Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუ უმაროვი „სოჭის ოლიმპიური თამაშების აღკვეთის“ მოწოდებით გამოდის


კადრი დოკუ უმაროვის ვიდეომიმართვიდან
კადრი დოკუ უმაროვის ვიდეომიმართვიდან
ინტერნეტით ოთხშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჩრდილოეთ კავკასიის ისლამისტური მეამბოხე მოძრაობის ლიდერი დოკუ უმაროვი ჯიჰადის მონაწილეებს მოუწოდებს იერიში მიიტანონ რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის - 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.

ისლამისტი მეამბოხეების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უმაროვი, რომელიც თვითგამოცხადებული ისლამისტური სახელმწიფოს - კავკასიის საამიროს - ლიდერია, „რეგიონში და რუსეთის სხვა ადგილებში მოქმედ ყველა მუჯაჰედ მებრძოლს“ მიმართავს მოწოდებით, არ დაუშვათ „სატანისტური თამაშების გამართვა ჩვენი წინაპრების ძვლებზე - იმ უამრავი მუსლიმანის ძვლებზე, რომლებიც დაიღუპნენ და შავი ზღვის გასწვრივ ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნიო“.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა იმედოვნებს, რომ სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებით მსოფლიოს რუსეთის ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებებს აჩვენებს.

თუმცა სოჭი ჩრდილო კავკასიის რეგიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს - რეგიონის, სადაც პოსტსაბჭოთა წლებში ორი ომი მოხდა ჩეჩნეთში და სადაც დღესაც ხშირია ძალადობა - მათ შორის, დაღესტანში, ინგუშეთსა თუ ყაბარდო-ბალყარეთში.

რუსეთის მთავრობას ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად გაძლიერების ბრძანება აქვს გაცემული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ში, ბოსტონის მარათონზე აფეთქების მოწყობა ბრალად წაეყენა ორ ეთნიკურად ჩეჩენ ძმას. ბრალდებულებს ცხოვრების გარკვეული ნაწილი შუა აზიასა და ჩრდილო კავკასიაში ჰქონდათ გატარებული.

ახალ ვიდეოში უმაროვი ასევე ამბობს, „ურწმუნოები მუსლიმების მიწაზე კერპთაყვანისმცემლურ ღონისძიებებს ატარებენ და ჩვენს ისლამურ ღირებულებებსა და კანონებს უგულებელყოფენო“. უმაროვმა ამის მაგალითად მოიტანა 27-ე უნივერსიადა, რომელიც შაბათს იწყება ყაზანში - თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში.

უმაროვს მოსკოვის მთავარ მტრად აღიქვამენ მას შემდეგ, რაც მან გადაიბარა ისლამისტური მეამბოხეების ლიდერის ფუნქცია. ეს მოძრაობა განაგრძობს თავდასხმების მოწყობას სხვადასხვა სამიზნეზე და პერიოდულად შეტაკებები მოსდის რუსეთის ფედერალურ ძალებთან.

რუსეთის მთავრობამ რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ უმაროვი ლიკვიდირებული იყო, თუმცა ის ამ განცხადებას ყოველ ჯერზე აბათილებდა, კვლავ ჩნდებოდა და კიდევ უფრო სასტიკი თავდასხმების მოწყობის პირობას დებდა.

დოკუ უმაროვმა იკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვის მეტროში 2010 წელს მოწყობილ აფეთქებებზე, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, და ასევე 2011 წელს „დომოდედოვოს“ აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც 37 ადამიანი შეეწირა.

ოთხშაბათს გავრცელებულ ვიდეოში უმაროვი ამბობს აგრეთვე, რომ აუქმებს ადრე გამოცხადებულ მორატორიუმს რუსეთში „ჯიჰადის“ ოპერაციებზე, და შენიშნავს, როგორც ჩანს, კრემლმა ჩვენი კეთილი ნება ჩვენს სისუსტედ აღიქვაო.
XS
SM
MD
LG