Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა კავშირი „უკონტაქტო პატრულსა“ და ფარულ თვალთვალს შორის


საქალაქო სექტორი მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის საფრთხეს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც უკონტაქტო პატრულირების დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონში“ პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში შევა. შსს-ს განმარტებით, უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, თუმცა ამის ნაკლებად სჯერა თავად მმართველ კოალიციაში შემავალ ზოგიერთ დეპუტატს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოძრავი ავტოტრანსპორტიდან პატრულიფოტო და ვიდეოგადაღებას აწარმოებს. ამასთან, სამინისტროს მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადების თანახმად, „უკონტაქტო პატრულირება ხორციელდება არა წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, შეიქმნა წარმოდგენა, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულს ფარულ თვალთვალთან საერთო არაფერი აქვს:

„უკონტაქტო პატრულირების ფარგლებში, პირთა იდენტიფიცირება არ ხდება, ის მოქმედებს ზუსტად დღევანდელი ვიდეოჯარიმებისას და იცით, რომ ვიდეოჯარიმების შემთხვევაში, ავტომანქანაში მყოფი ადამიანის ან ადამიანების ინდენტიფიცირება არ ხდება“.

მიუხედავად ამ განმარტებისა, საკანონმდებლო ინიციატივას ფარული თვალთვალისთვის ლეგალური საფუძვლების შექმნის სურვილით მოტივირებულად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. არაერთგვაროვანი შეფასებები აქვთ უმრავლესობის კოალიციაში შემავალ დეპუტატებსაც. მაგალითად, რესპუბლიკელები, დეპუტატ თამარ ხიდაშელის განცხადების თანახმად, კანონპროექტისთვის მხრადაჭერას არ აპირებენ:

ვფიქრობთ, რომ ამ მექანიზმის შემოღება, ერთი მხრივ, იქნება რისკი იმისა, რომ პოლიციელთა მხრიდან ფარული ვიდეოგადაღება განხორციელდეს თვითნებურად. როგორც ცნობილია, ამ მექანიზმის გამოყენებას რაიმე კონტროლის მექანიზმის გამოყენება არ მოჰყვება (ვგულისმობ, მაგალითად, სასამართლო კონტროლს)...
სოფო ვერძეული

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფორმულირების მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს სერიოზულ საფრთხეს ქმნის ადამიანის კერძო ცხოვრებაში სახელმწიფოს შეჭრასთან დაკავშირებით“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებითაც, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტში შემავალი საკითხები, მათ შორის, „ფარულ თვალთვალთან“ დაკავშირებული რეგულირების შემოთავაზებული ვერსია, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის განაწესთან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ნაწილში და, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებთან“.

იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა წინააღმდეგობაშია არსებულ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ ნორმებთან, ლაპარაკობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული. მისი თქმით, ძალიან ძნელი გასაკონტროლებელი იქნება, რა მიზნით გამოიყენებს ფარული ჩაწერის გზით მიღებულ ინფორმაციას შსს და როგორ მოხდება მათი გაცვლა სხვა საგამოძიებო ორგანოებთან. ამდენად, სოფო ვერძეულის თქმით, იკვეთება საკმაოდ სერიოზული ხიფათი:

„ვფიქრობთ, რომ ამ მექანიზმის შემოღება, ერთი მხრივ, იქნება რისკი იმისა, რომ პოლიციელთა მხრიდან ფარული ვიდეოგადაღება განხორციელდეს თვითნებურად. როგორც ცნობილია, ამ მექანიზმის გამოყენებას რაიმე კონტროლის მექანიზმის გამოყენება არ მოჰყვება (ვგულისმობ, მაგალითად, სასამართლო კონტროლს). ამდენად, მოქალაქეებისთვის ძალიან რთული იქნება დაიცვან თავიანთი უფლებები, თუკი პოლიციის მხრიდან ამ მექანიზმის გამოყენება მოხდება არამიზანშეწონილად და თვითნებურად“.

დაახლოებით, 20 %-ითაა გაზრდილი საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გელა კვაშილავა, ხელმძღვანელი ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებითვის“.მისი სიტყვებით, გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილება და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ შესაძლებელია უკონტაქტო პარტულირების უფრო გონივრული ალტერნატივის მოძიება:

„სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის 80 % მოდის რეგიონებში, სადაც სიჩქარის კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხდება. მსოფლიოში გავრცელებულიმიდგომაა სტაციონარულთან ერთად მოძრავი კამერებიც, მაგრამ უფრო გავრცელებულია სტაციონარული კამერები, როცა მძღოლმა წინასწარ იცის, სად არის კამერა. ამ მოძრავი კამერების ნაცვლად, უმჯობესი იქნება გზებზე დამონტაჟდეს ბევრად მეტი კამერა და მძღოლისთვის გამაფრთხილებელი ნიშნები ახლდეს “.

ჩამოთვლილ არგუმენტებთან ერთად, გელა კვაშილავას თქმით, ფარული პატრულირება გაცილებით ძვირად ღირებული მომსახურება იქნება, ვინაიდან საჭირო იქნება ავტომანქანებისთვის საწვავი, მძღოლის ანაზღაურება, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების შეძენა და სხვა, მაშინ როცა სტაციონარული კამერებისს შესაძენად ერთჯერადი დანახარჯი იქნება საჭირო და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში შესაძლო ჩარევის თაობაზე კითხვის ნიშანიც მოიხსნება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG