ასამდე ადამიანია დაშავებული უკრაინის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით დაშავებულთა შორისაა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტიც. ამ დროისათვის, გრუშევსკის ქუჩაზე მობილიზებულია ასობით სპეცდანიშნულების რაზმის წევრი. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს კიევში სიტუაციის გამწვავებაში, მოითხოვს კიევის ცენტრიდან გაიყვანონ სპეცდანიშნულების რაზმები და დაიწყონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. თეთრი სახლის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კეითლინ ჰეიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი დანაშაულად ცნო და პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები დაასუსტა, რასაც სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა. ვაშინგტონი მოუწოდებს კიევს უარი თქვას რამდენიმე ხნის წინ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონზე, შეწყვიტოს ძალადობა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა განაგრძობს გადახედოს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის სანქციების ამოქმედებას, აღნიშნავს ჰეიდენი. გუშინ, დღის მეორე ნახევარში, კიევის ცენტრში დემონსტრანტებსა და მილიციას შორის შეტაკება მოხდა. კიევში შეტაკებები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა წინააღმდეგობა გაეწია ახალი კანონისთვის, რომელიც ზღუდავს პროტესტის გამოხატვას. დემონსტრანტებმა ჯოხებით იერიში მიიტანეს პოლიციაზე, როცა პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. პარლამენტის შენობისკენ გზა პოლიციის რიგებით და ავტობუსებით იყო გადაკეტილი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1