Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძმობილებული ქალაქები ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობის გამო რუსეთს ბოიკოტს უცხადებენ


მილიცია აკავებს რუს LGBT აქტივსტს მოსკოვში
მილიცია აკავებს რუს LGBT აქტივსტს მოსკოვში

ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი დღემდე მოსკოვთან დაძმობილებული ქალაქი იყო. ახლა ის აპირებს გაწყვიტოს ასეთი კავშირი რუსეთის დედაქალაქთან, ამ ქვეყანაში ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობის, არასრულწლოვანებს შორის ჰომოსექსუალიზმის „პროპაგანდის“ აკრძალვის გამო. ევროპის სხვა ქალაქებმა უკვე გაწყვიტეს კულტურული კავშირები პეტერბურგთან იმავე კანონის შემოღების საპასუხოდ.

რეიკიავიკსა და მოსკოვს შორის კულტურული გაცვლები მალე წარსულს ჩაბარდება. რუსეთში მიღებული კანონი არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ სადავო კანონია და მიიჩნევა, რომ ის რუსეთის ჰომოსექსუალების წინააღმდეგ არის მიმართული. თუ რეიკიავიკის მერის ინიციატივა, გაწყდეს კავშირი მოსკოვთან, გავიდა, რეიკიავიკი შეუერთდება ქალაქთა იმ ჯგუფს, რომლებმაც ანალოგიური მიზეზით ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთს. მერმა, იონ გნარმა, ჩვენს რადიოს განუმარტა, რომ რეიკიავიკი თავისუფალი, ადამიანის უფლებების დამცველი და თანასწორობის ქალაქია: რუსეთში, ჩანს, ჩაგვრისა და დაშინების გზას ადგანან. იქ, ეტყობა, ქალები და სექსუალური უმცირესობები მეორე კლასის საზოგადოებად ითვლებიან. ცხადია, ჩვენ განსხვავებული გზით მივდივართო. გნარი ჰომოსექსუალთა უფლებების ძველი დამცველია. მან მოუწოდა სხვა ქალაქებსაც, გადახედონ რუსეთთან ურთიერთობებს და ამ ქვეყანაში

ასეთი კონკრეტული ნაბიჯები, ცხადია, პუტინის საშინაო პოლიტიკაზე ვერ იმოქმედებს. სოციალურ-კულტურულ კონკურენციას ჩვენი ლიდერები აინუნშიც არ აგდებენ. ისინი აღელდებიან ხოლმე, როცა საქმე ეკონომიკურ კონკურენციას ეხება...
ვიტალი მილონოვი

არსებული ჰომოფობიის მიმართ პოზიცია დაიკავონ. რუსეთის კანონით, რომელსაც ივნისში მოაწერა ხელი პრეზიდენტმა, ერთ მილიონ რუბლამდე, ანუ 30 ათას დოლარამდე, ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ თუ ტრანსგენდერულ „პროპაგანდას“ მიჰყოფს ხელს არასრულწლოვანებს შორის. ეს კანონი, ფაქტობრივად, კრძალავს გეი აღლუმებს. რეიკიავიკის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ ბიარნი ბრინიოლფსონმა გვითხრა, რომ საბჭომ უკვე შექმნა კანონპროექტი, ქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე:

„ახლა ქალაქის პროკურორი და რეიკიავიკის ადამიანის უფლებათა უწყება წინადადებას ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განიხილავენ“.

ისლანდია ცნობილია სექსუალურ უმცირესობათა მიმართ თანამედროვე დამოკიდებულებით. იქ 2010 წლის შემდეგ ერთი სქესის პირებს ქორწინების უფლება მიეცათ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოჰანა სიგურდარდოტირი 2009 წელს პირველი ჰომოსექსუალი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომლის სექსუალური ორიენტაცია ცნობილი იყო. რაც შეეხება ქალაქის მერს, გნარს, ის ჰეტეროსექსუალია, რომლიც თავგამოდებით უცხადებს სოლიდარობას ჰომოსექსუალებს და, როგორც კომედიანტი, იოლად ახერხებს შესაბამის კოსტიუმებშიც გამოეწყოს სხვადასხვა ზეიმის დროს. ისლანდია, როგორც ითქვა, არ არის გამონაკლისი რუსეთის მიმართ ბოიკოტის გამოცხადების საქმეში. ამავე გზას დაადგნენ იტალიის ქალაქები ვენეცია, მილანი და ტურინი, რომლებმაც პეტერბურგთან კულტურული პროგრამები გააუქმეს. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ხალხმა საგანგებო პეტიცია შეადგინა და ათი ათასი კაცის ხელმოწერით მთავრობაში წარადგინა პეტერბურგთან ურთიერთობების შეჩერების მიზნით. თუმცა ქალაქის საბჭო არ აჰყვა მოთხოვნას და პეტერბურგის მერს მოქალაქეთა შეშფოთების გამომხატველი წერილი გაუგზავნა. პეტერბურგთან დაძმობილებულ ქალაქ ლოს ანჯელესშიც გაისმა ანალოგიური მოწოდებები. რუსეთში ბევრი არ ფიქრობს, რომ ასეთი ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც ამ საქმეში ქვეყნის ეკლესია უდგას გვერდში, პოზიციას და ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებელებას შეაცვლევინებს. პეტერბურგელმა იურისტმა ვიტალი მილონოვმა, რომელიც ამ კანონის მამოძრავებელი ძალა იყო და რომელსაც მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალები უნდა გაირიყნენ, განაცხადა, ევროპელი მოხელეები, რომლებიც რუსეთის ამ კანონს აკრიტიკებენ, „თვითონ არიან ჰომოსექსუალთა ლობის წევრებიო“. დმიტრი ორეშკინმა, რომელიც პრეზიდენტის ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს წევრი იყო, თქვა:

„ასეთი კონკრეტული ნაბიჯები, ცხადია, პუტინის საშინაო პოლიტიკაზე ვერ იმოქმედებს. სოციალურ-კულტურულ კონკურენციას ჩვენი ლიდერები აინუნშიც არ აგდებენ. ისინი აღელდებიან ხოლმე, როცა საქმე ეკონომიკურ კონკურენციას ეხება. ზოგიერთი ქალაქის მიერ დაძმობილებული ქალაქის სტატუსზე უარის თქმა ახლა პუტინის სახელმწიფო მანქანას პირდაპირ ზიანს ვერ მოაყენებს, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში - კი, ერთი ფაქტორის გამო: ის აუარესებს ცხოვრების ხარისხს რუსეთში“.

გვსურს გამოვთქვათ უთანხმოება რუსეთის კანონის მიმართ, რადგან, ცხადია, ის ადამიანის უფლებებს ეწინაააღმდეგება. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, რუსეთმა ვალდებულება იკისრა არ დაუშვას ადამიანების დისკრიმინაცია...
ანდრეას გაიზელი


რას მოიტანს ასეთი ნაბიჯები, გამოჩნდება, მაგრამ, წარმატება-წარუმატებლობის მიუხედავად, ევროპელი პოლიტიკოსები, ამ კამპანიის ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის დროს თავიანთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იწყებენ ფიქრს. ბერლინის ერთ-ერთი რაიონის - ლიხტენბერგის - თავკაცმა, ანდრეას გაიზელმა, კალინინგრადში ვიზიტი გააუქმა. ლიხტენბერგი კალინინგრადის პარტნიორია. გაიზელმა, რომელიც მიწვეული იყო ქალაქის ზეიმზე, სტუმრობაზე უარი თქვა, როცა რაიონის საბჭოდან შეატყობინეს, რომ ლიხტენბერგის მოსახლეობის ნაწილი შეშფოთებას გამოხატავდა ლესბოსელებისა და გეების ბედის გამო კალინინგრადში:

„საქმე მხოლოდ რუსეთში გერმანელი ტურისტების ჩასვლას არ ეხება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჰომოსექსუალებს ჩვენს დაძმობილებულ ქალაქ კალინინგრადში. გვსურს გამოვთქვათ უთანხმოება რუსეთის კანონის მიმართ, რადგან, ცხადია, ის ადამიანის უფლებებს ეწინაააღმდეგება. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, რუსეთმა ვალდებულება იკისრა არ დაუშვას ადამიანების დისკრიმინაცია მათი პოლიტიკური შეხედულებების, რასის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით“.

გაიზელმა შეისმინა საბჭოს აზრი და კალინინგრადელ კოლეგას გაუგზავნა შესაბამისი წერილი, სადაც რუსეთში სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა ბედის გამო შეშფოთება გამოხატა. მსგავსი წერილით მიმართა მოსკოვის მერს, სერგეი საბიანინს, რეიკიავიკის მერმა, გნარმა. ორივე წერილი უპასუხოდ დარჩა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG