Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიდაობას რა უნდა


ქართულ ჭიდაობა
ქართულ ჭიდაობა

საქართველოს მთავრობამ ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განუსაზღვრა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ჭიდაობის ფედერაცია ახლა მუშაობენ იუნესკოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაზე, რათა ქართული ჭიდაობა შეიტანონ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. ქართული ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რაც დასტურდება ლიტერატურულ ძეგლებსა თუ ისტორიულ წყაროებში შემორჩენილი უხვი მასალით.

ჭიდაობას რა უნდა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:51 0:00
გადმოწერა

ქართული ჭიდაობა, როგორც წესი, თან ახლდა ლამის ყველა დღესასწაულს. იმართებოდა ღია ცისქვეშ. დღესასწაულზე, სადაც ხალხმრავლობა იყო, უცბად, მოულოდნელად ზურნა აჭყვიტინდებოდა და გაისმოდა რომელიმე საცეკვაო ჰანგი. თანდათან დამკვრელების გარშემო შეიკრიბებოდა ხალხის წრე. სად იყო და სად არა, გამოჩნდებოდა მსაჯი, ხელში სახრით, და მაყურებელს სთხოვდა, წრე გაეფართოებინათ. თან ფეხებთან სახრეს ურტყამდა. შემდეგ ზურნა საცეკვაოდან საჭიდაო ჰანგზე გადადიოდა. და აი, გაირღვეოდა მაყურებელთა წრე და მის შუაგულში გამოჩნდებოდა საჭიდაო ჩოხაში გამოწყობილი მოჭიდავე, მას მეორეც მოჰყვებოდა და ხალხისა და ერთმანეთის მისალმების შემდეგ იწყებოდა შერკინება.

76 წლის გიორგი ბერეკაშვილს კარგად ახსოვს კახეთში სოფლის დღესასწაულებზე გამართული ჭიდაობები, რომლებშიც თვითონაც მიუღია მონაწილეობა, თუმცა ნამდვილი ჭიდაობა მაინც ზრდასრულ კაცებს შორის იმართებოდა:

„სხვადასხვა სოფლებიდან იკრიბებოდნენ, ლეკები მოდიოდნენ, აზერბაიჯანელები მოდიოდნენ და ქვრველები. დიდ დღესასწაულებზე ამათ შორის იმართებოდა ჭიდაობა. ერთი იყო, კულას უძახოდნენ, პატარა ტანის იყო და ვინც არ იცოდა, იოლად ტყუვდებოდა. წამოკიდება იცოდა... მუსიკაზე, დოლის ხმაზე გაიყოლებდა, რიტმულად, ცეკვა-ცეკვით და უცბად გამოჰკრავდა. წუთ-ნახევარში ამარცხებდა. ძალიან მაგარი იყო“.

გიორგი ბერეკაშვილის თქმით, დიდი შეჯიბრებები დღესასწაულებზე იმართებოდა, თუმცა ჭიდაობდნენ ლამის ყოველ შაბათ-კვირას. სოფელში ყველამ იცოდა, ვინ იყო კარგი მოჭიდავე და ვინ არა. ამასთან, ფასდებოდა გახსნილი, ღია და თამამი ჭიდაობა:

„სულ იყო ეს ამბავი, ყველამ იცოდა, ვინ იყო მაგარი მოჭიდავე. ომში ბევრი დაიკარგა და, მახსოვს, სულ ახსენებდენენ ხოლმე მათ სახელებს: მაგარი მოჭიდავე იყო, ვერავინ ვერ ჰკიდებდა ხელსო. ასეთი რამე სულ იყო. სოფელმა იცოდა, ვინ ვის ერეოდა, ვინ უკეთესი მოჭიდავე იყო“.

როგორც ჩანს, აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში ასე იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. მაგალითად, ფალავნობის ამბებია მოთხრობილი მე-12 საუკუნის ,,ამირანდარეჯანიანსა” და ,,აბდულმესიანში”. XV საუკუნის მატიანეებმა შემოინახეს მზეჭაბუკ ათაბაგის შერკინების ამბავი თათრების ფალავან ძალანთან, სადაც მზეჭაბუკს გაუმარჯვია:

„იყო უსჯულოსა მის მთავარსა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსაც სახელად ძალანი ეწოდებოდა და ჰმატებდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისა და ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰყოვნა, არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შექმნა, აღიყვანა და უპატიოდ მიწისა ზედა დასცა“.

მაგალითად, ბოლო ექსპედიცია მქონდა კახეთში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მუსიკა, ასევე ქართლში. ზოგადად, მუსიკალური თანხლება გამოიყენება ბერიკაობის დროს, რომლის ფარგლებში იმართება ხოლმე ქართული ჭიდაობა. ჭიდაობის მუსიკა იმგვარია, რომ სტიმულს აძლევს და ენერგიით მუხტავს მოჭიდავეს, რომელიც ასპარეზზე გადის...
გიორგი უშიკიშვილი

ქართული ჭიდაობის გამორჩეულობასა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ ჰყვება გელა ბერუაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ალავერდის ეკლესიაში მე-15 საუკუნის ფრესკაა, რომელზეც მოჭიდავეების შერკინებაა გამოსახული - ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჭიდაობის ფესვები უძველესი დროიდან მოდის. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში რაც ხდებოდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ყველა დიდი ქართველი მოჭიდავე ქართული ჭიდაობიდან არის წასული. ქართული ჭიდაობა ვაჟკაცური და რაინდული ჭიდაობაა. როცა მოწინააღმდეგე დაეცემა, ჭიდაობა ჩერდება და თავიდან იწყება. წაქცეულს არ ეჭიდავებიან, განსხვავებით ძიუდოსგან, სამბოსგან“.

როგორც უკვე ვთქვით, ქართული ჭიდაობა წარმოუდგენელი იყო მუსიკის გარეშე. მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ მუსიკის თანხლებით ჭიდაობა დღემდე იმართება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში.

„მაგალითად, ბოლო ექსპედიცია მქონდა კახეთში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მუსიკა, ასევე ქართლში. ზოგადად, მუსიკალური თანხლება გამოიყენება ბერიკაობის დროს, რომლის ფარგლებში იმართება ხოლმე ქართული ჭიდაობა. ჭიდაობის მუსიკა იმგვარია, რომ სტიმულს აძლევს და ენერგიით მუხტავს მოჭიდავეს, რომელიც ასპარეზზე გადის“, უთხრა გიორგი უშიკიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გიორგი უშიკიშვილის თქმით, ქართული ფოლკლორი იცნობს ე.წ. საჭიდაო სიმღერასაც, მაგალითად, გარეკახურ საჭიდაოს. თუმცა, როგორც მომღერალი ამბობს, ქართული ჭიდაობა, ტრადიციულად, მხოლოდ ინსტრუმენტული მუსიკის თანხლებით იმართება:

„ჩასაბერიდან გამოიყენება ზურნა, დასარტყამიდან - დოლი, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის, ასევე, სიმღერა „კახური საჭიდაოც“, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის არ არის ჭიდაობის თანმხლები სიმღერა, სახეშეცვლილია და უფრო საცეკვაო სიმღერებია და არა საჭიდაო. ჭიდაობა არ ხდებოდა სიმღერის თანხლებით, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკის თანხლებით“.

ამის შემდეგ გვაქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ჩვენი ჭიდაობა. შარშან ფალავნობა გავმართეთ, რომელზეც ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთი ჭიდაობის სახეობები, მაგალითად, ყაზახეთი, საფრანგეთი...
გელა ბერუაშვილი

ქართლისა და კახეთის გარდა, ჭიდაობები იმართებოდა ძველ თბილისში: ავლაბარში, ჩუღურეთში, ახალ კუკიაში, ვერაზე, ფიქრის გორაზე ჭიდაობას მიკიტანი ბაჭაჭუა და წვერიანი ალექსა მოთავებოდნენ. დიდუბეში, მტკვრის მახლობლად, თავად ციციშვილს თავის მამულში მოწყობილი ჰქონდა გადახურული საჭიდაო მოედანი, რომელსაც „კნიაზების კრუგს“ უწოდებდნენ. ძველ თბილისში განთქმული ფალავნები იყვნენ მეტივე დათა ხიზამბარელი, მედროგე ურეხა, ივანე ყირიმელაშვილი, იგივე კულა გლდანელი, ნიკა მეტეხელი, სარქისა ავლაბრელი, მეტსახელად თოხანა, კოლა იარმუკელი, შაშო ვერელი და სხვები.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე მიიჩნევს, რომ ქართული ჭიდაობა, როგორც კულტურული მოვლენა, უნდა გასცდეს ქვეყნის საზღვრებს და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცეს.

„ქართულ ჭიდაობას ორიოდე კვირის წინ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორია და ახლა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მსოფლიოს მემკვიდრეობის სტატუსის მისანიჭებლად მომზადდეს დოკუმენტაცია. შესაბამისი პეტიციაც არის შემდგარი, რასაც ითვალისწინებს კონვენცია. უნდა იყოს საზოგადოების მხარდაჭერა. თუ არ ვცდები, უკვე 20 ათასამდე ხელმოწერა არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის. ასევე ვმუშაობთ ფილმზე... მოკლედ, ამ თვეში უნდა წარვადგინოთ საჭირო მასალები ქართული ჭიდაობის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად“, უთხრა ნიკა ანთიძემ რადიო თავისუფლებას.

ნიკა ანთიძის მსგავსად, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი იმედოვნებს, რომ ქართული ჭიდაობა - მთელი თავის წესებით, ისტორიით, მუსიკითა და მრავალფეროვანი ილეთებით - შევა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში:

„ამის შემდეგ გვაქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ჩვენი ჭიდაობა. შარშან ფალავნობა გავმართეთ, რომელზეც ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთი ჭიდაობის სახეობები, მაგალითად, ყაზახეთი, საფრანგეთი... ფრანგული ჭიდაობა ძალიან ჰგავს ქართულს. იქაც ნახერხზე ჭიდაობენ, თანაც, მუსიკის თანხლებით, და გამარჯვებულსაც, ტრადიციულად, როგორც ჩვენთან, ყოჩი გადაეცემა. მოკლედ, გვინდა წრე გავაფართოოთ, მსოფლიო ჩემპიონატიც გავმართოთ ქართულ ჭიდაობაში და გავხადოთ პოპულარული“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG