ბრიტანული რადიოს Jazz FM-ის მსმენელებმა წლის საუკეთესო მუსიკოსები და ჯგუფები გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია პირველად 2013 წელს გაიმართა და სამი ჟანრობრივი კატეგორია მოიცვა: ბლუზი, ჯაზი და სოული. 10 ივნისს კი პრემიები გაიცა 11 კატეგორიაში: „საუკეთესო ალბომი და კონცერტი“, „წლის აღმოჩენა“, „ჯაზური ინოვაცია“ და სხვა. დღევანდელ სიუჟეტშიც რამდენიმე გამარჯვებულზე მოგახსენებთ.
ბლუზის სფეროში „წლის საუკეთესო არტისტად“ ნიუ-ორლეანელი მალკოლმ ჯონ რებენეკი დასახელდა. მას მსმენელი იცნობს სასცენო ფსევდონიმით: „დოქტორ ჯონ“. ბრიტანელებმა 75 წლის არტისტი ბოლო სტუდიური ალბომისათვის გამოარჩიეს, რომელსაც „Ske-Dat-De-Dat: Spirit Of Satch“ ჰქვია. მუსიკოსმა არც ამჯერად აქცია ზურგი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებულ საშემსრულებლო ხელწერას და ე. წ. „ვუდუ ბლუზი“ ფანკური ელემენტებით გააჯერა. საინტერესოა ისიც, რომ დისკზე შესული მასალა ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც არიან: ბონი რეიტი, ენტონი ჰამილტონი, ვოკალური კოლექტივი „Blind Boys Of Alabama“ და მრავალი სხვა. კომპოზიცია „Tight Like That“ კი, ესპანურენოვანი ვოკალითა და ლეგენდარული კუბელი მესაყვირის არტურო სანდოვალის ულამაზესი იმპროვიზაციული მეტყველებით გამოირჩევა.
მსმენელებმა „წლის სენსაციად“ მონათლეს პიანისტი ბილ ლოურენსი. მან კლასიკური განათლება მიიღო, ხოლო პროფესიონალ მუსიკოსად 14 წლის ასაკში ჩამოყალიბდა. სხვადასხვა წლებში დევიდ ქროსბის, სალიფ კეიტასა და ბობი მაკფერინს უწევდა საფორტეპიანო აკომპანირებას, მოგვიანებით კი ბრუკლინური ფიუჟენ-ბენდის „Snarky Puppy“-ს წევრი გახდა. სადებიუტო დისკი „Flint“ 2014 წელს გამოიცა და iTunes-ის ჯაზურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მსმენელის მოწონება პიანისტის მეორე ალბომმაც დაიმსახურა. კრიტიკოსების თქმით, „Swift“ ექსპერიმენტული ალბომია, სადაც ბილ ლოურენსი, ევროპული კლასიკისა და ამერიკული ჯაზის სინთეზის გარდა, ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ტენდენციების ინტეგრაციას ახდენს.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, „წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად“ ბრიტანელი ავანგარდისტი საქსოფონისტი და კომპოზიტორი შაბაკა ჰაჩინგსი დასახელდა, „საუკეთესო ვოკალისტის“ წოდება ახალგაზრდა ლონდონელ მომღერალს ზარა მაკფარლეინს ერგო, ხოლო მსოფლიო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სამხრეთაფრიკელი ლეგენდა ჰიუ მასაკელა დაჯილდოვდა.
დაბოლოს, ახალგაზრდა ამერიკელ პიანისტზე ჯეისონ მორანზე მოგახსენებთ, რომელმაც კატეგორიაში „წლის ჯაზური ინოვაცია“ გაიმარჯვა. მას, საკუთარი საშემსრულებლო თუ საკომპოზიტორო ხელწერის გამო, თანამედროვე სცენის პროვოკატორად მოიხსენიებენ. არტისტის დებიუტი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შედგა. პირველ ეტაპზე ხმის ჩამწერ სტუდია Blue Note Records-ში მუშაობდა, სადაც კლასიკური ჯაზური სტანდარტების იმპროვიზაციებს ასრულებდა და სხვადასხვა ფესტივალში, თეატრალურ, ქორეოგრაფიულ თუ საგამოფენო პროექტებში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით ჯეისონ მორანის შემოქმედებითი დიაპაზონი უფრო მრავალფეროვანი გახდა. საკომპოზიტორო ტექნიკა უცნაურ ტემბრულ-კოლორისტიკულ ჟღერადობაზე დააფუძნა, ფორტეპიანოზე დაკვრა არატრადიციული ხერხებით, ე. წ. ბგერითი ლაქებისა და კლასტერების გამოყენებით დაიწყო.
საინტერესოა ჯეისონ მორანის რეპერტუარის ის ნაწილიც, რომელიც თელონიუს მონკის ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი. როგორც თავად ამბობს, ლეგენდარული პიანისტის თხზულებებს ე. წ. სიმულტანური მეთოდით ისმენს და საკუთარ იმპროვიზაციებში მონკის რამდენიმე თემის სინთეზს ახდენს.