე რესტორან „კარილიონში“, რის შემდეგაც გაიქცა დანაშაულის ადგილიდან.

რამდენიმე თავდამსხმელი შეიჭრა „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა აშშ-ის როკჯგუფის, Eagles of Death Metal-ის კონცერტი. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე მისულ პოლიციას და მძევლად აიყვანეს ასამდე პირი.

ამ თავდასხმების პარალელურად სამი აფეთქება მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, სადაც მიმდინარეობდა საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი.

ამ თავდასხმებს მყისვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თანამემამულეებს მიმართა მოწოდებით ერთიანობისკენ, რადგან, მისივე თქმით, ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG