Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში


ამ რამდენიმე დღის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გახლდით პატიმართა შეწყალების კომისიის სხდომაზე.

რაკი წინა სხდომებიც აქ ტარდებოდა, ჩვეულებისამებრ, თხლად შევიმოსე, რადგან ტრავმულად მახსოვდა, როგორ დამცხა უკანასკნელ თათბირზე.

თუმცა ამჯერად მწარედ შევცდი - რეზიდენციაში ყინავდა!

რადიატორები უმდაბლეს ნიშნულამდე დაეწიათ, ხოლო სასადილოში ჭეშმარიტად ეგზისტენციალური ოთხმოცდაათიანი წლები დაგვიხვდა: მხოლოდ წყალი, წიწიბურა, ლიბიო და ურძეო და უკარაქო ნამცხვარი "სიგუა"!

თვით მშვენიერი მანანა მანჯგალაძეც კი პლედმოხურული შეექცეოდა "ტყვილ სუპს".

მეორე სართულიდან დრო და დრო ისტერიულ-აგრესიული ცემინების ხმა ჩაგვესმოდა და მავანთა აზრით, ასე მხოლოდ პრეზიდენტი თუ დააცემინებდა... წყენით, ჯინიანად და რაღაცნაირად ამორალურად!

"კიდევ კარგი, ეს ცემინება მაინც გვესმის, თორემ თავს მოვიკლავდით პესიმისმისა და უპერსპექტიობის განცდისგან", გამომიტყდა ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ხოლო გაყინულმა ირმა ნადირაშვილმა, რომელსაც გადაჭრილი შალის ხელთათამანები ჩამოეცვა ხელებზე, წიწიბურას მარილივით მოაყარა დაფხშვნილი ვიტამინ-C და მკაცრად შეუძახა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელს:

- გაიზომოს სიცხე, ნერვებს ნუ მიშლის!

ყველაზე დიდი შოკი საპირფარეშოში მელოდა. ფეხსალაგის ოდესღაც მბზინავ სარკეზე წითელი პომადით მიეწერა ვიღაცას: "აქ იყო დელისის მანიაკი".

აქვე ვნახე გეპეის ფიზიკოსთა მიერ დამონტაჟებული "ატმორიც".

- ქართული პროდუქციიდან მარტო ეს დაგვრჩა, - გამომიტყდა პრეზიდენტის დაცვის უფროსი, - აღარც ტანკი "ლაზიკა", აღარც შუშის მაკეტები... ტანჯვით ვაბანავებთ - წუთში ერთხელ გვირტყამს დენს, თუმცა პრეზიდენტი ვერ გრძნობს... და თუ გრძნობს, სიამოვნებს კიდეც.

კიდევ კარგი, პლედეული ჩამოგვირიგეს კომისიის წევრებს, თუმცა რა დასამალია, თვლემა მაინც მოგვერია - დეპუტატ მარსაგიშვილს, მაგალითად, ზუსტად ისევე ეძინებოდა, როგორც ლეონარდო დი კაპრიოს "ტიტანიკის" ბოლო ეპიზოდში...

ქალბატონი ელენე თევდორაძის გამამხნევებელი შეძახილები რომ არა, ალბათ, იქვე შევეყინებოდით ავლაბარს:

- აბა, ადგილზე იარ... რუკი შირე, ნინაჩკა... მეორე ჟემპერი უნდა ჩაგეცვათ, ბატონო... რა ქვია... შემდეგში რეიტუზებით მოხვალთ, ვსო!
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG