Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: შინ მკურნალობის პროტოკოლი მზადაა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 აპრილს 


კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 211

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 50

კარანტინში - 4559

სტაციონარში - 353

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის COVID-19-ით დაავადებულთა სახლში მკურნალობის პროტოკოლი.

ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა. იქედან გამომდინარე, რომ 80% მიმდინარე COVID ინფექციის არის მსუბუქი ფორმის, ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში. ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებითაც მუდმივ კონსულტაციას, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იმ ეტაპზე, როცა დაფიქსირდება პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა და გამოვლინდება მსუბუქი შემთხვევები, რომელთა მართვა შესაძლებელია საკარანტინო ზონებში, მათი მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით დაიწყება.

შინ მკურნალობის პროტოკოლი მზად არის, თუმცა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას პროგნოზი თუ გამართლდა, მისი გამოყენება აღარ იქნება საჭირო. ეზუგბაიას თქმით, საქართველოში მატების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 10 პაციენტია, რამაც შესაძლოა პიკი ააცილოს ქვეყანას თავიდან.

გუშინ თერმოსკრინინგი კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, ვანში დაიწყო.

ბოლო რამდენიმე დღეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ერთ-ერთი სწორედ იქ დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ინფიცირებული პირის კონტაქტები დგინდება და თერმოსკრინინგის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ მოტივით მიიღო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

9 აპრილი 31 წლის შემდეგ

საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში 1989 წელს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 31 წელი გავიდა.

დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, მიტინგის ათეულობით მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. მიტინგის დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

დღეს თბილისში 9 აპრილი ხალხმრავლობის გარეშე ჩაივლის. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომებია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან კი ფაქტობრივად სრული კარანტინი ამოქმედდა. გამოცხადდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00-მდე, ასევე მკაცრი შეზღუდვები შეკრებებზე.

9 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.17 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

9 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1794 ლარი (8 აპრილი - 3.1748 );
  • 1 ევრო - 3.4576 ლარი (8 აპრილი - 3.4551);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9227 ლარი (8 აპრილი - 3.9110);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2035 ლარი (8 აპრილი - 4.2058);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4697​ ლარი (8 აპრილი - 0.4698).

8 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1737 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

ათასობით ოჯახი სუფთა სასმელი წყლის გარეშე

მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მოგვეცა, ხელების დაბანაა - საფუძვლიანად და წესების დაცვით, სუფთა წყლით და საპნით.

საქართველოში შინამეურნეობების 6 %-ს ამ რეკომენდაციის შესრულება არ შეუძლია - მათ არ გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ხელის დასაბანად, ანუ წყალი ან საპონი.

ოჯახების თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და უწყვეტად მოდის საცხოვრებელში. ასეთ წყალზე წვდომა საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 56 %-ს აქვს. არსებობს რეგიონები, სადაც წყალმომარაგებით ოჯახების მხოლოდ მესამედია უზრუნველყოფილი. თუმცა ის, რომ წყალი ონკანში მოდის, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის სუფთა და უსაფრთხოა მოხმარებისთვის. იუნისეფის კვლევის მიხედვით, ოჯახების 31% სასმელად მოიხმარს წყალს, რომელშიც გამოვლენილია ეშერიხია კოლის ბაქტერია.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსი: როგორ შეხვდება საქართველო აღდგომას

ახალი კორონავირუსის აფეთქების, საქართველოში მოქმედი კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, ხალხი ეკლესიებში სიარულს არ წყვეტს. უცვლელი რჩება რელიგიური რიტუალები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის. 10 დღე რჩება აღდგომის დღესასწაულამდე, როცა, როგორც წესი, უამრავი ადამიანი იკრიბება ეკლესიებსა და სასაფლაოებზე.

პარალელურად, მლოცველებისთვის ჩაკეტილია იერუსალიმი, სადაც სამი ძირითადი რელიგიის, ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის სიწმინდეებია თავმოყრილი. შეცვლილი ფორმით შესრულდება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის უმნიშვნელოვანესი „წმინდა ცეცხლის“ ცერემონიაც.

31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი მოქმედებს - თითოეულ მოქალაქეს ეკრძალება 21 საათიდან 6 საათამდე გარეთ გასვლა; შინიდან გასვლა სრულად ეკრძალებათ 70 წელს გადაცილებულებს, თუ ისინი უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში არ მიდიან. აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის თავშეყრაც.

დაწესებული შეზღუდვები მართლმადიდებელი მრევლის ნაწილს არ აჩერებს ეკლესიებში შეკრებისგან. ადამიანები კვლავ ეზიარებიან საერთო კოვზით, რაც საპატრიარქოსთვის სიწმინდეა, მეცნიერებისთვის - ინფექციის გავრცელების წყარო. კორონავირუსი ნერწყვით და მისი შხეფებით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ზიარების წესის კრიტიკაზე საქართველოს საპატრიარქოს მკაფიო პასუხი აქვს: „ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“.

სად ილოცებს მრევლი, ჩამოვა თუ არა წმინდა ცეცხლი საქართველოში და როგორ შეხვდება ქვეყანა აღდგომას, წაიკითხე თორნიკე მანდარიას სტატიაში.

COVID-19 - ბავშვების შეკითხვებს პედიატრი, ნანა რურუა პასუხობს:

  • კორონავირუსი რა ფერია? როდის დამთავრდება?
  • ჩინური სათამაშოები საშიშია?
  • ძაღლებს ემართებათ კორონავირუსი?
  • ღამურების უნდა გვეშინოდეს?
  • ვაქცინას რომ გამოიგონებენ, ამდენ ხალხს როგორ უმკურნალებენ?
  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG