პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მოისმინეს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის ანგარიში 2015 წლის მდგომარეობას ასახავდა,დეპუტატებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მაღალი ინტერესი გამოწვია იმან, ჩართულია თუ არა ინსპექტორი ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხის ძიებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის მოხსენების თანახმად, რომელიც ქვეყანაში 2015 წლის განმავლობაში არსებულ ვითარებას აღწერდა, მთავარ პრობლემად რჩება სხვადასხვა ინსტიტუციებში, მათ შორის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაუცველობა. შემოწმებული ორგანიზაციების დიდი ნაწილს არ ჰქონდა მკაფიო საფუძველი და მყარი არგუმენტი, თუ რატომ და რა სამართლებრივი საფუძვლით ამუშავებენ ამ ინფორმაციას. თამარ ქალდანის თანახმად, პრობლემად რჩება ასევე დამუშავებული ინფორმაციის შენახვის ვადების საკითხი, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია სამოქალაქო ცნობიერებაც და არსებული მონაცემების შესახებ ცნობებისმიღების მიზნით მიმართვიანობაც:
„2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ არის გაზრდილი მოქალაქეთა მომართვიანობა. განცხადებების 35 % ეხებოდა პირდაპირ მარკეტინგს, 16 % მონაცემთა კანონიერი საფუძვლის გარეშე ან პრინციპების დარღვევებით დამუშავებას, 11 % სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერებას, 10-10 % მონაცემთა გასაჯაროებას ან მოქალაქისთვის მონაცემთა მიუწოდებლობას, ხოლო 9-9 % მონაცემთა ბაზებზე წვდომის კანონიერებასა და ვიდეო და აუდიოთვალთვალს“.
თამარ ქალდანმა, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდს არ ემთხვეოდა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას საგანგებო ყურადღება დაუთმო. მისი თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტურად განსახორციელებლად, ინსპექტორის აპარატში ცალკე სტრუქტურულ ქვეერთეულად ჩამოყალიბდა სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; სასამართლოს, პროკურატურისა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი; სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება და სხვა.
არანაირად არ ვართ დაცული, ვინაიდან არ არსებობს კონტროლი და მე მიკვირს, აქამდე რატომ არ დაისვა ეს საკითხი პარლამენტში და ცოტა უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უშიშროების სამსახურს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს...ზურაბ ჯაფარიძე
ამის მიუხედავად, „ახალი პოლიტიკური ცენტრის - ‘გირჩის’ “წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მუშაობა არასაკმარისიდა არაეფექტურია და მხოლოდ სამსხურის ვებგვერდზეგამოქვეყნებული განცხადებით შემოიფარგლება:
„მე მგონია, რომ ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ახლა ვართ, თქვენი ინსტიტუტი წინა ხაზზე უნდა იყოს, დროშა გეჭიროთ ხელში და შეტევაზე გადადიოდეთ და მთელი ხმით ყვიროდეთ, რომ დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ჩვენ კი არ უნდა ვითხოვდეთ ამას, თქვენ უნდა იყოთ პირველი და არც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პირველნი“.
თამარ ქალდანმა ზურაბ ჯაფარიძეს უპასუხა, რომ ინსპექტორის აპარატი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია:
„არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მარტო რეზონანსულ საქმეებზე რეაგირება, სამწუხაროდ, იმ ადამიანების ინტერესებზე რეაგირება, რომელთაც ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ და რომელთა ვიდეოჩანაწერებიც დღესაც ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ კომპლექსურად, არამხოლოდ რეზონანსულობიდან გამომდინარე, და, კომპეტენციის ფარგლებში, მართლა გეუბნებით, ვზრუნავთ, ერთი მხრივ, არსებული ბერკეტების გამოყენებაზე და, მეორე მხრივ, ამ ბერკეტების გაძლიერებაზე“.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტიდან ამოქმედდა ფარული მიყურადების ორეტაპიანი სისტემა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი:
„წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი სამსახური იდეალურად მუშაობს. არანაირად არ ვართ დაცული, ვინაიდან არ არსებობს კონტროლი და მე მიკვირს, აქამდე რატომ არ დაისვა ეს საკითხი პარლამენტში და ცოტა უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უშიშროების სამსახურს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და ჩვენ ვართ მინდობილი მათ კეთილსინდისიერებაზე. მაშინ, თუ მინდობილი ვართ უშიშროების კეთილსინდისიერებაზე, მივენდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კეთილსინდისიერებას და გავაუქმოთ თქვენი სამსახური, რა საჭიროა მაშინ თქვენი სამსახური“.
თამარ ქალდანმა განმარტა, რომ მათ უწყებაში, კომპეტენციის ფარგლებში, ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზედამხედველობის განხორცილების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება ინსპექტორის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს ორეტაპიანი ელექტრონული სისტემისა და ლოკალური ინფორმაციული სისტემების ტექნიკურ მონიტორინგსა და მართვას. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებამდე მოწმდება მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების არსებობა და მასში მითითებული მონაცემების შესაბამისობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ელექტრონულად ინიცირებულ მოთხოვნასთან. მართლზომიერი გადაჭერის სისტემას მხოლოდ მონაცემების სრულად დამთხვევისას ეძლევა მოთხოვნილი არხის გახსნისა და მოსმენის განხორციელებაზე თანხმობა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის ვახტანგ ხმალაძის რეკომენდაციით, უმჯობესი იქნება გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენცია იმ თვალსაზრისით, რომ მას შეეძლოს არაკეთილსინდისიერი გზით ინფორმაციის მოპოვების გამორიცხვა.
რაც შეხება გამოძიებას ფარული მიყურადების თაობაზე, თამარ ქალდანის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის ფუნქცია მის სამსახურს არ აქვს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პარალელურად,მზად არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს. პროექტისთანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.