Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიაგნოზი C ჰეპატიტი - საფრთხე გაუფრთხილებლობის გამო


სვირინგისა და სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი რისკის დაწესებულებებია, რომელთა მონიტორინგიც ჯანდაცვის სამინისტრომ 28 იანვარს დაიწყო. როგორ შეიძლება შემცირდეს C ჰეპატიტის გავრცელების რისკი? რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს მაღალი რისკის დაწესებულებებში? რამდენად მწვავედ დგას C ჰეპატიტის პრობლემა საქართველოში და როგორია პრობლემის აღმოფხვრის გზები?

რევოლვერის მსგავსი აპარატი, თავზე დამაგრებული ნემსით, გაბმულად ზუზუნებს. სალონში, სადაც სვირინგებს ხატავენ, ეს პატარა რევოლვერი მხატვრის მთავარი იარაღია. პატარა ოთახის ოთხივე კედელი ნახატებითა და ფოტოებითაა გავსებული. ნახატებზე სვირინგებია გამოსახული, ფოტოებზე - ადამიანები, ამ სვირინგებით. კლიენტებისათვის განკუთვნილი საწოლის თავზე ფურცელი კიდია, რომელიც გვამცნობს, რომ ეს სალონი ოფიციალურადაა დარეგისტრირებული, როგორც მცირე ბიზნესი.

სალონის მფლობელი და, როგორც თავის თავს გავრცელებული ჟარგონით უწოდებს, მთავარი „ტატუიროვშიკი“, 24 წლის ინგა ჭედიაა. ის ამ საქმით უკვე სამი წელია, რაც დაკავებულია. ამბობს, რომ კლიენტი ბევრია და მრავალფეროვანი:

„ყველანაირი კატეგორია, მაგალითად, კონსერვატორიის მასწავლებლიდან დაწყებული, ყველა იხატავს. უბრალოდ, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ყველას თითქმის ერთნაირი რამე უნდა: მგლები, ჩიტები და ეგეთი რაღაცები. ძირითადად 25 წელს გადაცდენილი ადამიანები მოდიან. ხშირად არიან არასრულწლოვნებიც, მაგრამ მათ არ ვახატავთ“.

საღებავში, პირველ რიგში, რკინის შემთხვევაა საშიში. მაგალითად, წითელი საღებავი, ხშირ შემთხვევაში, ალერგიულია, კანის გაღიზიანებას იწვევს...
ინგა ჭედია

სვირინგის დახატვას რამდენიმე ეტაპი სჭირდება. პირველ რიგში, კლიენტი სასურველ ნახატს არჩევს. ხატვის პროცესის ხანგრძლივობა სვირინგის ზომასა და ფერების რაოდენობაზეა დამოკიდებული, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ერთი კვირა მაინცაა საჭირო, რომ ნახატი კანზე სრულყოფილად გამოისახოს. როგორც ინგა ჭედია ამბობს, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უსაფრთხოების დაცვაა. უნდა გაითვალისწინო, როგორ საღებავს და ნემსს იყენებ სამუშაოდ:

„საღებავში, პირველ რიგში, რკინის შემთხვევაა საშიში. მაგალითად, წითელი საღებავი, ხშირ შემთხვევაში, ალერგიულია, კანის გაღიზიანებას იწვევს. თან ეს რეაქცია ხატვის პროცესში არ ჩანს. შეიძლება უარყოფითი ეფექტი წლების შემდეგ მივიღოთ“.

მნიშვნელოვანია ასევე სამუშაო იარაღები ერთჯერადი იყოს:

„ერთჯერადი ნემსები, ერთჯერადი ნემსის თავები - გარდა მანქანისა, ყველაფერი ერთჯერადი უნდა იყოს. იგივეა საღებავის შემთხვევაშიც. ნახმარი საღებავის გამოყენება არ შეიძლება. ის სპეციალურ პატარა ჭიქებში ჩამოისხმება. ყველაფერი მაქსიმალურად სტერილურია, რაც საქართველოს პირობებში შეიძლება იყოს“.

უსაფრთხოების ნორმების დაცვა სხვადასხვა დაავადებისა თუ ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლადაა მნიშვნელოვანი - განსაკუთრებით იმ ვირუსების, რომლებიც სისხლით ადვილად გადადის. დღემდე სვირინგის სალონებში არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, რომელიც სტერილიზაციას გააკონტროლებდა. 2015 წლის 28 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სილამაზისა და სვირინგის სალონების, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტების აღრიცხვა დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ამბობს, ეს პროგრამა პროექტ „შეაჩერე C“-ს ფარგლებში ამუშავდა, რაც C ჰეპატიტის გავრცელებასთან ბრძოლას გულისხმობს:

„ჩვენ თუ ერთი ხელით პაციენტებს ვუმკურნალეთ და მეორე ხელით ახალი პაციენტები მივიღეთ, C ჰეპატიტს ვერასდროს აღმოვფხვრით. ამიტომ რისკჯგუფების შედგენა, მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების აღრიცხვა და მონიტორინგი დავიწყეთ“.

რაც შეეხება ტატუსა და სილამაზის სალონებს, აქ რეგულაცია საერთოდ არ არსებობდა - რაოდენობაც კი არ ვიცოდით, რამდენი იყო ქვეყანაში. ჩვენმა სამსახურებმა ინვენტარიზაცია დაიწყეს როგორც თბილისში, ასევე რაიონებში, რასაც უახლოეს კვირაში დავამთავრებთ...
ვალერი კვარაცხელია

ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რეგულაციის სამსახურის - წარმომადგენლები სვირინგისა და სილამაზის სალონების, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმებასა და აღრიცხვას იწყებენ. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სტომატოლოგიურ კაბინეტებში გარკვეული რეგულაციები აქამდეც იყო, სალონებში კი ეს მონიტორინგის პირველი შემთხვევაა:

„რაც შეეხება ტატუსა და სილამაზის სალონებს, აქ რეგულაცია საერთოდ არ არსებობდა - რაოდენობაც კი არ ვიცოდით, რამდენი იყო ქვეყანაში. ჩვენმა სამსახურებმა ინვენტარიზაცია დაიწყეს როგორც თბილისში, ასევე რაიონებში, რასაც უახლოეს კვირაში დავამთავრებთ. ამის შემდეგ აღვრიცხავთ ყველა დაწესებულებას, დავიწყებთ გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან“.

შემოწმების შემდეგ სამინისტრო ყველა ამ დაწესებულებას ორ თვეს აძლევს დარღვევების გამოსასწორებლად და ჯარიმები მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ ყველაფერი წესრიგში არ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მოსწონს ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის წევრს პაატა საბელაშვილს, რომელიც ასევე C ჰეპატიტის პრობლემაზე მუშაობს. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლებშიც C ჰეპატიტი ყველაზე მეტადაა გავრცელებული:

„ინფექციის გავრცელების მიზეზი საქართველოში და მსგავს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინფექციური კონტროლის მექანიზმები და უსაფრთხო სისხლის პროგრამები ძალიან გვიან დამკვიდრდა, მეტადრე საქართველოში, რომელმაც ძალიან ბევრი ომი, უშუქობა, სტერილიზაციის პირობების დაუცველობა გამოიარა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს“.

გარდა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა, პრობლემაა მაღალი რისკის დაწესებულებებისადმი კლიენტების დამოკიდებულებაც. როგორც სვირინგების მხატვარი ინგა ჭედია ამბობს, კლიენტები უსაფრთხოების ნორმებს ყურადღებას თითქმის არასდროს აქცევენ:

„არაფერს კითხულობენ, არც B და C ჰეპატიტზე გვეკითხებიან. ეს ინფორმაცია, ჩვეულებრივ, კედელზე უნდა იყოს ხოლმე გამოკრული, თუმცა არავინ აქცევს ყურადღებას და არც კანონი ითხოვს“.

ინგა ჭედია მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა იზრუნონ, ვინც სვირინგებს ხატავს, რადგან, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაავადება მათაც გადაედებათ:

„ყოველ ექვს თვეში უნდა მიხვიდე, B და C ჰეპატიტზე ტესტები კეთდება. შემდეგ ანალიზის პასუხები სალონშივე უნდა გააკრა. ევროპაში ასეა მიღბული. მეც მქონდა. ახლა პასუხებს ველოდები“.

ზოგიერთი ექიმის მხრიდან ვაწყდებოდით სტიგმასა და დისკრიმინაციას. იმის გამო, რომ ადამიანები საკუთარ სტატუსს ამჟღავნებენ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექიმი უარს ეუბნებოდა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.
კონსტანტინე ლაბარტყავა

მისი თქმით, რეგულაციების შემოღება აუცილებელია როგორც მისი, ასევე კლიენტების უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, როგორც აღნიშნავს, დიდი რისკია სვირინგის დაურეგისტრირებელ სალონებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ბევრად იაფია, მაგრამ უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული.

რაც შეეხება სტერილიზაციას, ის მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ერთჯერადი ხელსაწყოების გამოყენებაა. ამასვე ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰეპატოლოგი გოჩა ბარბაქაძეც. მისი თქმით, C ჰეპატიტის ვირუსი ძალიან ძნელად კვდება, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

„საკმაოდ მდგრადი ვირუსია. უნდა დავიცვათ სრული რეჟიმი და დრო, რაც ამ ვირუსის გაუვნებელყოფას სჭირდება. თუ დროს ან სასტერილიზაციო ხსნარებში დამუშავებას დავაკლებთ, შეიძლება ვირუსი გაიპაროს“.

როგორც ექიმი ამბობს, მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების სტერილიზაციას რამდენიმე ეტაპი სჭირდება, რომლებიც აუცილებლად დასაცავია:

„გარეცხვა, შემდეგ სასტერილიზაციო ხსნარში დამუშავება, შემდეგ კი მშრალი ან თერმული სტერილიზაცია. ერთჯერადი ინსტრუმენტების გარდა, ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება და სისხლთან ან ლორწოვან გარსთან აქვს კონტაქტი, ასე უნდა დამუშავდეს“.

პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წევრი კონსტანტინე ლაბარტყავა უკვე რამდენიმე წელია C ჰეპატიტითაა დაავადებული. როგორც ამბობს, ამ სტატუსის გამო ხშირად შეჰქმნია პრობლემები:

„ზოგიერთი ექიმის მხრიდან ვაწყდებოდით სტიგმასა და დისკრიმინაციას. იმის გამო, რომ ადამიანები საკუთარ სტატუსს ამჟღავნებენ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექიმი უარს ეუბნებოდა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე“.

კოკა ლაბარტყავა აღნიშნავს, რომ პაციენტს აქვს უფლება საკუთარი სტატუსი არ გაამხილოს და ამ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოებისა და სტერილიზაციის ნორმები დაცული იქნება, ვირუსის გავრცელების რისკიც არ არსებობს.

ასევე ფიქრობს ჰეპატოლოგი გოჩა ბარბაქაძეც. მისი თქმით, ყველანაირი კანონის მიუხედავად, ექიმებს და იმ ადამიანებს, რომლებიც C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი რისკის დაწესებულებებში მუშაობენ, სინდისი ავალდებულებს უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით დაიცვან. ამ შემთხვევაში დაცული იქნება როგორც მათი, ასევე პაციენტებისა და კლიენტების უსაფრთხოება.

XS
SM
MD
LG