ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, საკუთარ მიწის ნაკვეთში, ადგილობრივი მცხოვრები ვაჟა თოთლაძე შვილთან ერთად ბალახს თიბავდა. მოულოდნელად მის ნაკვეთში რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თოთლაძის ვაჟი გამოიქცა და ამბავი ოჯახის წევრებს აცნობა, 53 წლის საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ნაკვეთში "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც კნოლეველები ამბობენ, თოთლაძის ნაკვეთი ოსური მიტოვებული სოფლის, ხაბელაანის, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 300 მეტრით არის დაშორებული. სოფელ კნოლევის მკვიდრი ბადრი ციქუბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივ მცხოვრებს სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ.
თოთლაძის დაკავებიდან რამდენიმე წუთში ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის ინფორმაციით, თოთლაძე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, მის გასათავისუფლებლად კი უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ენუქიძის თქმით, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე დაკავებულის გათავისუფლების შესახებაც იმსჯელებენ, მაგრამ ამ შეხვედრის მთავარი თემა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხურვალეთსა და წითელუბანში შექმნილი ვითარება იქნება. ენუქიძის ინფორმაციით, სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უკვე მუშაობს და ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებისას პრობლემები არ შეექმნება.
ადგილობრივი მოსახლეობა კი რამდენიმე დღეა ხელისუფლების დახმარებას და ადგილზე ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო პრობლემების მოგვარებას ითხოვს. სოფლებს არა აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი, დაუსრულებელია ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოები, დასაჩქარებელია მოსავლის აღება. შაბათს სოფელში გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი ჩავიდა და ადგილიდან პრემიერ-მინისტრს ახალი ინიციატივა შესთავაზა, რაც საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლებისთვის განსაკუთრებული მზრუნველობის დროებითი ზონების შექმნას ითვალისწინებს.
ერთი კვირის წინ ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მესაზღვრეებმა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რასაც საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა საოკუპაციო ბანერი ამოაძრო და გადააგდო, მის ადგილას კი საქართველოს დროშა დაამაგრა. დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს დროშა ჩამოიღეს და ადგილზე განაცხადეს, რომ ბანერს ისევ აღმართავდნენ. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა იმ ქართველი ჟურნალისტების მიმართ, ვინც ბანერის ამოღებაში მონაწილეობდა,სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ოსური სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმე სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისა და სახელმწიფო სიმბოლოებისადმი ვანდალური დამოკიდებულების ფაქტზე აღიძრა.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს კი ყველაზე მძიმე დღე პარასკევი გამოდგა: მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჟურნალისტებისა და ხურვალეთში სტუმრად ჩასული ადამიანებისთვის გზა ჩაკეტა და იქ დამატებითი ძალები შეიყვანა, ვითარება დაიძაბა.
შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებს შორის, რომლებიც ადგილზე მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად იყვნენ ჩასულები. დააკავეს „თავისუფალი ზონის“ ხუთი წარმომადგენელი. პოლიციამ ხურვალეთის შესასვლელთან უსაფრთხოების ზომები უფრო გაამკაცრა და ეს რეჟიმი 20 ივლისამდე შენარჩუნდება. ორშაბათს ერგნეთში „ინციდენტების პრევენიციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება.