Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის კი ღმერთი დიდი და ვირუსი პატარა? - ინტერვიუ ყოფილ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან


ყოფილმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და საქართველოს ეკლესიის მისამართით მწვავე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ისაუბრა პანდემიის პირობებში, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, არ შეწყვიტოს ღვთისმსახურება ეკლესიებში.

რადიო თავისუფლება ბასილ კობახიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ეკა ქევანიშვილი: დიდი ხანია საჯაროდ და მედიასთან არ გამოჩენილხართ. რადგან ამ პანდემიის ფონზე, საქართველოს ეკლესიის შესახებ საკმაოდ მწვავე შინაარსის ვიდეო ჩაწერეთ და გაავრცელეთ, ალბათ, ბევრი მიზეზი დაგიგროვდათ? ძალიან გაბრაზდით?

ბასილ კობახიძე: იმ ფონზე, როცა მსოფლიოში არნახული პანდემიაა და ადამიანს საშინელებათა ფილმში ჰგონია თავი, თან მე საფრანგეთში ვარ, სადაც დღე-ღამეში რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება, მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც და მათ დაკრძალვაზეც კი ვერავინ მიდის, მე გამოვეხმაურე ეკლესიის საკითხს, რომელიც არის არა ერთ-ერთი ორგანიზაცია, არამედ, სამწუხაროდ, ის არის ერის უმრავლესობის ორგანიზაცია. და როგორც ის იქცევა, ეს შემაძრწუნებელზე მეტია. რუსეთის ეკლესიამაც კი, რომელსაც არაფერი მორალური არ გააჩნია, დაინახა რეალური საფრთხე და თავისი ხალხი არ გაწირა.

რადიო თავისუფლება: კითხვაც ეს არის, რატომ ამბობს ასე კატეგორიულ უარს საქართველოს ეკლესია დროებით მსახურების შეწყვეტაზე? საუბარი იყო მაქსიმუმ ერთ თვეზე.

ბასილ კობახიძე: დიახ, საუბარია ერთი თვით ეკლესიების დაკეტვაზე, კარანტინზე. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმე ღმერთს გმობს ან ქრისტეს ან რიტუალებს ართმევს მათ. მაგრამ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის ლოგიკა ვერ ჩაწვდება მათ არგუმენტებს. ჩემთვის - ეს არის პირდაპირ გაწირვა ადამიანების. თავის თავსაც ხომ წირავენ ეს სასულიერო პირები, მათაც ხომ ჰყავთ ოჯახები? მათი ეს საქციელი რაღაც კოლექტიურ თვითმკვლელობას ჰგავს, რომ სამოთხეში მოხვდნენ. ხომ ფაქტია, რომ ამ პანდემიის დროს ასეთი შეკრებები არ უნდა იმართებოდეს, არც ბაზარში, არც მოედნებზე და, მით უმეტეს, ეკლესიებში. მაგრამ ეკლესია ამ შეკრებებს ამართლებს, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდული არგუმენტებით, არამეცნიერული არგუმენტებით. შეკრებები კი უკვე არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ ეს ვირუსი გადადის ადვილად და მთავრდება მძიმე შედეგებით. და როდესაც ამერიკა, იტალია, ესპანეთი თუ სხვა გამართული ჯანდაცვის მქონე ქვეყნები ასეთ დღეში არიან, ხომ უნდა წარმოვიდგინოთ, რა ელოდება საქართველოს? როდესაც არ არსებობს წამალი, ერთადერთი საშუალება, რომ გადავრჩეთ, არის კარანტინი. თუ გადავხედავთ ეპიდემიების ისტორიას, სულ მოქმედებდა ეს კარანტინი. ყოველთვის.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, სასულიერო პირების უმრავლესობა მართლა ასე ფიქრობს თუ ისინი კონკრეტულ იერარქიულ მითითებას ემორჩილებიან?

ბასილ კობახიძე: ცხადია, ეს მოდის ზემოდანაც. რადგან ეს ხომ იდეოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც ამ თავისი იდეოლოგიით უწამლავს ტვინს არა მხოლოდ ეკლესიის სასულიერო პირებს, არამედ მრევლს. ჩემთვის ეს არის გონებადაბნელებული ფანატიზმი, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ საღ აზრს, არც ეკლესიის წარსულ გამოცდილებას. ეპიდემიები ხომ ადრეც იყო? მაშინ ეკლესია ემორჩილებოდა საკარანტინე წესებს, მართალია, ამბობდნენ, ხატმა გადაგვარჩინაო, მაგრამ ისინი იცავდნენ წესებს და არ წირავდნენ ხალხს, როგორც ამას დღეს აკეთებს ჩვენი ეკლესია. ასეთ ქცევას აქვს თავისი მიზეზები, მათ შორის, ყალბი მისტიკური აღტკინება და ფეტიშისტური დამოკიდებულება როგორც ღმერთის, ისე რიტუალების, ზიარებისადმი, ლოცვისადმი, ეკლესიის შენობებისადმი და მღვდლებისადმი. და ეს, ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, არის სახიფათო!

რადიო თავისუფლება: არაერთმა ეკლესიამ გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა მსახურება. როგორ ფიქრობთ, რატომ არც ერთი ეს მაგალითი არ იქცა ჩვენი ეკლესიისთვის მაგალითად?

ბასილ კობახიძე: იმიტომ, რომ ფანატიზმის ლოგიკა გაუგებარია. უფრო სწორად, ჩემთვის გასაგებია, რადგან მე იქ გავიზარდე და თავადაც ვიყავი ასეთი ლოგიკის გამზიარებელი. მათზე არანაირი სამედიცინო თუ სხვა ჯანსაღი არგუმენტები არ მოქმედებს. ყველა სამედიცინო არგუმენტზე გიპასუხებენ, რომ ღმერთი დიდია და ვირუსი პატარა. და მათ ეს პასუხი აკმაყოფილებთ. დღეს, მაგალითად, მიტროპოლიტმა დანიელმა თქვა, რომ ავადმყოფი ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში, ეზიაროს და განიკურნება კორონავირუსუსგან, რის შემდეგაც მადლს გამოასხივებსო. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სასულიერო პირები ნამუსზე აგდებენ ქრისტიანებს - თუ გეშინია, დარჩი სახლში, ამბობს, მაგალითად, მეუფე ნიკოლოზი. და მრევლი, იცით, ამ დროს რას ფიქრობს? კი, ეკლესიამ თითქოს მითხრა, დარჩიო, მაგრამ ამით ხომ მე ღმერთს ვუღალატებ? და აი, ამ განწყობით, ის უფრო მიდის და თითქოს იჩენს ამ რელიგიურ სიმამაცეს.

რადიო თავისუფლება: დღესაც, ხარების დღესასწაულზე ვნახეთ, რომ ბევრი ადამიანი მივიდა ეკლესიაში.

ბასილ კობახიძე: დიახ, თუმცა თავად პატრიარქი არ მივიდა, რადგან ოდნავ წნევამ აუწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტები საპირისპიროს მოუწოდებენ მრევლს. ეს ყველაფერი მართლა სასაცილო იქნებოდა, რომ არ იყოს ეს სასიკვდილო საფრთხესთან დაკავშირებული. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მრავალწლიანი პრობლემა, რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით - ეს არის პიროვნების კულტი. პატრიარქის პიროვნული გაფეტიშება, რომელზეც მუშაობს დიდი ორგანიზაცია, მართლმადიდებელი ეკლესია.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს თუ აქვს მნიშვნელობა მრევლისთვის?

ბასილ კობახიძე: სახელმწიფო მოხელეების სიტყვებს მრევლისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მით უმეტეს, როცა საქმე ეკლესიას ეხება. მათი ქადაგებები, რომ ღმერთი ყველგან არის და სახლში ილოცეთო, უბრალოდ სასაცილოა და იმაზე მეტყველებს, რომ გინდათ პრემიერს, გინდათ ჯანდაცვის მინისტრს, ანალიტიკური სამსახური არ ჰყავს. ეს არის სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაგდება, რაც არ არის კარგი, რადგან პანდემიის დროს ასეთი განცხადებებით მათი ავტორიტეტი ილახება.

რადიო თავისუფლება: მაშინ რა განცხადებებს აქცევს მრევლი ყურადღებას?

ბასილ კობახიძე: აი, მაგალითად, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ინფექციონისტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი საშიშია, მაგრამ ეკლესიას არ ეხება, და, სხვათა შორის, ინფექციონისტების განცხადებებიც, პაატა იმნაძის და სხვების, აი, ამას იხვევს მრევლი ხელზე და ასეთ რამეებს ეჭიდება. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის შესახებ კარგად არის ცნობილი, მაგალითად, სოზარ სუბარისთვის, ვინც გახარიაზე თუ სხვებზე უკეთ იცის ეკლესიის ამბები, ისიც კი დღეს ამბობს, რომ თურმე, ეკლესიებში დისტანციაა დაცული და ყველაფერი კარგად არის. აი, ამას უსმენს მრევლი.

რადიო თავისუფლება: რა შეუძლია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში გააკეთოს? რამე შესთავაზოს ეკლესიას და ის უკან დაიხევს? რას უფრთხის სახელმწიფო, როგორ გგონიათ?

ბასილ კობახიძე: ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში. პატრიარქმა რომ თქვას, რომ ეს სატანური ხელისუფლებაა და გვემუქრებაო, მას შეუძლია პანდემიის დროსაც ააჯანყოს ხალხი, პოლიცია და ჯარი. ადამიანი შეიძლება იყოს წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ ის ეკლესიას ჰყავდეს დაზომბებული. აი, მაგალითად, რა გააკეთა დღეს „აირზენამ“ - პატრიარქის ნაჩუქარი ხატი აიტანეს ბორტზე და დაფრინავს მასთან ერთად. რას ნიშნავს ეს? ამით ხალხს გაუგორეს კოჭი. მე მესმის ეს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ჯარი და პოლიცია აღარ დაემორჩილოს ხელისუფლებას და იყოს ქაოსი. ასეთი ძალა აქვს საპატრიარქოს. და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ეს დაუშვა. ჩემი აზრით, ამიტომაც ელოლიავებიან ეკლესიას. ცხადია, მეორე მიზეზი არის მომავალი არჩევნები, სადაც ისევ დასჭირდებათ საპატრიარქოს დახმარება. ანუ სახელმწიფოს დღეს ისღა დარჩენია, და, ჩემი აზრით, ესეც დაგვიანებულია, რომ რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოოს და ეკლესიას მატერიალური სიკეთეები შესთავაზოს, რომ იქნებ ერთი თვით ეკლესიები დააკეტინონ.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ეკლესიას აქვს მკაფიო პასუხი, რომ ეკლესიები არასოდეს დაკეტილა და რომ ეს რწმენის ამბავია... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლოს გკითხავთ, რა გესახებათ გამოსავლად?

ბასილ კობახიძე: იცით, ახლა უკვე აზრიც აღარ აქვს იმის ლაპარაკს, აღდგომას ხალხი მივა თუ არა ეკლესიაში. მანამდე კიდევ არაერთი დღესასწაულია, ხალხი მანამდეც დაინფიცირდება. ან რა აზრი აქვს იმას, სააღდგომო ლიტურგიაზე ხალხი დილით შეიკრიბება თუ ღამით? ნორმალურ საზოგადოებაში, მე მგონია, რომ ხალხი ან თავად არ მივიდოდა, ან აიძულებდნენ სასულიერო პირებს, დროებით დაეკეტათ ეკლესია, ან სახელმწიფო გამოაცხადებდა სამხედრო კარანტინს. მე არ მგონია, რომ ასე მშვიდად უნდა ვუყუროთ ამას. ვერც იმით დავიმშვიდებთ თავს, რომ ახალგაზრდებს არ შეხვდებათ ეს ვირუსი და გადარჩებიან - ისინი, როგორც წესი, ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ საქართველოში და რისკის ქვეშ აყენებენ სხვებს. ასე ხომ არ უნდა ვუყუროთ ხელჩამოშვებულებმა, ხალხი როგორ დაიხოცება?

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG