Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპოზიტებისა და სესხების მაჩვენებელი საქართველოს ბანკებში


ამ დღებში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა საკითხი, თუ რომელ ვალუტაში ინახავენ საქართველოს მოქალაქეები დანაზოგს და როგორ აისახება ეს ლარის კურსზე. ასევე არაერთი კითხვა დაისვა ბანკებში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება ლარის კურსის ცვლილება ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე. ამ კითხვებზე, ნაწილობრივ მაინც, პასუხს იძლევა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 198.7 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 12.8 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2014 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 25.5 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდა მთლიანად გამოწვეულია მიმდინარე ანგარიშების ზრდით. ამ პერიოდში ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 59.0 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) და 4 მილიარდ 47 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა მეტწილად დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშებზე. ლარის რესურსის 62.4 პროცენტი მიმდინარე ანგარიშებზე მოდის.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.3-პროცენტიანი (11.7 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 3.67 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა განპირობებული იყო ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდით. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წლის ივლისში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 63.2 პროცენტს გაუტოლდა. ივლისის ბოლოსთვის იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 55.4 და 78.3 პროცენტს შეადგენდა.

ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირების დაახლოებით 80 პროცენტი დანაზოგს უცხოურ ვალუტაში ინახავს, თუმცა, მეორე მხრივ, დეპოზიტების რაოდენობა ლარშიც იზრდება, რასაც ზემოთ უკვე მოყვანილი მონაცემებიც ცხადყოფს.

რაც შეეხება დანაზოგზე მიღებულ სარგებელს, ლარის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები, ცხადია, გაცილებით მაღალია, ვიდრე დოლარში არსებულ დანაზოგზე. კერძოდ:

საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე უცვლელია და 5.2 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 7.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი უცვლელია და 4.5 პროცენტის დონეზეა.

რაც შეეხება სესხებს:

2015 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 261.9 მლნ ლარით გაიზარდა და 14.68 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა კი 35.4 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 14.7 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელი, მეტწილად, ეროვნული ვალუტით სესხების ზრდის ხარჯზე გაიზარდა. ივლისის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.3 პროცენტი მოდიოდა გრძელვადიან სესხებზე, რომლის 68.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული, მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 43.2 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 88.7 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და 5.31 მლრდ ლარს გაუტოლდა. ზრდის დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 28.1 მლნ აშშ დოლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.24 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 63.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.

ცხადია, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვისაც აღებული სესხის დროულად გასტუმრება უჭირს: ივლისის თვეში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა და 343.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 პროცენტს გაუტოლდა.

XS
SM
MD
LG