საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის ქალაქ დალიანში, რომელიც 9-13 სექტემბერს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. 9 სექტემბერს გამართულ სესიაზე „თანამედროვე აბრეშუმის გზა“ სიტყვით გამოსვლისას, ღარიბაშვილმა საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის და „აბრეშუმის გზის“ პროექტის შესახებ ისაუბრა, რაც ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ ტვირთების ტრანსპორტირებას გულისხმობს.
“თუ რუკაზე საქართველოს ადგილმდებარეობას დახედავთ, დაინახავთ, რომ ეს ქვეყანა გზაჯვარედინია და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი ევროკავშირთან დაახლოებაა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაც ამის დასტურია, ეს არ გვზღუდავს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გვქონდეს როგორც აზიის ქვეყნებთან, ისე რუსეთთან”, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 სექტემბერს ჩინეთში, დალიანის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „თანამედროვე აბრეშუმის გზა“, სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ჩინეთი უკვე საქართველოს ოთხ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განმტკიცება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია:
„პირველი საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ცხრა დღეში ჩამოვიდა, - ეს რამდენიმე თვის წინ იყო, - რამაც გვაჩვენა, რომ ეს გზა ამცირებს დისტანციას 7 000 კილომეტრით, ტრანსპორტირებისათვის იხარჯება ნაკლები დრო, ნაკლები ფული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველო იქნება ევროპისაკენ მიმავალი ძალიან მიმზიდველი და, რაც მთავარია, უმოკლესი გზა ჩინეთისათვის“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობაზეც, ნავსადგურისა, რომლის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება; ისაუბრა პროექტზე, რომლითაც უკვე დაინტერესებულნი არიან უდიდესი ჩინური კომპანიები.
როგორც დელეგაციის წევრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობის დასტურია უკვე დაწყებული არაერთი ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტიც:
„ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, შეეხება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებს, ტურიზმსა და ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებებს“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, ჩინეთი მზადაა ინვესტირებისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროშიც. როგორც ცნობილი გახდა, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის („Zhuhai Da Heng Qin Company Limited") ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ამ კომპანიამ, შესაძლოა, საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება. ცნობილია, რომ პროექტზე იმუშავებს ჩინეთის განვითარების ბანკიც, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თბილისს ორ კვირაში ეწვევა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებისა და მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი. მათ შორისაა: დალიანის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნისა და საქართველოს "ვაგონმშენებლის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ასევე დალიანის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის და ქართული ღვინის კორპორაციის ურთიერთთანამშრომლობისა და შპს საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციას შორის მემორანდუმები. ცნობილია ისიც, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის“ სამუშაო ჯგუფი ეწვევა. როგორც ცნობილია, ამ კომპანიას მსოფლიოს 90 ქვეყანაში 68 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან აზიური ვექტორის გააქტიურება მისასალმებელი ფაქტია, კონკრეტულად ჩინეთთან თანამშრომლობა კი, მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ამ ურთიერთობებმა უნდა გარკვეულწილად გააქროს მიჯაჭვულობა რუსეთის ბაზართანაც:
„ჩინეთს აქვს ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი, ის ეძებს თავისი რესურსების რუსეთში დაბანდების კარგ შესაძლებლობებს და, ამავე დროს, ჩინეთი ჩვენთვის არის საინტერესო როგორც ჩვენი საქონლის გასაღების ბაზარი, პირველ რიგში კი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მხრივ, რაც ჩინეთის გარკვეული ნაწილისთვის ყოველდღიური კულტურის შემადგენელი ნაწილი ხდება. და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო გადაზიდვები, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ სასარგებლო ჩინეთისათვის, განსაკუთრებით სარკინიგზო მიმოსვლა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაიხსნება ახალი რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი, მათთვის საინტერესო უნდა იყოს ანაკლიის პორტი და სხვა მოქმედი ნავსადგურებიც“.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს განსაკუთრებით დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ყველა შესაძლებლობა. მთავარია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყანა:
„მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვხედავდეთ მრავალფეროვნებას ამ ეკონომიკურ პოლიტიკაში - როცა პარტნიორებზეა ლაპარაკი, ეს არ იყოს მხოლოდ ჩინეთი ან ევრაზიის რომელიმე სხვა ერთი ქვეყანა. პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა უნდა შეეცადოს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას, ყველაფრის მაქსიმალურად გამარტივებას და გამჭვირვალობას, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ჰარმონიზებას, რომ, პირველ რიგში, სწორედ დასავლეთისთვის გახადოს ქვეყანა მიმზიდველი და საინტერესო“.
როგორც შორენა ლორთქიფანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისთავად პრემიერის ვიზიტი ჩინეთში და საქართველოს მთავრობის მიერ დასავლეთთან სავაჭრო პოლიტიკა არ არის ურთიერთგამომრიცხავი საკითხები. მთავარია, მთავრობის აქტიურობას როგორც დასავლური, ისე აზიური ქვეყენებიდან ინვესტიციების მოსაზიდად ყველა ხედავდეს და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც მრავალფეროვანი იყოს.