მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების რეიტინგის 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის კვლავ 24-ე ადგილს იკავებს.
2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე-15 ადგილს იკავებდა, თუმცა შემდგომ გამოქვეყნდა ანგარიშის განახლებული ვერსია, სადაც საქართველოს პოზიციამ 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ, 2013 წლიდან მოყოლებული, მეთოდოლოგია იცვლებოდა და ემატებოდა ბიზნესგარემოს შეფასების ინდიკატორები. კერძოდ, ამჟამად შეფასებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ბიზნეს რეგულაციების რაოდენობას და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, არამედ რეგულაციების ხარისხსაც - კერძოდ, სამშენებლო ნებართვების მიღებას, ელექტროენერგიის მიყვანას ობიექტამდე, ქონების რეგისტრაციასა და კონტრაქტების გაფორმებას. მიმდინარე წელს მეთოდოლოგიის რეფორმირების ბოლო წელია და, შესაბამისად, ამ წლის ანგარიშის მონაცემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წინსვლა ყველა ინდიკატორის მიმართულებით საქართველოს ჰქონდა. ამის მიუხედავად, საქართველო ნაკლებად წარმატებულად შეფასდა ახალ ინდიკატორებში - განსაკუთრებით ეს ეხება მინორიტარ ინვესტორთა (მცირე წილის მქონე ინვესტორები) ინტერესების დაცვას.
ანგარიშში მოცემულია 2014-2015 წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მაგალითები. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებიც მსოფლიო ბანკმა გამოყო, შემდეგია: სამშენებლო ნებართვის მიღების ვადა 10 დღიდან 5 დღემდე შემცირდა, ბიზნესდავების შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლო მასალების ელექტრონულად წარდგენა.
ამასთან, ბიზნესის დაწყების კუთხით, 2016 წლის მაჩვენებლით პოზიცია გაუარესდა ორი პუნქტით - საქართველომ მეოთხე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. 8 პუნქტით გაუმჯობესდა ელექტროენერგიის ობიექტამდე მიყვანის ინდიკატორი, თუმცა რეიტინგში მაინც ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და 62-ე ადგილს ვიკავებთ. 78-ე ადგილზეა საქართველო საზღვრებშორის ვაჭრობის მაჩვენებლით, 101-ე ადგილზე კი - ბიზნესის ლიკვიდაციის სიმარტივით.
გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
"იქედან გამომდინარე, რომ გარდა რაოდენობრივისა, მსოფლიო ბანკმა დაამატა ხარისხობრივი მაჩვენებელი - მაგალითად, მშენებლობის ნებართვის ნაწილში მათ დაამატეს მაჩვენებელი, რომელსაც ჰქვია მშენებლობის ხარისხის კონტროლი და რომელიც, მოგეხსენებათ, რომ აქამდე რეიტინგებში არ იყო და მოხდა შესაბამისი გადათვლა; ასევე იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ უძრავი ქონების ნაწილზე, დაემატა ქვეყნის კადასტრით დაფარვა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ესეც არის ხარისხობრივი მაჩვენებელი... თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიმართულებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი წინსვლა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იმისთვის, რომ საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს წარმატებული რეფორმატორისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსი, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის შეფასების მეთოდოლოგიის შესწავლა და შეფასების ინდიკატორების მიმართულებით რეფორმების გატარება.