Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსექტორის ახალი სტატისტიკური მონაცემები


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბიზნესსექტორის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალურად დეკლალირებული მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13,0 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის გამოშვებამ 6,8 მლრდ. ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწარმოთა ბრუნვა 7,2 პროცენტით არის გაზრდილი. საქმიანობის მიხედვით თუ გადავხედავთ, ყველაზე შესამჩნევი ზრდა არის თევზჭერა, მეთევზეობის დარგში 37,1 პროცენტი, სამთომომპოვებელ მრეწველობაში (21,9 პროცენტი) მშენებლობასა (18 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (19,4 პროცენტი).

საქმიანობის მიხედვით, მთლიან ბრუნვაში 51,4 პროცენტი უკავია ვაჭრობას - ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტს, დამამუშავებელ მრეწველობას - 13,1 პროცენტი, ტრანსპორტს და კავშირგაბმულობას - 10.9 პროცენტი, მშენებლობას 8.8 პროცენტი. საქმიანობის მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს დამამუშავებელი მრეწველობა 25 პროცენტით, მშენებლობა 17 პროცენტით, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 14 პროცენტით. როგორც მთლიან ბრუნვაში, ისე გამოშვებული პროდუქციის მიხედვით, რეგიონულ ჭრილში ლიდერობს თბილისი, სწორედ დედაქალაქში არის კონცენტრირებული ბიზნესსექტორის ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (6,1 პროცენტი) და იმერეთი (4,1 პროცენტი).

რაც შეეხება ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, 2014 წლის ბოლო კვარტლისთვის, მათი რაოდენობა 534,952 ადამიანით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1 პროცენტიანი ზრდაა. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა გარკვეულწილად იმ სექტორებში მოხდა სადაც აღინიშნება პროდუქციის გამოშვების და ბრუნვის ზრდა. კერძოდ, გაზრდილია მეთევზეობის, მშენებლობის სფეროებში დასაქმებულთა რიცხვი. მცირედით შემცირებულია სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელ და სამთომომპოვებელ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

ბიზნესსექტორის აქტივობის, ბრუნვის და გამოშვებული პროდუქციის მსგავსად, დასაქმებულთა 65,1 პროცენტი თბილისშია დასაქმებული, აჭარაში დასაქმებულია 8,8 პროცენტი, იმერეთში 7 პროცენტი, ქვემო ქართლი (5,7 პროცენტი), სამეგრელო ზემო სვანეთი - 4,4 პროცენტი. ბიზნესსექტორის საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 980,5 ლარი.

ბიზნესსექტორის ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვანია აქტივობის თანაბარი განაწილება რეგიონებს შორის. ამ ეტაპზე, რეგიონებში არსებული სხვადასხვა პრობლემის, კერძოდ, ინფრასტრუქტურული ჩამორჩენის და რესურსების ნაკლებობის გამო ეკონომიკური აქტივობა დედაქალაქშია კონცენტრირებული.

XS
SM
MD
LG