Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

როგორც მანანა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, ბრძანებულება მხოლოდ ნაწილია ტექნიკური პროცედურისა და იგი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა.

ხსენებული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლების შესაბამისი პუნქტების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ერთი წლის წინ იმავე სააკაშვილის ბრძანებით ჩამოერთვა.

2011 წლის ოქტომბერში მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმ მოტივით, რომ 2004 წელს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, 2010 წელს, მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ის "ქართული ოცნების" ლიდერის ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირდებოდა. ივანიშვილი ფლობდა რუსეთის მოქალაქეობასაც, რომელზეც უარი თქვა 2011 წლის დეკემბერში.
XS
SM
MD
LG