Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C ჰეპატიტის მკურნალობა იაფდება


C ჰეპატიტით ინფიცირებულ 1295 პაციენტს 1 ივლისიდან საჭირო მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეეძლება. ეს პაციენტთა ის რაოდენობაა, ვისზეც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა. თებერვლიდან მოყოლებული, კომისიას სულ 1500-მა პაციენტმა მიმართა მედიკამენტების ფასდაკლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 ათასს აღწევს და მედიკამენტების მოთხოვნით რომ მხოლოდ 10-მა პროცენტმა შეძლო სამინისტროსთვის მიემართა, ეს ნიშნავს, რომ ბევრმა ძვირად ღირებული დიაგნოსტირების გავლაც კი ვერ მოახერხა. და მაინც, რა ვითარებაა C ჰეპატიტის მკურნალობის თვალსაზრისით საქართველოში?

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა 21 ივნისის საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებულ 1295 პაციენტს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რამდენიმე აფთიაქში, 60%-იანი ფასდაკლებით შეეძლება შეიძინოს ერთი თვის სამყოფი - ანუ 4 ამპულა - პრეპარატი:

„დღეისათვის დადებითი კომისიური პასუხი მიიღო 1295-მა პაციენტმა. მათ, ვისაც უკვე აქვს მიღებული კომისიის დადებითი დასკვნა, 25 ივნისიდან შეუძლიათ წარმოადგინონ რაოდენობრივი კვლევის შედეგები და აღნიშნული ანალიზის საპასუხოდ 3 დღის ვადაში გაიცემა თანხმობის პასუხი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. თანხმობის წერილის გაცემიდან 7 დღის განმავლობაში პაციენტებს უკვე მიეცემათ მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობა“.

დაავადება წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ისე მიდის ფატალურ შედეგამდე, რომ ადამიანს შეიძლება არაფერი არ აწუხებდეს. შედეგი ძალიან ხშირად არის ჯერ ციროზი, შემდეგ კი ღვიძლის პირველადი კიბო...
სოფო გურამიშვილი

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, C ჰეპატიტით პოტენციურად ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 200 ათასის ფარგლებშია. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, 60%-იანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში 10 ათას პაციენტზეა გათვლილი და დღეისთვის 10 ათასიანი კვოტიდან 13%-ია ათვისებული. სამინისტრო ახალი განცხადებების მიღებას ელის.

C ჰეპატიტი საკმაოდ ადვილად გავრცელებადი სისხლით გადამდები დაავადებაა. დაავადებულთა საშუალო ასაკი 30-დან 59 წლამდე მერყეობს. C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს, მისი მკურნალობა კი საკმაოდ ძვირია - 20 000 დოლარამდე ჯდება. გავრცელების ზონის მიხედვით კი, C ჰეპატიტი ყველაზე მეტად საზღვრისპირა და მაღალი მიგრაციით ცნობილ რეგიონებშია გავრცელებული. ასეთია აჭარა, სამეგრელო და იმერეთი. დაავადებულთა ოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა თბილისში. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი სოფო გურამიშვილი ამბობს, C ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ ავადაა:

ამ პროგრამაში დარეგისტრირდა ათასზე მეტი ადამიანი და ეს რაოდენობაც ნათელყოფს იმას, რომ ყველა ადამიანს არათუ მკურნალობის, დიაგნოსტიკის თანხაც კი არ აქვს, ანუ ამ 200 ათასი ადამიანიდან ათასზე ცოტა მეტმა ჩაიტარა დიაგნოსტიკა...
პაატა საბელაშვილი

„დაავადება წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ისე მიდის ფატალურ შედეგამდე, რომ ადამიანს შეიძლება არაფერი არ აწუხებდეს. შედეგი ძალიან ხშირად არის ჯერ ციროზი, შემდეგ კი ღვიძლის პირველადი კიბო“.

ის, რომ მედიკამენტებზე 60%-იანი ფასდაკლების პროგრამაში ჩართვის სურვილი საჭიროების მქონე პაციენტთაგან მხოლოდ 10-მა პროცენტმა გამოთქვა, პაატა საბელაშვილი, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის კოორდინატორი, იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ საქართველოში ძალიან ძვირია C ჰეპატიტის არათუ მკურნალობა, არამედ დიაგნოსტიკაც კი:

„ამ პროგრამაში დარეგისტრირდა ათასზე მეტი ადამიანი და ეს რაოდენობაც ნათელყოფს იმას, რომ ყველა ადამიანს არათუ მკურნალობის, დიაგნოსტიკის თანხაც კი არ აქვს, ანუ ამ 200 ათასი ადამიანიდან ათასზე ცოტა მეტმა ჩაიტარა დიაგნოსტიკა და ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ჩაერთვება მკურნალობის პროგრამაში. ის ფასი, რომელიც დაიდო, არის, მართლაც, რევოლუციური. მეორე ადგილზეა საქართველო სიიაფით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი ძვირი ფასი ამ მედიკამენტებზე აქამდე სწორედ საქართველოში ფიქსირდებოდა. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ელიმინაციის პროგრამა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ეს ინფექცია, გადაუდებლად სჭირდება თუ არა მას მკურნალობა, ყველას რომ ვუმკურნალოთ და ეს ინფექცია აღმოვფხვრათ საქართველოში“.

სახელმწიფოს მხრიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასის დაკლება ინფიცირებულთა დასახმარებლად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიაჩნია პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენელს, კონსტანტინე რუხაძეს. მისი თქმით, წინა წლებში ხელისუფება არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ბაზარზე ორ მონოპოლისტ ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა პრეპარატებზე ფასის შესამცირებლად, რის გამოც დაავადებულებს მკურნალობის გამო ქონების გაყიდვა და უკიდურეს გაჭირვებაში ყოფნა ან, უბრალოდ, სიკვდილი უწევდათ:

„ეს იყო პრეპარატები, რომელზეც არანაირი ფასდაკლება არ ხდებოდა, სამწუხაროდ, და პირველი გენოტიპის მკურნალობა, რომელიც ერთწლიანი კურსია, ჯდებოდა 12 ათას დოლარზე ცოტა მეტი და დღესდღეობით ეს ჯდება დაახლოებით 4 ათას 400 დოლარამდე. რაც შეეხება მეორე და მესამე გენოტიპს, ეს ჯდებოდა 6 ათას დოლარამდე და ახლა დაჯდება 2 ათას 200 დოლარამდე. ფასდაკლება ნამდვილად ხელშესახებია, მაგრამ არანაირად არ არის უნივერსალური“.

პრინციპში, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი რეალური ბერკეტი ფასის დაწევისა არის სწორედ კონკურენციის გარემოს შექმნა და ეს არის ერთ-ერთი სქემა, რომელზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება...
მარი ჩოხელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის განცხადებით, ტენდერში, რომელიც პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის გამო ჩატარდა, ჩადებული იყო პირობა, რომ გამარჯვებული ფარმაცევტული კომპანია არა მხოლოდ ათას პატიმარზე გათვლილ მედიკამენტს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებულ 10 ათას პაციენტზე გათვლილ მედიკამენტს მიაწვდიდა ფასდაკლებით. ფასდაკლება კი ძირითადად იმის ხარჯზე განხორციელდა, რომ შვეიცარიული წარმოების მედიკამენტი საქართველოში შეიფუთება.

„ღია საზოგადოება - საქრთველოს“ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამის მენეჯერი მარი ჩოხელი ამბობს, რომ მედიკამენტზე ფასის შემცირება ტენდერის გამოცხადებამ განაპირობა, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება დიაგნოსტირების მაღალი საფასური. მარი ჩოხელს მოჰყავს ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის მაგალითი, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ C ჰეპატიტის დაავადებულთა დიაგნოსტირების საფასური თავის თავზე აიღო, კონკურენციამ კი ლაბორატორიებში ფასის შემცირება გამოიწვია.

„ტენდერის შედეგად, ანუ როდესაც ბაზარზე შეიქმნა კონკურენციის პირობები, ფასი 3-ჯერ შემცირდა დიაგნოსტირებაზე, ისე როგორც ჩვენს შემთხვევაში მედიკამენტზე 60%-ით ფასის შემცირება მოხდა. პრინციპში, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი რეალური ბერკეტი ფასის დაწევისა არის სწორედ კონკურენციის გარემოს შექმნა და ეს არის ერთ-ერთი სქემა, რომელზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება“.

C ჰეპატიტის მკურნალობის სქემა დაავადების გენოტიპის მიხედვით ირჩევა, ანუ იქნება ის 6-თვიანი თუ ერთწლიანი, და თუ სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს დიაგნოსტიკაზეც, მაშინ ეს პროცედურები 200- 300 ლარზე მეტი არ დაჯდება, ამბობს მარი ჩოხელი. პაციენტთა და სპეციალისტთა აზრით, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველი პოზიტიური ნაბიჯი უკვე გადადგა, თუმცა საბოლოო მიზანი C ჰეპატიტის მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევაა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მკურნალობა გადაუდებლად ესაჭიროება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG