სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკამ" წელს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მწერალი შემოიყვანა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში - მე-20 საუკუნის შუა პერიოდის იტალიელი მწერალი დინო ბუცატი.
მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანი "თათრების უდაბნო" იტალიურიდან თარგმნა მადონა ბოკუჩავამ. მართალია, იგი დაგვიანებით, მხოლოდ ახლა ითარგმნა ქართულად, მაგრამ ამ ავტორისადმი სიყვარული ასე 25-იოდე წლის წინ გაჩნდა ქართველ მკითხველში, როცა, შესანიშნავი სერიით "თანამედროვე პროზის ოსტატები", მისი წიგნი რუსულ ენაზე გამოიცა. აქ ზემოხსენებულ რომანთან ერთად მისი მოთხრობებიც იყო შესული: მოკლე, იგავურ სტილში, გამოკვეთილი სტრუქტურით და კონცეფციით, "კაფკიანური", "ბორხესიანული" თუ ეგზისტენციალური უიმედობით. ძალიან ბევრჯერ გადამიკითხავს მისი "შვიდი მალემსრბოლი", "შვიდი სართული" თუ "კურიერის მატარებელი" და სხვებთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ მწერლის წერის მანერაზე, იმ განსაკუთრებულობაზე, რაც მის ტექსტებს მოჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ასე გამიხარდა მისი გამოჩენა ქართულ ენაზე და "თათრების უდაბნოც" მეოთხედი საუკუნის შემდეგ თავიდან გადავიკითხე. წიგნის შეფასება მწერალ გიორგი ლობჟანიძეს ვთხოვე და საუბარში გაირკვა, რომ ისიც ჩემსავით ახალგაზრდობაში გაეცნო ამ რომანს და ახლა ხელმეორედ მიუბრუნდა. მოვუსმინოთ მის შთაბეჭდილებებს:
"პირადი დამოკიდებულებიდან რომ დავიწყო, რომ მკითხონ, რომელმა რომანმა იმოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად, რაც ცხოვრებაში წამიკითხავს, ალბათ, იქნება დინო ბუცატის "თათრების უდაბნო". მართლა უცნაური წიგნია, იმიტომ რომ, განსხვავებით ბევრი სხვა ნაწარმოებისაგან, სადაც ამბავი გიზიდავს და თხრობის დინამიკაც ამ ამბავს მიჰყვება, აქ სტატიკურად არის გაჩერებული დრო და რომანი ისე მთავრდება, რომ ერთსა და იმავე წერტილში უყურებ პერსონაჟს, რომელიც შენს თვალწინ უძრავად არის და მოძრაობას ასახავს მხოლოდ მისი ფიქრების გარკვეული მდინარება და ხედვის კუთხის ცვალებადობა. ძნელი დასაწერია ტექნიკური თვალსაზრისით და მერე ძნელი გადმოსატანია ნებისმიერ სხვა ენაზე. მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ მართლა არაფერი არ ხდება ცხოვრებაში და ადამიანი, რომელიც ელოდება თავის მთავარ ბრძოლას, სიკვდილის წინ აღმოაჩენს, რომ მისი ერთადერთი მთავარი ბრძოლა არის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბრძოლა, რომელშიც ის მარცხდება. თითქოს ძალიან ბუნებრივია, თითქოს ბანალურია, ბოლოს და ბოლოს, ეს ჭეშმარიტება ყველამ ვიცით, მაგრამ სწორედ ამ ბანალურობაში, ამ სტატიკურობაში, მწერლის ასეთ გამანძილებულ დამოკიდებულებაში ჩანს ძალიან დიდი ოსტატობაც, რომლის მსგავსი ოსტატიც მე მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად მეგულება".
თაობების ურთიერთობის პრობლემაა ძალიან ნაღვლიანად აქ დასმულიც და გადაწყვეტილიც. როგორ ვერ ამჩნევს ახალგაზრდობა იმას, რასაც უკვე ხედავს მოხუცი ადამიანი და როგორ არ აინტერესებს მოხუცს ის, რასაც ხედავს და რაც აინტერესებს ახალგაზრდობას...გიორგი ლობჟანიძე
ესაა რომანი, რომლის სიუჟეტი ორ წინადადებაში ეტევა, ისე, როგორც წიგნის ანოტაციაშია: "სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში გზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს..." ჯოვანი დროგო 35 წელიწადზე მეტს მტრის ლოდინში ატარებს, ხოლო როცა, ბოლოს და ბოლოს, მტერი გამოჩნდება, მას, დაავადმყოფებულს და დაუძლურებულს, ციხესიმაგრიდან უშვებენ, რათა სიკვდილს არა დიდების შუქის ქვეშ, ბრძოლის ველზე შეებრძოლოს, არამედ უცხო, იაფფასიან სასტუმროში, სრულიად მარტოსული. ყველასთვის გასაგებია, რომ ამაში არაა არავითარი სიუჟეტური ინტრიგა, ესაა სქემა, რომელშიც ავტორი თავის პერსონაჟებს ამწყვდევს. ესაა ლოდინის, გადავადებების, იმედის ნაპერწკლების გაჩენის და ჩაქრობის, ფორმალობების, რუტინის რომანი. თუმცა რუტინაცაა და რუტინაც: არსებობს რუტინა, რომელშიც ადამიანები იწყენენ, თავი ბეზრდებათ, მაგრამ რაღაცას ქმნიან, რაღაცას სჩადიან, ბუცატი კი მეორე, უფრო უარეს, ფუჭ რუტინას გვაჩვენებს, სადაც აბსოლუტურად არაფერი იქმნება (და არც ინგრევა) და ადამიანის სიცოცხლის არსი აბსურდული ხდება. და, რაც მთავარია, გვაჩვენებს, თუ რამდენად ორგანული ხდება თანდათანობით ადამიანისთვის ეს რუტინა და, შესაბამისად, რამდენად უცხო და მიუღებელია ის გარემო, სადაც ცხოვრების დინამიკა ჯერ კიდევ რაღაც ფორმებით შენარჩუნებულია.
მოვუსმინოთ კვლავ გიორგი ლობჟანიძეს:
"მტერმა ცხოვრების ინტერესი უნდა გააჩინოს იმ ადამიანებში, რომლებიც ღვთისგანაც და კაცისგანაც მივიწყებულ მხარეში არიან. იცავენ, კაცმა არ იცის, რას, იმიტომ რომ იქ საზღვარი აბსოლუტურად პირობითია, არის ერთი გადაჭიმული თათრის უდაბნო, საიდანაც მტერი რამდენი ხანია არ გამოჩენილა, ანუ პრაქტიკულად ეს არის ძალიან დიდი ირონია ჩვენს ღირებულებების სისტემაზე, იმაზე, რასაც საერთოდ ვიცავთ ხოლმე ცხოვრებაში. რა არის დასაცავი რეალურად, როცა ჩვენს შიგნით არის ის ყველაფერი, მთელი მტერი არის შენს თავში და შენ მუდმივად გარედან ელოდები თავდასხმას. და ეს ძალიან საინტერესოდ აქვს გაკეთებული: სიტყვის თამაშის დონეზე, სიტუაციურ დონეზე და მიგითრევს მთელი არსებით. მე რომ ვკითხულობდი, გამაგიჟა სიტუაციამ, რომ პრაქტიკულად არაფერი მაინტერესებს: გავედი ლამის წიგნის ბოლოში და არაფერი არ ხდება. მაინც რატომ ვკითხულობ? მაგრამ ეგეც ადამიანის ინტერესია: მე მაინც ველოდებოდი, რომ გარედან მოვიდოდა მტერი, თუმცა სწორედ ისე მთავრდება, როგორც უნდა დამთავრდეს და ისე მიდის ყველაფერი, როგორც უნდა იყოს".
აღსანიშნავია, რომ "თათრების უდაბნო" გამოიცა 1940 წელს, თავად დინო ბუცატი კი მისი შექმნის პერიოდში გაზეთ "კორიერე დელა სერას" სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა. ანუ რა გამოდის? ფაშისტურ იტალიაში მცხოვრები მწერალი, რომელიც ფრონტის ხაზზე იყო გამწესებული, წერდა ისტორიას ფუნქციადაკარგულ სამხედრო პირებსა და სამხედრო ცხოვრებაზე, იმაზე, რომ შეიძლება დედამიწის ზურგზე იყოს წერტილი, სადაც "უიმედო მშვიდობაა". რომ არა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტი, შეგვეძლო გვეთქვა, რომ სამხედრო გარემო ბუცატისთან სრულიად სიმბოლურია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, სიმბოლურობის მიღმა აშკარად ჩანს ავტორის პოზიციაც, მისი ვნება, მილიტარისტული გარემო ვაკუუმში მოაქციოს, ეს კი ტექსტის მკაცრ, ალეგორიულ ესთეტიკაში სატირის თუ გროტესკის ელემენტებსაც აჩენს, ფორმალურ სამხედრო საქმიანობაში ჩაძირულ სევდიან, ტრაგიკულ პერსონაჟებს გარკვეულ კარიკატურულობას სძენს.
მოვუსმინოთ კვლავ გიორგი ლობჟანიძეს:
"თაობების ურთიერთობის პრობლემაა ძალიან ნაღვლიანად აქ დასმულიც და გადაწყვეტილიც. როგორ ვერ ამჩნევს ახალგაზრდობა იმას, რასაც უკვე ხედავს მოხუცი ადამიანი და როგორ არ აინტერესებს მოხუცს ის, რასაც ხედავს და რაც აინტერესებს ახალგაზრდობას. არსებობს წიგნები, რომლებიც ყველა თაობისთვის საინტერესოა და იკითხება. მე ცოტა ადრე მომივიდა ამ წიგნის წაკითხვა, იმიტომ რომ როცა წავიკითხე, 22 წლის ასაკში, დაახლოებით, მაშინ საერთოდ არ იმოქმედა და ახლა, როცა ხელახლა მივუბრუნდი, საერთოდ სხვა რამეები დავინახე, და დინო ბუცატიც დაღვინებული გამოცდილებების მწერალია და მკითხველიც მზად უნდა იყოს ამის გასაგებად".
საბოლოო ჯამში, დინო ბუცატი არის მწერალი, რომელიც დროის მდინარებას იკვლევს ადამიანის გარეგან და შინაგან ცხოვრებაში და ამ ორი დროის კონფლიქტს გამოკვეთს. ჩვენებურად რომ ვთქვათ, იგი "წუთისოფელს" უტრიალებს და მის შესახებ იგავებს თხზავს. ამ თვალსაზრისით, ალბათ, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მოთხრობების კრებულიც ითარგმნება და ქართველ მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა, იტალიელი კლასიკოსის მიერ აგებულ "წუთისოფლის" სხვა სტრუქტურებსაც გაეცნოს.