Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა გახდეს C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი?


საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანი არის C ჰეპატიტით ინფიცირებული. მიუხედავად დაავადებულთა დიდი ოდენობისა, სახელმწიფო C ჰეპატიტის არც დიაგნოსტიკას და არც მკურნალობას არ აფინანსებს. C ჰეპატიტით დაავადებულები უსახსრობის გამო ან საერთოდ ვერ მკურნალობენ, ან იძულებულნი არიან წამლებისთვის სახლ-კარი გაყიდონ.

C ჰეპატიტი საკმაოდ ადვილად გავრცელებადი დაავადებაა, იგი სისხლით გადადის. შესაბამისად, შეიძლება დაინფიცირდე სამედიცინო დაწესებულებაშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ინტრავენური ინექციები. ყველაზე მეტად C ჰეპატიტით დაავადებულნი არიან 30-59 წლის პირები. C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს, მისი მკურნალობა კი საკმაოდ ძვირი ჯდება - 20 000 დოლარამდე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი სოფო გურამიშვილი ამბობს, რომ არგუმენტი, რის გამოც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობაზე უარს ამბობს, ძვირად ღირებული მედიკამენტები და ბიუჯეტში საკმარისი თანხების უქონლობაა:

„ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა C ჰეპატიტი, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. ბიუჯეტი, მართალია, გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჯანდაცვის სისტემას. რა თქმა უნდა, პრობლემის მოგვარება პრიორიტეტულია ნებისმიერი სისტემისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს და თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფო მზად არ არის“.

სოფო გურამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ C ჰეპატიტი ყველაზე მეტად საზღვრისპირა და მაღალი მიგრაციით ცნობილ რეგიონებშია გავრცელებული. ასეთია აჭარა, სამეგრელო და იმერეთი. დაავადებულთა რაოდენობის მაღალ მაჩვენებელს ამ შემთხვევაში ისიც განაპირობებს, რომ ამ რეგიონებში ლაბორატორიული ქსელი კარგად არის განვითარებული. დაავადებულთა ოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე რთული მდგომარეობაა თბილისში. სოფო გურამიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ C ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ ავადაა.

„დაავადება წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ისე მიდის ფატალურ შედეგამდე, რომ ადამიანს შეიძლება არაფერი არ აწუხებდეს. შედეგი ძალიან ხშირად არის ჯერ ციროზი, შემდეგ კი ღვიძლის პირველადი კიბო“.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი არაა:

„საქართველოში C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა. ბოლო ოფიციალური კვლევებით, 6 პროცენტზე მეტი ინფიცირებულია. ეს კვლევებიც უკვე მოძველებულია და შეიძლება მდგომარეობა ახლა უფრო მძიმე იყოს და, რაც მთავარია, უმეტესობისთვის მკურნალობა არის ხელმიუწვდომელი“.

კონსტანტინე რუხაძე, C ჰეპატიტით ინფიცირებული თემის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი, ამბობს, რომ დღეს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ადამიანს ვალების აღება უწევს:

„ეს ადამინები არიან აბსოლუტურად უიმედო სიტუაციაში, რადგან იციან, რომ დაავადებულნი არიან ერთ-ერთი მძიმე დაავადებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს ღვიძლის ციროზს და ფიბროზს. ეს არის საკმაოდ ვერაგი დაავადება, როგორც შენელებული ნაღმი, რომელიც როდის აფეთქდება, ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. ამ ადამიანებს არა აქვთ ხელმისაწვდომობა არც დიაგნოსტიკაზე, არც მკურნალობაზე და ამაზე არც არავინ ფიქრობს, გარდა ჩვენნაირი სათემო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა“.

კოსტანტინე რუხაძის თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასი იმით არის განპირობებული, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს მხოლოდ ორი ფარმაცევტული კომპანია ამზადებს როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

„არის მონოპოლიური ფარმაკომპანიები, არის „როშე“ და არის „ემ ეს დე“, რომელთაც მთელი ბაზარი აქვთ გადანაწილებული - მით უმეტეს, როდესაც ხედავენ, რომ სახელმწიფო არანაირად არ ერევა. თორემ გეტყვით ეგვიპტის მაგალითს, სადაც სახელმწიფო ჩაერია და ის, რაც ჩვენთან 15-20 000 დოლარი ღირს (ერთწლიანი სამკურნალო კურსი) ეგვიპტეში 2 000 დოლარად შეგიძლია მიიღო“, - ამბობს კოსტანტინე მხეიძე.

ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს“ ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი მარი ჩოხელი აცხადებს, რომ გამოსავალი ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდაა. თუკი სახელმწიფო თავად იტვირთებს დაავადებულთა თუნდაც მცირე ნაწილის მკურნალობას, მას შეუძლია მედიკამენტების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადოს, რის შემდეგაც კომპანიები იძულებულნი იქნებიან წამლებზე ფასი დასწიონ:

„პირველ რიგში, სახელმწიფოს ვთავაზობთ იმას, რომ დაიწყოს ეტაპობრივად ამ საკითხზე ზრუნვა. დაიწყოს იმ პროგრამების შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს პრევენციის, დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის ყველა მიდგომას და საშუალებას; რომელიც გაითვალისწინებს ტენდერის ჩატარების პირობებს. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც „გლობალ ფონდმა“ ტენდერი ჩაატარა, ფასები განახევრდა“.

კომპანია „ჰოფმან ლა როშის“ წარმომადგენელი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ფასების პოლიტიკა სათავო ოფისის პრეროგატივაა. თუმცა მას დიდი იმედი აქვს, რომ პროექტები, რომლებიც ახლა დამუშავების სტადიაშია, საბოლოო ჯამში, დადებით შედეგს გამოიღებს. კერძოდ, რა პროექტებზეა საუბარი, გიორგი რამიშვილი არ აკონკრეტებს:

„თუკი მთავრობა გადაწყვეტს ამ ხალხის მკურნალობას, მათ სათავო ოფისი დაელაპარაკება და შესაძლებელი იქნება ისეთი პირობების მიწოდება, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“.

C ჰეპატიტის მკურნალობა ორი პრეპარატით – რიბავირინითა და პეგილირებული ინტერფერონით ხდება. 24-კვირიანი კურსის გავლა 6 000, 48-კვირიანის კი 12 000 აშშ დოლარი ჯდება. ბევრ ქვეყანაში დამატებით ასევე იყენებენ პრეპარატებს -ბოცეპრევირსა და ტელაპრევირს, რაც, თავის მხრივ, ხარჯსაც საგრძნობლად ზრდის, 50 000 ლარით.

დღეს C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა მხოლოდ აივ ინფიცირებულთათვის არის შესაძლებელი, ასევე უფასოდ მკურნალობს პატიმართა ერთი ნაწილი - 45 ადამიანი. მათ მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფომ მას შემდეგ მიიღო, რაც დაავადებულებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ კი, თავის მხრივ, სახელმწიფო დაავალდებულა ზომები მიეღო. ამ პატიმრებისთვის წამლების შესაძენად მაშინ ტენდერი გამოცხადდა, რამაც სახელმწიფოს საშუალება მისცა წამლები უფრო ნაკლებ ფასში შეეძინა. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯანდაცვის სამინისტროს სწორედ ამ პრაქტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, ანუ ისევ გამოცხადდეს ტენდერი და ეტაპობრივად დაიწყოს დაავადებულთა მკურნალობა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მზადდება პროექტები პატიმრებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის დასაფინანსებლად:

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის დავიწყეთ შემუშავება ფედერალური პროგრამის, რომელშიც გაწერილი იქნება, როგორ უნდა ჩაერთონ პაციენტები მკურნალობის პროცესში და რა ტიპის სერვისებს ვთავაზობთ. აქცენტი გაკეთდება როგორც პრევენციაზე, ასევე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისებზე. ეს პროგრამა ყველა ადამიანს თანასწორ პირობებში ჩააყენებს და ყველას ეცოდინება ამ კუთხით რა სერვისს უნდა მოელოდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში ხელისუფლების ჩარევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დაავადებულის მკურნალობა გახდება შესაძლებელი.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG