Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა


ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა

გასულ კვირას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებას 2014 წლის ანგარიში წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება, გაწეული მუშაობის ანგარიში ფურცელზე საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. სწორედ ამიტომ დღეს შეძლებისდაგვარად კონკრეტულად წარმოვადგენთ სამინისტროს საქმეების ჩამონათვალს, რომელშიც იქნებ საკუთარი რეგიონის მოგვარებული ან მოსაგვარებელი პრობლემაც ამოიცნოთ:

სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა - 140.4 კილომეტრზე მოძრაობა გაიხსნა, ჯამში, 40,1 კმ ჩქაროსნულ გზაზე.

რაც შეეხება წყალმომარაგების სამუშაოებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB/EU) პირველი სესხის (40 მლნ. ევრო) ფარგლებში, დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 დასახლებულ პუნქტში: ჭიათურა, ტყიბული, ურეკი, ოზურგეთი, ასპინძა, კასპი, სურამი, სართიჭალა, ლანჩხუთი, ზესტაფონი, წყალტუბო, წალენჯიხა. ბანკის მეორე (40-მილიონიანი) სესხისა და 8-მილიონიანი გრანტის ფარგლებში კი, დაკონტრაქტდა 21 პროექტი. სამუშაოები მიმდინარეობს გურჯაანში, ახალციხეში, აბაშაში, სენაკში, ხობში, ონში, ოზურგეთში, წნორში, ბოლნისში. სხვადასხვა პროექტებიდან მიღებული ეკონომიების ფარგლებში, საექსმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა წყალტუბოში, სურამში, ზესტაფონში, სართიჭალაში, მარნეულში, კასპში, თერჯოლაში, ფოთში, სენაკში. კომპანიის სახსრებით, სამუშაოები მიმდინარეობს კასპში, მარნეულში, ახალ სამგორში, სოფ. ლაითურსა და სოფ. ნოსირში.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, დასრულდა 30 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტის პირველი ფაზა ანაკლიასა და მესტიაში - სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა.

სამინისტროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, ტურისტული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის მიზნით, განხორციელდა 33 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 34.1 მლნ. ლარი.

2014 წელს კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი.

გასულ წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განხორციელდა 82 მლნ ლარის ღირებულების 20 პროექტი.

30 ობიექტზე განხორციელდა 45,4 მლნ ლარის ღირებულების ნაპირდაცვითი ღონისძიებები.

ქვეყნის მასშტაბით, დასრულდა 82 ამბულატორიის მონტაჟი.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა შენდება. კლინიკის მშენებლობის ღირებულებაა 41 მილიონი ლარი. იწყება მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროში. მშენებლობის ღირებულებაა 3.7 მლნ. ლარი.

ხელი მოეწერა ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულებას.

მომზადდა 300-ადგილიანი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე: მშენებელ კომპანიასთან უკვე გაფორმდა 5 მლნ. 250 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი.

სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დასრულდა მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ საპროექტო სამუშაოები; მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის შეფასება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

საბოლოო ჯამში კი, ანგარიშის თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე სამინისტროს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დაახლოებით, 12 800-მდე დროებითი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

ცხადია, ჩამონათვალი შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა აქვე ისიც ჩანს, რომ ჩამოთვლილი საქმიანობის საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს განხორციელების ფაზაშია. ამიტომ პერსპექტივაში მნიშვნელოვანია იმ დაპირებების გადამოწმება, რომლებიც ამ ანგარიშის დროს მიმდინარე და სამომავლო პროექტების დასრულების ვადებთან დაკავშირებით გაიცა.

XS
SM
MD
LG