Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა, "საზღვრის" გავლების პარალელურად, მოქალაქეთა დაკავება დაიწყეს


გორის რაიონის სოფელ დიცში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი - 24 წლის როსტომ სოსიაშვილი. სოსიაშვილი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ჯარისკაცებმა "საზღვრის" გადმოწევა დაიწყეს. დიცელები სოსიაშვილის დაკავების ორ ვერსიაზე საუბრობენ - ერთნი ამბობენ, რომ საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ გამოიყვანა სოსიაშვილმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზოლიდან სოფლის მოზარდები, რომლებიც მინდორში პირუტყვს აძოვებდნენ და მათ რუსი მესაზღვრეები დასაკავებლად ეპარებოდნენ, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ სოსიაშვილი ნასვამი იყო და ისე გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ არავის დაუნახავს. უკვე ცნობილია, რომ დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. შეშფოთებული დიცელები წუხელ სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის როსტომ სოსიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსში ჩააყენა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოებს წუხელ შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა "საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გიორგობიანის განმარტებით, უკვე დაწყებულია მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად.

სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ და ახალი "საზღვრის" გავლება დაიწყეს - მათ ჩაარჭეს ძელები, რომლებზეც მავთულხლართებს აბამენ. ძელებს მიღმა რჩება ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაო, დამუშავებული მიწის ნაკვეთები, რამდენიმე სახლი და წყლის სათავე ნაგებობა. დიცელებმა ჯერ არ იციან ნაკვეთებს როგორ მორწყავენ, არც ბერუაშვილებმა იციან მავთულხლართების მიღმა ცხოვრებას როგორ გააგრძელებენ.

დიცში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებების მიუხედავად, რუსი ჯარისკაცები მშვიდად განაგრძობენ "საზღვრის" გავლებას. სავარაუდოა, რომ დაძაბული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 31 მაისს გაიმართება ერგნეთში. ამ შეხვედრაზე ქართული მხარე დიცისა და დვანის ინციდენტების საკითხს დააყენებს და მოითხოვს ბოლო დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG