რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრის პოსტს ნოდარ ჯავახიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, დაიკავებს. რა გახდა დავით შავლიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი?
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - ეს არის ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა 21 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. მინისტრის გადადგომის ეს მიზეზი დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად პრემიერ-მინისტრმაც:
„საკმაოდ სერიოზული დაავადება ჯერ კიდევ დეკემბერში გამოუვლინდა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო საკმაოდ რთული ვითარება, ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო“.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი შავლიაშვილის მუშაობა და მისი ეფექტიანობა. თქვენი სამინისტროს შესრულება შეადგენს 107 %-ს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი...ირაკლი ღარიბაშვილი
როგორც პრემიერი, ისე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ირწმუნებიან, რომ არავითარი სხვა მიზეზი 31 წლის დავით შავლიაშვილის გადადგომისა, არ არსებობს. თუკი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომას - კონკრეტულად კი, პირველი აპრილის სხდომას - გავიხსენებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ პრემიერ-მინისტრმა მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით საქებარი სიტყვები წარმოთქვა:
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი შავლიაშვილის მუშაობა და მისი ეფექტიანობა. თქვენი სამინისტროს შესრულება შეადგენს 107 %-ს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ასე რომ, გილოცავთ“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით შავლიაშვილს მინისტრის პოსტზე მისი პირველი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის. ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის მოადგილედ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, დაინიშნა. როგორც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ამბობს, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ინფორმაცია მინისტრის გადადგომის თაობაზე. ის არ გამორიცხავს, რომ მინისტრის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი მართლაც ჯანმრთელობის გაუარესება იყოს, რადგან წლის დასაწყისში ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამკურნალოდ. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მას ამ ხნის განმავლობაში არ სმენია, რომ ხელისუფლებას დავით შავლიაშვილის მიმართ უკმაყოფილება გამოეთქვას.
თუმცა მინისტრის მისამართით ერთგვარი უკმაყოფილება თავად ნოდარ ჯავახიშვილმა გამოთქვა მარტის დასაწყისში. გაზეთ „კვირის პალისტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ:
„არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია“.
ნოდარ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გამოთქვამდა უკმაყოფილებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერების ჩატარების პრაქტიკის გამო. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისთვის შეუსაბამოა, როცა ტენდერში სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ამ ხარვეზის შესახებ წერდა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშში ტენდერების ჩატარების თაობაზე. გამოკვლევის ავტორები მაშინ მიუთითებდნენ, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში თანამდებობის პირთა კომერციული ინტერესები იკვეთებოდა.
ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ მიზეზით თანამდებობიდან წასვლა ძალიან არადამაჯერებელია და თვითონ მთავრობა გამოიყურება ძალიან არასერიოზულად...გია ხუხაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ნოდარ ჯავახიშვილის სამინისტროში მისვლისთანავე გაჩნდა გარკვეული მოლოდინი დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან წასვლისა და რომ უმჯობესია, თუკი მთავრობა ამა თუ იმ მინისტრის პოსტიდან გადადგომის „უფრო რეალურ მიზეზებს“ დაასახელებს ხოლმე.
„ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ მიზეზით თანამდებობიდან წასვლა ძალიან არადამაჯერებელია და თვითონ მთავრობა გამოიყურება ძალიან არასერიოზულად, როდესაც ასეთი მიზეზით ხდება ახალგაზრდა კაცის სამსახურიდან გაშვება“, - მიაჩნია გია ხუხაშვილს.
დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თარხნიშვილი. მისი სიტყვებით, დავით შავლიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი:
„მისი სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა ის სფეროები, რომლებშიც ათობით მილიონი საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა. მაგალითად, წყლის ინდუსტრია, რომელშიც ორ-ნახევარ მილიონამდე თანხა გაიფლანგა და, მიუხედავად ამისა, საქართველოს ათობით სოფელში დღეს სასმელი წყალი ან არ არის, ან შეზღუდვებით მიეწოდებათ“.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ზუსტად ორი თვით ადრე სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე. სწორედ წყლის ინდუსტრიაში აღმოჩენილ თანხის გაფლანგვას უკავშირებდნენ გიორგი კობერიძის თანამდებობიდან გადაყენებას. სამინისტროში გადასვლამდე ის სწორედ წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდა და თითქმის ორი წლის მანძილზე დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე იყო. გიორგი კობერიძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ინიაციატორი თავის დროზე სწორედ დავით შავლიაშვილი გახლდათ.
31 წლის დავით შავლიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად 2014 წლის ივლისში დაინიშნა. მისი გადადგომით საჭირო არ ხდება მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადება. ამ დროისათვის არსებულ მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. შავლიაშვილი რიგით მეხუთეა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დატოვა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა.