Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებულები


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 მაღალჩინოსნის დაკავებისა და ბრალდების საფუძვლებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. შსს-სა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს ძირითადად ბრალი ედებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამდენიმე პირის საქმეში ფიგურირებს ეპიზოდი, სადაც საუბარია ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ასევე უკანონო და არასანქცირებულ მოსმენებზე. შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსანთა ნაწილს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა მას მხოლოდ დაკავებულთა ნაწილი აღიარებს.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა დანაშაულებებს შეეხება, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე იკვეთება შემდეგი დანაშაულებრივი ქმედება:

”შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში, ანუ ოთახში, აუდიო და ვიდეოთვალთვალის განხორციელება”.

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, კუდ-ის თანამშრომლები ახორციელებდნენ პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. ამასთან, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მსგავსი უკანონო შეღწევა მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საზღვარგარეთ, ნინო ბურჯანაძის
სააკაშვილი და მისი გუნდი მზად უნდა იყვნენ, როგორც მე მათ ვურჩევდი არჩევნებამდე, ფსიქოლოგიურად მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის-მეთქი, ახლაც ვეუბნები, ფსიქოლოგიურად მოემზადონ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რისთვისაც მათ ხალხმა უარი უთხრა და ჩამოაშორა ხელისუფლებას, ის პრობლემები იქნება გამოძიებული, გამორკვეული და ვიღაცებს მოუწევთ პასუხისგება...
დავით უსუფაშვილი

კომპიუტერში, ასევე კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. მთავარმა პროკურორმა ასევე ისაუბრა ეპიზოდზე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და თბილისის მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის საქმეს უკავშირდება. ეპიზოდში ჩანს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესარიონ სურმავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამბავი. პროკურორის განცხადებით, ბესარიონ სურმავა შანტაჟის გზით აიძულეს პირადად ეკისრა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ უკანონო მოსმენის საფუძველზე მოპოვებული მასალების გამოქვეყნება ინტერნეტპორტალ youtube- ზე:

“2012 წლის 27 სექტემბერს, გამთენიისას, ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ გადაყვანილ იქნა მოდულის შენობაში. ბესარიონ სურმავას წახალისების მიზნით, შოთა ხიზანიშვილმა დაავალა კონსტიტუციური უსაფრთხოების მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომ მისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, 100 ათასი დოლარი შეეთავაზებინათ, თუმცა, საბოლოოდ, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ, მას 150 ათასი ევრო გადაუხადეს. ეს ფული ბესიკ სურმავას გადაეცა მოდულის შენობაში და საამისოდ გამოყენებული იქნა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა”.

ამის შემდეგ ბესიკ სურმავა აღარ გაუშვეს და აჭარაში რამდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება, განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის მიერ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი ეპიზოდის შესახებ იყო საუბარი. ის შეეხებოდა კონსტიტუციური უსაფთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ”ქართუ ჯგუფის” ქონების განზრახ დაზიანებას.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შსს-ს დაკავებული მაღალჩინოსნების თემის კომენტირებისას ოპონენტებს მოუწოდებს მზად იყვნენ იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭმიტანილების მიმართ განხორციელდება სამართლებრივი დევნა:

”სააკაშვილი და მისი გუნდი მზად უნდა იყვნენ, როგორც მე მათ ვურჩევდი არჩევნებამდე, ფსიქოლოგიურად მოემზადეთ ოპოზიციაში ყოფნისთვის-მეთქი, ახლაც ვეუბნები, ფსიქოლოგიურად მოემზადონ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რისთვისაც მათ ხალხმა უარი უთხრა და ჩამოაშორა ხელისუფლებას, ის პრობლემები იქნება გამოძიებული, გამორკვეული და ვიღაცებს მოუწევთ პასუხისგება”.
დღეს, ფაქტია, გამოძიებას ძალიან სერიოზული გამოწვევა უდგას, უპასუხოს ამ კითხვებს და უპასუხოს არა პოლიტიკური გავლენების პირობებში, არამედ ისე, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება, კანონის უზენაესობის პირობებში...
გიორგი მელაძე


პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი მელაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლება საზოგადოებრივ დაკვეთაზე აპელირებით ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას და რომ წარმოდგენილი ბრალდებები საკმაოდ სუსტია:

”არის სურვილი, რომ მოხდეს სამართლებრივი რაღაც ზომების გამოყენება ამ ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ საფუძველი ამ წუთისთვის არის ძალიან სუსტი. ამიტომ ტოვებს ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას. დღეს, ფაქტია, გამოძიებას ძალიან სერიოზული გამოწვევა უდგას, უპასუხოს ამ კითხვებს და უპასუხოს არა პოლიტიკური გავლენების პირობებში, არამედ ისე, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება, კანონის უზენაესობის პირობებში”.

გიორგი მელაძისგან განსხვევით, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გაგი მოსიაშვილი ვერ ხედავს დაკავებისას საზოგადოებრივ დაკვეთას და მიაჩნია, რომ კანონის უზენაესობა ეხება ყველას:

”მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდა ან ხდება პირთა დაკავება. აქ არის კანონის უზენაესობაზე საუბარი - კანონის უზენაესობა საფუძველი უნდა იყოს ყველა იმ ქმედებისა, რომელსაც პროცესის მწარმოებელი ორგანო ახორციელებს”.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტს - კერძოდ, შოთა ხიზანიშვილის დაკავებას - გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მან მომხდარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათი გუნდის დაშინების მცდელობად შეაფასა:
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

”შოთა ხიზანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი. ის ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, ბოლო თვეებში ის გახდა ვიცე-მერი. მე მესმის და ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისთვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა, იმიტომ რომ ის არის პირადად ჩემი ძალიან უახლოესი მეგობარი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფითებას შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შსს-ს მაღალჩინოსანთა დაკავების კომენტირებისას ამბობს, რომ უმცირესობის წარმოდგენა, რომ დანაშაული დაუსჯელი დარჩებოდა, არ გამართლდება და რომ ვერანაირი წარსული თანამდებობრივი იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერც ერთ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 12 დაკავებული თანამშრომლიდან ნაწილს ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს. მათგან ზოგიერთი ბრალს არ აღიარებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG